„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.049
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №897
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სამინისტროს კვარტალური (3 თვე, 6 თვე და 9 თვე) და წლიური ანგარიშების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;“.
2. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 29. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველო
საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;
ბ) მხარჯავ დაწესებულებებთან და სამინისტროს ქვედანაყოფებთან ერთად ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება და საშუალოვადიანი საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით წინადადებების, ანალიზური მასალებისა და საპროგნოზო გაანგარიშების მომზადება;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ეკონომიკური პრიორიტეტების მიხედვით საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა;
დ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
ე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების კადრებისა და ხარჯების ზღვრული მოცულობების დოკუმენტის პროექტის მომზადება;
ვ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შემუშავება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება, მეთოდურ მითითებებთან ერთად;
ზ) წლიური სახელმწიფო საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების მომზადება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად;
თ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის განწერის ფორმირება და ამ მიზნით ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემუშავება, შემდგომი სრულყოფა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მომზადება;
ლ) მხარჯავი დაწესებულებებისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან), სახელმწიფო საგარეო ვალის რეესტრის მწარმოებლისაგან, ბიუჯეტის შემოსავლების დაგეგმვისა და გრანტების აღრიცხვასთან დაკავშირებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სტრუქტურული ერთეულებისაგან) საჭირო ინფორმაციის მიღება, დამუშავება, ანალიზი და ბიუჯეტის ფორმირება;
მ) მიღებული მონაცემების საფუძველზე პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) მიმოხილვისა და სფეროების მიხედვით ნაერთი ანალიტიკური მასალების მომზადება;
ნ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მომზადება, ამ მიზნით სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;
ო) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;
პ) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დანერგვის მიზნით მეთოდოლოგიური მითითებების შემუშავება;
ჟ) საბიუჯეტო სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
რ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მოსამსახურეებისათვის შესაბამისი სემინარების ჩატარება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
ს) საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის მიზნით საკანონმდებლო ბაზის სისტემატური ანალიზი;
ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
უ) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ნებაყოფლობით აღსრულების ფინანსური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადების მომზადება;
ფ) ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა;
ქ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.“.
3. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის შესაბამისი მონაცემების შეგროვება;
ბ) ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემები) მიღება და დამუშავება;
გ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების შესახებ წინადადებათა მომზადება;
დ) წლიურ საბიუჯეტო კანონში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) წლიურ საბიუჯეტო კანონით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, კვარტალური განწერის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მინისტრის ბრძანების მიხედვით დამტკიცებული დოკუმენტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის მიწოდება;
ვ) დადგენილი წესის თანახმად მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების მთლიანი ოდენობიდან თანხების ერთ ან მეტ ასიგნებაზე გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა და დამტკიცება;
თ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადება.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი