“სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზE" საქართველოს მიუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
170.040.000.22.027.014.098
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.014.098

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №7

2010 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 22 დეკემბრის №2359 ბრძანებით (სსმ III, 27.12.2005 წ., №150, მუხ. 1666) დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-15 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„6. დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით.“;

ბ) 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;      

გ) 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 48. ფაქტების დამოწმება

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს ფაქტები.

2. ნოტარიუსი ფაქტების ნამდვილობას ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს (ამ ინსტრუქციის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით). ნოტარიუსი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.

3. ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას ფაქტის დამოწმებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობის ნორმებს, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისებისა (იურიდიული პირების ორგანოების სხდომებისა და/ან კრების ოქმების შედგენა და დამოწმება ნოტარიუსის მიერ) და იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტი უკვე დამდგარია (მაგალითად, ვებგვერდზე განთავსებული ამა თუ იმ ინფორმაციის/სტატიის, ფოტოს, ან სხვა მსგავსი მასალის არსებობის ფაქტი).“;

დ) ინსტრუქციას დაემატოს 481 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 481. განცხადებების დამოწმება

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს პირის განცხადებები.

2. ნოტარიუსი განცხადების დამოწმებისას ადასტურებს, რომ განცხადება და/ან ხელმოწერა მასზე უშუალოდ განმცხადებელს ეკუთვნის. ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მათზე.

3. პირის სურვილის შემთხვევაში დასაშვებია მისი ხელმოწერის დამოწმება არასახელმწიფო ენაზე შედგენილი განცხადების ტექსტზე, მიუხედავად იმისა, ფლობს თუ არა ნოტარიუსი ან/და განმცხადებელი ენას, რომელზეც შესრულებულია განცხადების ტექსტი. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელმა ნოტარიუსს უნდა დაუდასტუროს, რომ მისთვის ცნობილია განცხადების შინაარსი და რომ იგი შეესაბამება მის ნებას. ნოტარიუსი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს თავის დამადასტურებელ წარწერაში.

4. ნოტარიუსი ამოწმებს პირის განცხადებას, რომელიც მიღებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა განმცხადებლის და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. მხარის ნაცვლად და მისი თხოვნით, განცხადებას ხელს აწერს სხვა პირი, ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, ხელმომწერი პირის გარდა, სავალდებულოა დამატებით მოწმის დასწრებაც, რომელიც ხელს აწერს სანოტარო აქტს.“;

ე) 53-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, როდესაც ნოტარიუსთან წარდგენილ იქნება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრების (სხდომის) ოქმი, ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერის ნამდვილობას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.“;

ვ) 53-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაესწროს სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მმართველი ორგანოების კრებებს (სხდომებს), რომლებიც ტარდება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და შეადგინოს კრების ოქმი იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა კრებაში გადამწყვეტი ხმის უფლებით მონაწილე ყველა პირის და ნოტარიუსის ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია) და კრებაში მონაწილეთა პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოს, რომ სხდომა ჩატარებულია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე და მოწმე, რომელიც სრულად უნდა დაესწროს სხდომას.“;

ზ) ინსტრუქციას დაემატოს 531 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 531. აუქციონის ოქმის დამოწმება

1. სპეციალური სავაჭრო დაწესებულების ან სპეციალისტის მოთხოვნით ნოტარიუსი უფლებამოსილია დაესწროს აუქციონს და შეადგინოს ოქმი აუქციონის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

2. აუქციონის ოქმს ხელს აწერს აუქციონატორი (სპეციალისტი) და ნოტარიუსი. დასაშვებია ოქმზე აუქციონში მონაწილე სხვა პირთა ხელმოწერაც.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი