„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი შესაბამის ბეჭდვით ორგანოში; ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების შესატანად ეძლევათ ორკვირიანი ვადა შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.“.
2. 129-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების, საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფის, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლის უზრუნველყოფის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.
3. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 130. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები
1. საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. საჯარო სამსახურის ბიურო:
ა) შეისწავლის და აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ მდგომარეობას, შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს მოხსენებას;
ბ) კოორდინაციასა და მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს;
გ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახურების მუშაობას;
დ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებას და თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 12 ივნისი.
№1178–რს