„საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1683
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.001.003.623
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 12/10/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსური ინსტიტუტები უფლებამოსილი არიან, განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ორგანოების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე განახორციელონ სათანადო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ ბანკს უგზავნის შეტყობინებას საქართველოში საქმიანობის დაწყების შესახებ. ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოში საქმიანობის დაწყების სხვა რეჟიმი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით რეგულირებადი მონაწილეების მიმართ შეიძლება დადგინდეს გამარტივებული მოთხოვნები, სალიცენზიო პირობები და შეიზღუდოს საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები ზედამხედველობასთან დაკავშირებით, გარდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით განხორციელებული ზედამხედველობისა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საერთაშორისო ფინანსური კომპანიები საქართველოს ეროვნული ბანკის შემოწმებას ექვემდებარებიან მხოლოდ:

ა) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის შემოწმების მიზნით;

ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის შესრულების შესამოწმებლად.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის  1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1683–IIს