„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2111
სარეგისტრაციო კოდი
330.090.000.05.001.003.743
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 07/12/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 72) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია (შემდგომში – მთავარი არქმშენინსპექცია), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;“.

2. 31 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარ არქმშენინსპექციას ხელმძღვანელობს მთავარი არქმშენინსპექციის უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. მთავარი არქმშენინსპექციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, რომლებსაც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მთავარი არქმშენინსპექციის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების მეშვეობით.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უფლებამოსილი ორგანოების საქმიანობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული დებულებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 20 ნოემბერი.

№2111–IIს