1. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.

2. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ავტორს. მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისთვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისთვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ მხარეები ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება აღნიშნული დარღვევის ჩადენის ფაქტი. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

3. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

4. ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:

ა) სათანადო რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის 729 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობის პირს;

ბ) წარმოდგენილი საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუ ამ მასალების განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

5. თუ მოსამართლესთან კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

6. მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ნებისმიერი სხვა პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე სათანადო რეაგირებისთვის ამ კანონის 729 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის პირისთვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

7. თუ მოსამართლესთან ამ კანონის 721 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოდგენილი საქმის მასალების განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.

საქართველოს 2018 წლის 21

ივლისის ორგანული
კანონი №3262
–
ვებგვერდი, 10,08,2018წ.

საქართველოს 2018 წლის 30
ნოემბრის ორგანული
კანონი №3796
–
ვებგვერდი, 13.12.2018წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025