„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2350
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.001.003.816
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 28/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

 მუხლი 1

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალსუბიექტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატარონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ სააგენტოსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.“.

3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სააგენტო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

„თავი II1

მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური

    მუხლი 111. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დაწესება და მისი განაკვეთები

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

2. სააგენტოს მიერ განხორციელებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის საფასური წესდება და მისი განაკვეთები განისაზღვრება ამ კანონით.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი იხდის ამ კანონით განსაზღვრულ საფასურს.

4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია მომსახურება გაწეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში.

5. სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში დაინტერესებული პირი იხდის ასეთი მომსახურებისათვის განსაზღვრულ შესაბამის საფასურს.

    მუხლი 112. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებია:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციისათვის – 50 ლარი;

ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი.

    მუხლი 113. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი ვადები

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:

ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციისათვის – 20 სამუშაო დღე;

ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 20 სამუშაო დღე.

    მუხლი 114. სააგენტოს მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთები და მომსახურების ვადები

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციისათვის მომსახურების საფასური არის 100 ლარი.

2. ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის მომსახურების საფასური არის 150 ლარი.

    მუხლი 115. მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. მომსახურების საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

4. გადახდილი მომსახურების საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

    მუხლი 116. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ საფასურის განაკვეთს შორის.

2. გადახდილი მომსახურების საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) სააგენტომ მომსახურება არ გასწია ამ კანონით დადგენილ ვადაში.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.

4. გადახდილი მომსახურების საფასური ნაწილობრივ ან მთლიანად ბრუნდება საფასურის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთო-დეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    მუხლი 117. მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

ამ თავით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 თავი:

„თავი II2

პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

    მუხლი 118. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

6. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

     მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებამდე სამართალსუბიექტების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციასა და ექსპერტიზა-უტილიზაციაზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 15 დეკემბერი.

№2350–IIს