„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 19.11.2009, მუხ. 245) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქონების სარგებლობაში გადაცემა ხდება ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, კონკურსის ან აუქციონის საფუძველზე ან მათ გარეშე. ქონების სარგებლობაში გადაცემისას მიეთითება მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სახელმწიფო ორგანოსათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემა
სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიიღოს და ბალანსზე აიყვანოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც მას გადასცა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. სახელმწიფო ორგანოს მიერ ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ორგანოსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი“;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ ქონების მესაკუთრე ვერ დგინდება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.
8. ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-6 პუნქტების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა, შემოქმედებითი კავშირებისა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს თავის სარგებლობაში არსებული ქონების გადაცემის უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.“;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. საქართველოს მთავრობის თანხმობით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.“.
4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფიზიკური პირისათვის და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2792–Iს