„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№213
სარეგისტრაციო კოდი
110.050.020.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 18/04/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №213

2005 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის  №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მართლმსაჯულების განხორციელების ორგანიზაციული სრულყოფისა და მოსამართლეთა სპეციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13, მე-14, 151 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ.-ის კრებული №21, გვ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-60 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„60. თბილისის საქალაქო სასამართლოს შესახებ

ა) ლიკვიდირებულ იქნეს გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, კრწანისი-მთაწმინდისა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოები;

ბ) შეიქმნას თბილისის საქალაქო სასამართლო;

გ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;

დ) თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები:

დ.ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

დ.ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

დ.გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

ე) თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 50 მოსამართლით;

ვ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:

ვ.ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 18 მოსამართლით;

ვ.ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 15 მოსამართლით;

ვ.გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 17 მოსამართლით.“.

ბ) 61-ე, 62-ე, 63-ე და 64-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ (ვ. ცერცვაძე) 2005 წლის 5 მაისამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული თბილისის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაციის და მათი თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) თავისი კომპეტენციის შესაბამისად განახორციელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოს თბილისის რაიონული სასამართლოების ლიკვიდაციასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. თბილისის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების განხილვა 2005 წლის 5 მაისამდე წარიმართოს არსებული წესის შესაბამისად თბილისის რაიონულ სასამართლოებში, ხოლო 2005 წლის 5 მაისიდან სასამართლოში არსებული საქმეები გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინადადებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის შესაბამისი შენობის გამოყოფა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

5. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 5 მაისიდან.

6. ამ ბრძანებულების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი