„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №746 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №228
2005 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №746 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №746 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №24) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე2 და მე3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პრეზიდენტის სტიპენდია ან გრანტი შეიძლება მიენიჭოს 10-დან 26 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის წესით, შეიძლება განხილულ იქნეს სტიპენდიის მისანიჭებლად 7-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვების კონკურსში მონაწილეობის საკითხი.
3. პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭებისათვის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან იქმნება კომისია, რომელიც შედგება სფეროების მიხედვით შექმნილი დარგობრივი ქვეკომისიებისაგან, თითოეული არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. კომისიაში შედიან საქართველოს სამინისტროების, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი კავშირების წარმომადგენლები. სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დარგობრივი ქვეკომისია. დარგობრივი ქვეკომისიის გადაწყვეტილებას ამტკიცებს კომისია დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, რაც ფორმდება შესაბამისი ოქმით.“;
ბ) მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. კომისიის (ქვეკომისიების) რიცხობრივ და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
12. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის (ქვეკომისიების) პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები შეაქვს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს.
13. პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მისანიჭებლად განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების წარდგენის უფლება აქვთ სამინისტროებს, სამინისტროების მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, შემოქმედებით კავშირებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
14. კანდიდატურა შესაბამის დოკუმენტაციას (წარდგინება, არანაკლებ 3 რეკომენდაცია, მათ შორის, ერთი მმართველობის ადგილობრივი ორგანოდან, დაბადების მოწმობის ასლი, დიპლომები, სიგელები, ნაშრომები, საგაზეთო პუბლიკაციები, გრანტის მოთხოვნის შემთხვევაში _ მოთხოვნილი თანხის ხარჯვის გეგმა) წარადგენს კომისიის თავმჯდომარის სახელზე. განაცხადში უნდა იყოს მითითებული რაზეა წარდგენილი კანდიდატურა _ პრეზიდენტის სტიპენდიაზე თუ გრანტზე.
15. განაცხადების წარდგენის ვადას განსაზღვრავს და საჯაროდ აცხადებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“;
გ) მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. პრეზიდენტის სტიპენდიებისა და გრანტების თაობაზე განაცხადებს დარგობრივი ქვეკომისიები სფეროების შესაბამისად განიხილავენ კალენდარული წლის დადგომამდე და გადაწყვეტილებას იღებენ ღია კენჭისყრით.
18. დარგობრივი ქვეკომისიის სხდომა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების შესახებ, თუ სხდომას ესწრება დარგობრივი ქვეკომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი.“;
დ) 21-ე და 22-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. დარგობრივი ქვეკომისია პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება შესაბამისი ოქმით.
22. კომისიის მიერ დარგობრივი ქვეკომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტის სტიპენდიის ან გრანტის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტს ამზადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.“.
მ. სააკაშვილი