„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/524/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-14
ბიუროს ნომერი 362

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამაეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მის განვითარებაზე.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-61 და მე-62 პუნქტები: „61. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომლის შემადგენლობაში წევრთა არანაკლებ ¾-ს უნდა წარმოადგენდნენ სპორტული ორგანიზაციები. 62. საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და არ არის ნასამართლევი (ან ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული)“. მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებისას არსებულ იმ საქართველოს ეროვნულმა სპორტულმა ფედერაციამ, რომლის სამართლებრივი ფორმა არ შეესაბამება ამავე კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა განახორციელოს რეორგანიზაცია და ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე არჩეულ საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტს, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტისა, უნარჩუნდება უფლებამოსილება შესაბამისი ვადით. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი: გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების სამართლებრივი ფორმის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან. ამასთან, ვინაიდან დღეისათვის ეროვნული სპორტული ფედერაციები ძირითადად ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელია შეიქმნას სწორი მენეჯმენტისა და მართვის გარანტიები. შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება განპირობებულია იმათაც, რომ მოწინავე ეროვნული სპორტული ფედერაციების უმრავლესობას თავიანთ წესდებებში ასახული აქვთ აღნიშნული საკითხები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ეროვნული სპორტული ფედერაციებისათვის მეტი დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნა, მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ასევე, კანონში არსებული ცალკეული ნორმის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კანონმდებლობასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონის პროექტის შესაბამისად განისაზღვრა საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სამართლებრივი ფორმა, კერძოდ საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი კერძო სამართლის არასამაეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. შესაბამისად კანონში ხდება ტექნიკური კორექტირება და კანონიდან ამოდის ჩანაწერი (მე-4 პუნქტი), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციას როგორც იურიდიულ პირს. გარდა ამისა, კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანოს განსაზღვრებას, კერძოდ ეს ორგანოა ყრილობა, რომლის შემადგენლობაში წევრთა არანაკლებ ¾-ს უნდა წარმოადგენდნენ სპორტული ორგანიზაციები. ამასთან, კანონის პროექტით საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ დგინდება გარკვეული პირობები, ანუ კანონის პროექტის თანახმად საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და არ არის ნასამართლევი პირი. შესაბამისი ღონისძიებები განისაზღვრა კანონის პროექტის გარდამავალ დებულებებში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს ასეთი შედეგები არ ექნება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროეცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია 1. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანაში სპორტის შესაბამისი სახეობის განვითარებას. იგი თავის საქმიანობას წარმართავს ამ კანონის, საქართველოს კანონების,საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანო სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მის განვითარებაზე. 2. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სპორტის შესაბამის სახეობას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; იზიარებს ოლიმპიური მოძრაობის პრინციპებს. 3. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის სტატუსი ენიჭება იმ გაერთიანებას, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. 4. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია არის იურიდიული პირი. 5. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 6. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას და თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან ხელშეკრულების საფუძველზე. (01.07.2004 N 310) 7. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია სპორტის შესაბამის სახეობაში აკომპლექტებს ეროვნულ ნაკრებ გუნდს, წარადგენს მას საერთაშორისო ორგანიზაციებში და სპორტულ შეჯიბრებებზე; 8. საქართველოს ეროვნულ სპორტულ ფედერაციას უფლება აქვს ეწეოდეს საქმიანობას, რომელსაც არ კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა. ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლების და სხვა ორგანიზაციების დაფუძნებასა და ფუნქციონირებას.