„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.06.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე
ნომერი
#07-3/590/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) 30-ე მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე - ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, ყოველ სამეულში წარმოდგენილია ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „ქალთა მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს ქალთა კონვენციის (CEDAW), „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ გაეროს საერთაშორისო პაქტისა (ICCPR) და გაეროს #1325 რეზოლუციის სულისკვეთების გათვალისწინებით, აგრეთვე, გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის შესაბამისად, საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულებაა ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს-დღეობით კანონმდებლობა - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის 71 პუნქტი ითვალისწინებს პარტიებისთვის ფინანსურ წახალისებას პარტიულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების (ყოველ ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის სულ მცირე 30%-იანი წარმოდგენა) დაცვის შემთხვევაში, როგორც უმაღლეს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში ქალ წევრთა რაოდენობა მცირეა. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქციის არასათანადოდ ზუსტი ფორმულირება, რომელიც პოლიტიკურ პარტიას საშუალებას აძლევს საარჩევნო სიაში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესის სულ მცირე 30%-იანი წარმომადგენლობა უზრუნველყოს სიის ყოველ ათეულში ბოლო სამ-სამი ადგილის ზემოთქმული პრინციპის დაცვით დაკომპლექტების ხარჯზე და მიიღოს საბაზო დაფინანსებაზე დანამატი 30%-ის ოდენობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის შემუშავების მიზანია, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის 71 პუნქტის დაზუსტების კვალდაკვალ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის მასშტაბების ზრდისთვის დამატებითი გარანტიების შექმნა. ა.გ) კანონპროექტის არსი კანონპროექტით ზუსტდება პარტიის საბაზო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატის მიღების წესი. კერძოდ, პარტია 30 პროცენტიან დანამატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში წარმოდგენილი ეყოლება განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც, ნაცლად ზოგადად საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 30%-იანი გენდერული ბალანსის დაცვისა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან სხვა სახის კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მანანა კობახიძე, გუგული მაღრაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 30 (30.12.2008 N 963) 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით). (07.03.2014. N2095) 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან. (07.03.2014. N2095) 4. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: (7.08.2013 N 923) Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1)+(H), სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30-მდე პარლამენტის წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა; W – 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა; H – პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას. ამ ფორმულის მიზნებისთვის H=300 000 ლარს. 5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 300 000 ლარი. (7.08.2013 N 923) 6. თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა გაორმაგდება. (7.08.2013 N 923) 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L ტოლია ნულის, თუ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეწყდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M და L ასევე იცვლება (მცირდება ან იზრდება) შესაბამისი ოდენობით, თუ პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სამი თვის ვადაში დატოვეს პარტია ან შეუერთდნენ პარტიას, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას ამ კანონით დადგენილი წესით. 1 7 . პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ იმ არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე − ყველა პარტიულ სიაში), რომლის შედეგების საფუძველზედაც მიიღო დაფინანსება, კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 30%ით. (07.003.2014. N2097) (29.07.2013 N 900 ამოქმედდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე) 8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო ან უკანასკნელი ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგები გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით. 9. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის არჩევნებში ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა შესაბამის საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე. (07.03.2014. N2095) 10. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის. 11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით აცნობებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში.(22.06.2012 N 6551 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან) 12. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნების წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ თანხის გამოყენება შეიძლება რეკლამის განსათავსებლად მხოლოდ შესაბამისი საერთო არჩევნების დანიშვნის შემდეგ არჩევნების დღემდე, ხოლო განმეორებითი კენჭისყრის, არჩევნების მეორე ტურის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევებში − შესაბამისი კენჭისყრის დღემდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები. (07.03.2014. N2095)