„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.04.2017
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/58/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 47

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.03.2015 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010240060.05.001.017625). მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აწარმოე საქართველოში მიეცეს უფლება განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული კოდი 49 00 „სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო”, სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის შემდეგ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: თანამედროვე გლობალური ეკონომიკის პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის, ეკონომიკური ზრდისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ა. შ. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უმთავრესი პირობა მდგრადი და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების წახალისების სწორი სტრატეგიის შემუშავებას და ამ სტრატეგიის განმახორციელებელი ინსტიტუტის არსებობას. საქართველოში საინვესტიციო სააგენტო მრავალი წელია არსებობს და დიდი წვლილი შეიტანა ინვესტიციების მოზიდვის პროცესში. მიუხედავად ამისა, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია არსებული ინსტიტუტის რეფორმირება. ამჟამად მოქმედი საინვესტიციო სააგენტო ძირითადად ორიენტირებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული პირის სათანადო ინფორმაციითა და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით უზრუნველყოფაზე, საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს საინვესტიციო გარემოს ცნობადობის ამაღლებაზე, საქართველოში ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოზიდვის ხელშეწყობაზე, ა. შ. ამ ინსტიტუტის პარალელურად, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებს სსიპ - აწარმოე საქართველოში (ყოფილი მეწარმეობის განვითარების სააგენტო), რომლის ძირითადი ფუნქციებია ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ბიზნესის მარტივად წამოწყების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება და დამწყები და არსებული ბიზნესის გადახდისუნარიანობის ხანგრძლივად შენარჩუნება, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს და ქვეყნის ექსპორტის პოტენციალის წარმოსაჩენად მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ა. შ. რეალურად, აწარმოე საქართველოში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი ინვესტიციების წახალისების და მხარდაჭერის კუთხით. შესაბამისად, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის აწარმოე საქართველოში განსაზღვრით მივიღებთ ქმედით, ეფექტურ და მოქნილ ინსტიტუტს, რომელიც ერთი მხრივ მნიშვნელოვან ძალისხმევას დახარჯავს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და მეორე მხრივ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მეწარმეობის განვითარებას. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს კანონის ამოქმედებიდან 30 (კალენდარული) დღის ვადაში სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციას, მის უფლებამონაცვლედ კი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია იმ საკანონმდებლო აქტის გაუქმება, რომლითაც შექმნილია სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და განსაზღვრულია მისი ფუნქციები, ასევე სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ძალადაკარგულად ცხადდება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი. აგრეთვე, საქართველოს მთავრობას მიეცემა 30 დღიანი ვადა აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან, რათა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში ექნება (საკუთარ საბიუჯეტო კოდთან ერთად - 2407) უფლება განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული კოდი 49 00 „სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო”, სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის“ დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში“. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოეშვება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან, სსიპ აწარმოე საქართველოში უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციების შესრულებას და დასახული მიზნების განხორციელებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შრომითი რესურსის და შრომის ანაზღაურების შენარჩუნების პირობებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და ოდენობის განსაზღვრის პრინციპს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. საქართველოს მთავრობა.