ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (თ. ჩუგოშვილი, ს. ქაცარავა, ი. ფრუიძე, ზ. კვაჭანტირაძე, დ. ბაქრაძე, ე. ბესელია, ნ. გოგუაძე, დ. ცქიტიშვილი, გ. კანდელაკი, გ. მიქაძე) მივლინების ანგარიში (სტრასბურგი, საფრანგეთი. 24-28 აპრილი, 2017წ)

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
17.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#7939/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

წერილი
N 7939 17/05/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს, ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2017 წლის 24-28 აპრილს საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 5 ფურცელი პატივისცემით, თამარ ჩუგოშვილი მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინებული: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: 1. თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი; 2. სოფიო ქაცარავა; 3. ირინე ფრუიძე; 4. ზვიად კვაჭანტირაძე; 5. დავით ბაქრაძე; 6. ეკა ბესელია; 7. ნინო გოგუაძე; 8. დიმიტრი ცქიტიშვილი; 9. გიორგი კანდელაკი; 10. გელა მიქაძე; 11. ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი; 12. ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი. მივლინების მიზანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. მივლინების ადგილი: ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთი. მივლინების თარიღი: 2017 წლის 24-28 აპრილი. სესიის დღის წესრიგში შეტანილი საკითხებიდან მნიშვნელოვანი იყო თურქეთის რესპუბლიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება; ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში; მზარდი საშემოსავლო უთანასწორობა; 25 წელი წამების აკრძალვის ევროპული კომიტეტის შექმნიდან; ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენება და სხვა. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ ესპანეთის მეფე ფილიპე VI; ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - თორბიორნ იაგლანდი; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ნილს მუჟნიეკსი და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოანის კასულიდესი რომელმაც ევროპის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის საკითხები მიმოიხილა. კვირას, 23 აპრილს, დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის ბიუროს შეხვედრაში. ეს დეპუტატის პირველი მონაწილეობა იყო პოლიტიკური ჯგუფის ბიუროს მუშაობაში, რადგანაც ის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად იანვრის სესიაზე აირჩიეს. ორშაბათს, 24 აპრილს, სესიაზე დამტკიცებული იქნა ასამბლეის ზოგიერთი წევრის უფლებამოსილება და მოხდა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის არჩევა რუმინეთის დელეგაციიდან. ორშაბათს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური ჯგუფების და კომიტეტების მუშაობაში. ამავე დღეს თამარ ჩუგოშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქართველი მხატვრების ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის გამოფენა - „ისტორიის ფრაგმენტები“ - პასაჟები ვეფხისტყაოსნიდან. გამოფენის გახსნაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ტკბილეული. ევროპელ დეპუტატებს მთელი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ ქართველი მხატვრების ნამუშევრები. გამოფენა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს კულტურის ევროპული კონვენციის ხელმოწერიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა. დელეგაციის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე თავისუფალ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და წევრ ქვეყნებს იმ უაღრესად მნიშვნელოვანი ანგარიშის მომზადებისათვის, რომელიც კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. დეპუტატმა დაგმო რუსეთის აგრესორული პოლიტიკა და დარბაზში დამსწრეთ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით აგვარებს. 25 აპრილს, სესია თურქეთის დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის განხილვით დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ მომხსენებლებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრთა უმრავლესობას სერიოზული შენიშვნები ჰქონდათ თურქეთში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობასთან, თურქეთი პოსტმონიტორინგის დიალოგიდან ისევ მონიტორინგის პროცედურაზე დააბრუნეს. ქვეყანა 2004 წლიდან მონიტორინგის პროცედურას აღარ ექვემდებარებოდა. მიღებული რეზოლუციით კი თურქეთი მონიტორინგის პროცედურის ქვეშ მყოფი მე-10 ქვეყანა გახდა. თურქეთის მონიტორინგის მოხსენებას მომხსენებლები 2018 წლის სესიაზე მოამზადებენ და ასამბლეა შეაფასებს თუ რა პროგრესი განიცადა თურქეთმა 25 აპრილს მიღებული რეზოლუციის შემდეგ. დღის განმავლობაში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა განხორციელდა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, თორბიორნ იაგლანდს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, საქართველოსა და ევროპას შორის აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დელეგაციის ხელმძღვანელი ასევე შეხვდა ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა და მომზადებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. ვენეციის კომისიის მდივანმა დაადასტურა, რომ ცვლილებების პროექტის ის დებულებები, რომლებიც ეხება უზენაესი სასამართლოს დანიშვნის წესს და უშიშროების საბჭოს - შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. შეხვედრას თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინო გოგუაძე ესწრებოდა. დელეგაციის წევრი გიორგი კანდელაკი ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის პროგრესის ანგარიშის დებატებზე სიტყვით გამოვიდა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ბოლო, კონსოლიდირებულ ანგარიშის მნიშვნელობას. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ანგარიშში რუსეთი მოხსენებულია იმ ძალად, რომელიც ფაქტობრივ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გიორგი კანდელაკმა ასამბლეის მონაწილეებს შეახსენა, რომ ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები ცალსახად მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას გაიყვანოს სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გამოასწოროს ეთნიკური წმენდით გამოწვეული შედეგები. სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე სამშაბათს სხვადასხვა ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ გაცნობითი და საქმიანი შეხვედრები გამართეს შვეიცარიის, ხორვატიის, აზერბაიჯანის, ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციების წევრებთან. საუბრის თემები საქართველოს პოსტმონიტორინგის დიალოგზე გადასვლას, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეხებოდა. ოთხშაბათს, 26 აპრილს, დიმიტრი ცქიტიშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბელგიის, ლიტვისა და დანიის სამეფოს დელეგაციების წარმომადგენლებთან. დელეგაციის ხელმძღვანელი შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეხ სავიცკის. შეხვედრის თემა საქართველოს მონიტორინგის პროცედურიდან პოსტმონიტორინგის დიალოგზე გადაყვანის ტექნიკურ მხარეებს შეეხებოდა. ნინო გოგუაძემ წამების აკრძალვის ევროპული კომიტეტის შესახებ დებატებზე მიიღო მონაწილეობა. დეპუტატმა ხახი გაუსვა კომიტეტის უდიდეს მნიშვნელობას როგორც მთელი ევროპისთვის ასევე საქართველოსთვის. კომიტეტის ანგარიშები, ნინო გოგუაძის აზრით, დაეხმარა საქართველოს დასჯაზე ორიენტირებული პენიტენციალური სისტემიდან გადასულიყო თანამედროვე სასჯელაღსრულებით სისტემაზე. მოხადა რეპრესიულიდან რეაბილიტაციურ მეთოდებზე გადასვლა. კომიტეტის ანგარიშების გათვალისწინებით მოხდა არამარტო წამებისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრა, არამედ საპატიმროების სივრცისა და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება - აღნიშნა დეპუტატმა. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, დღის ბოლოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებს ღვინის დეგუსტაციაზე უმასპინძლა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე კორკელიამ. ქართველი დეპუტატები კოლეგებს ქართული ღვინით, კერძებით, ყველით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ხუთშაბათს, 27 აპრილს, დეპუტატებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის, დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან. ქართველი დეპუტატები ასევე შეხვდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელს - მიქელე ნიკოლეტის. 27 აპრილს, საქართველოს დელეგაციამ, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით დაარეგისტრირა შუამდგომლობა „ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში“. შუამდგომლობის მიზანია ასამბლეამ მიიღოს რეზოლუცია რომელშიც აღინიშნება, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ასამბლეის მიერ ადრე მიღებულ რეზოლუციებს და რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოსთან ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ სიტუაციას შეეხება; ახორციელებს აფხაზეთის და ოსეთის რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკას; უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს ამ რეგიონებში. შუამდგომლობის ხელმომწერები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას უკან გაიხმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება, შეწყვიტოს მათი ოკუპაციის პროცესი და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, თამარ ჩუგოშვილმა და ეკა ბესელიამ შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, ნილს მუჟნიეკსთან. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით მუჟნიეკსმა პოზიტიური განცხადებები გააკეთა. დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ, ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიშში ასახული იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც უკვე შესრულებულია საქართველოს მიერ ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში და მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაც დარჩენილი რეკომენდაციების ნაწილს ეხმიანება, კერძოდ კი - პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხს საკმაოდ ზრდის. ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრას საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელიაც ესწრებოდა. საქართველოს დელეგაციამ ჯამში 30 მდე შეხვედრა გამართა - 20 ქვეყნის წარმომადგენელთან. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის კომიტეტმა, კომიტეტის წევრის, თამარ ჩუგოშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 2018 წლის ზაფხულის სხდომას მონიტორინგის კომიტეტი თბილისში ჩაატარებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის რიგით მესამე, საზაფხულო სესია გაიმართება 26-30 ივნისს, ქალაქ სტრასბურგში. ალექსანდრე რამიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი