„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.07.2017
ავტორი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/106/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები – ორდენები, მედლები და პრემიები დაწესებულია იმ პირების დასაჯილდოებლად, რომლებმაც გმირობა და მამაცობა გამოიჩინეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში, განსაკუთრებული პირადი წვლილი შეიტანეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, აგრეთვე ქართული კულტურის და მეცნიერების განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში. მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესებისა და მინიჭების საფუძვლების, ასევე მათი სახეების და შესაბამისი ფულადი გასაცემლების ოდენობების განსაზღვრა. მუხლი 2 სახელმწიფო ჯილდოების სახეობები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებია: ა) საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი; ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი; გ) დავით აღმაშენებლის ორდენი; დ) თამარ მეფის ორდენი; ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი; ვ) წმინდა ნიკოლოზის ორდენი; ზ) ოქროს საწმისის ორდენი; თ) ვახტანგ გორგასლის ორდენი – I, II, III ხარისხის; ი) ღირსების ორდენი; კ) მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“; ლ) მედალი „მხედრული მამაცობისათვის“; მ) მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“; ნ) ღირსების მედალი; ო) შოთა რუსთაველის სახელობის პრემია; პ) საქართველოს ეროვნული პრემია; ჟ) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია. მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების პირობები 1. საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი. 2. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ჯილდოვდებიან პირები საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 3. დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები და სასულიერო პირები, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები საქართველოს წინაშე უდიდესი ღვაწლისათვის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის და დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის. 4. თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდებიან ქალები საქართველოს წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. 5. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ჯილდოვდებიან კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწეები საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის. 6. წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდებიან პირები ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის. 7. ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. 8. ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა: ა) III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის; ბ) II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის; გ) I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის. 9. ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან პირები საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. 10. მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდებიან პირები სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის (თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისას). 11. მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები საქართველოს დაცვისას გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის. 12. მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები საქართველოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის. 13. ღირსების მედლით ჯილდოვდებიან პირები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის. 14. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, თეატრალური ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო მოიპოვებს საერთო ეროვნულ აღიარებას და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. 15. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ზუსტ და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, იურიდიულ, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელ, საინჟინრო მეცნიერებების დარგებში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში. 16. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების წესი 1. პირი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის შესაბამისად. 2. ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსი, როგორც წესი ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი შეიძლება დაჯილდოვდეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი. ამ კანონის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ჯილდოვდებიან უცხოელები ან მოქალაქეობის არმქონე პირები. 3. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა სამ წელიწადში ერთხელ არაუმეტეს ხუთი პრემიისა, საქართველოს ეროვნული პრემია - ყოველწლიურად არაუმეტეს ორი პრემიისა, ხოლო ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ორ წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს ერთი პრემიისა. 4. ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“-„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯილდოები პირზე გაიცემა შესაბამისი კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ერთდროული ფულადი გასაცემელი გადაეცემა დაჯილდოებული პირის მემკვიდრეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით. მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობა 1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“, „ზ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯილდოებისა, შესაბამის პირზე გაიცემა ერთდროული ფულადი გასაცემელი, შემდეგი ოდენობით: ა) ეროვნული გმირის ორდენზე – 15 000 ლარი; ბ) წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე – 6 000 ლარი; გ) დავით აღმაშენებლის ორდენზე – 4 000 ლარი; დ) თამარ მეფის ორდენზე – 1 000 ლარი; ე) ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენზე – 1 000 ლარი; ვ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენზე – 2 000 ლარი; ზ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენზე – 1 000 ლარი; თ) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენზე – 600 ლარი; ი) ღირსების ორდენზე – 600 ლარი; კ) მედალზე „სამოქალაქო თავდადებისათვის“ – 1 000 ლარი; ლ) მედალზე „მხედრული მამაცობისათვის“ – 400 ლარი; მ) შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისათვის - 10 000 ლარი; ნ) საქართველოს ეროვნული პრემიისათვის - 10 000 ლარი; ო) ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიისათვის - 5 000 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებზე დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლები გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო „მ“-„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლები საქართველოს მოქალაქეებზე, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. 3. პირს, რომელიც დაჯილდოვდება ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“-„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯილდოთი, მიენიჭება პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი და შესაბამისი მედალი. 4. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფულადი გასაცემლების გაცემა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით ამ მიზნით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 6. სოციალური შეღავათები საქართველოს მუნიციპალიტეტები მთავრობა, ავტონომიური უფლებამოსილნი არიან რესპუბლიკების სხვადასხვა სახის მთავრობები სოციალური და შეღავათები დაამტკიცონ მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „ო“ და „პ“ პუნქტებით გათვალისწინებული ჯილდოებით დაჯილდოებული პირებისათვის. მუხლი 7. გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესი და ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესი. 2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ ჯილდოებზე. მუხლი 8. დასკვნითი დებულებები 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონი; (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100); ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის N343 ბრძანებულება ,,ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ’’; გ) საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 31 ივლისის N1554 დადგენილება ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ’’; დ) „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის N362 დადგენილება. 2. ეს კანონი, გარდა პირველი-მე-6 მუხლებისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ კანონის პირველი-მე-6 მუხლები და მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა სახელმწიფო ჯილდოების სახით შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის სამართლებრივ საფუძველს. შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის წესი და პირობები, წლების განმავლობაში (ნაცვლად საქართველოს კანონისა), წესრიგდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შედეგად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და დღეისათვის საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის უფლებამოსილი ბრძანებულება გამოსცეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საკანონმდებლო აქტით. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხი ასევე საჭიროებდა საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას. ვინაიდან შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები წარმოადგენს უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჯილდოებს და შინაარსობრივად ისინი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სახელმწიფო ჯილდოების კატეგორიას განეკუთვნებიან, მიზანშეწონილია ახალი კანონპროექტის შემუშავება. შემუშავებული კანონის მიერ აღმოიფხვრება არსებული საკანონმდებლო ვაკუუმი და უნიფიცირებულად დარეგულირდება სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები. კანონი გააერთიანებს ამჟამად მოქმედი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გათვალისწინებულ თემებს, რის შედეგადაც, უკვე არსებული და ყოველი ახალი სახელმწიფო ჯილდოს დამატების შემთხვევაში, კანონით იქნება განსაზღვრული თითოეული მათგანის შინაარსი და ასეთი ჯილდოების გადაცემის სამართლებრივი საფუძვლები. ასევე შეიქმნება სახელმწიფო ჯილდოების სახით შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემისთვის სათანადო სამართლებრივი საფუძველი. ეს ყოველივე თავის მხრივ გამოიწვევს აუცილებლობას „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №2, 1992 წელი, მუხ. 100); „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების – ორდენებისა და მედლების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 21 ივლისის №1554-რს დადგენილების და ასევე „ხელოვნებისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების დაწესების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივლისის №343 ბრძანებულების და „ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ივლისის №362 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: შოთა რუსთაველის სახელობის პრემია ლიტერატურაში, ხელოვნების დარგებსა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა. პრემიას ხანგრძლივი ისტორია და მდიდარი ტრადიცია გააჩნია. იგი 1965 წლიდან გაიცემა. 2008 წლიდან პრემია ასევე გაიცემა ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც. ამ წლების მანძილზე რუსთაველის პრემიით აღინიშნა ეროვნული მწერლობის, თეატრის, მხატვრობის, მუსიკის, კინემატოგრაფის, არქიტექტურის მრავალი შედევრი. რუსთაველის პრემიის ლაურეატის წოდებას ატარებს მრავალი გამოჩენილი მწერალი, ხელოვანი და მეცნიერი. პრემიის მინიჭების კრიტერიუმები და მოთხოვნები, ათწლეულების მანძილზე, პრინციპული იყო, რაც პრემიის პრესტიჟულობასა და ავტორიტეტულობას განაპირობებდა. მეორე პრესტიჟული ჯილდო ლიტერატურასა და ხელოვნებაში სახელმწიფო პრემიის სახელწოდებით დაწესდა 1992 წელს. 2008 წელს იგი საქართველოს ეროვნულ პრემიად გარდაიქმნა და ლიტერატურისა და ხელოვნების გარდა, გაიცემოდა მეცნიერების ყველა დარგში (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და იურიდიული მეცნიერებები, სამედიცინო და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, საინჟინრო მეცნიერებები). 2008 წლიდან 2013 წლამდე პრემიების გაცემა რეგულირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N 343; 02.07.2008) დამტკიცებული დებულებით. ამ პერიოდში სურათი პრემიების პერიოდულობის, რაოდენობის, საპრემიო თანხების შესახებ, არაერთგვაროვანი და არასტაბილურია. 2008 წელს პრემიები არ გაიცა. 2009-დან 2013 წლის ჩათვლით ორივე პრემია გაიცემოდა ყოველწლიურად სხვადასხვა პარამეტრებით. 2009, 2010 და 2011 წლებში გაიცა წელიწადში 3 რუსთაველის პრემია, თითოეული 15 000 ლარის ოდენობით და 7 ეროვნული პრემია, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით (სიზუსტისთვის - 2011 წელს გაიცა 4 რუსთაველის პრემია (1+3). 2012 წელს გაიცა 7 რუსთაველის პრემია, თითოეული 15 000 ლარის ოდენობით და 10 ეროვნული პრემია, თითოეული 10 000 ლარის ოდენობით. 2013 წელს რუსთაველის პრემიის რაოდენობამ ჯამში შეადგინა 17 ერთეული (პრემია წლის მანძილზე ორჯერ გაიცა), თითოეული 10 000 ლარის ოდენობით, ეროვნული პრემიის რაოდენობამ - 6 ერთეული, თითოეული 8 000 ლარის ოდენობით. 2015 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N 321; 07.07.2015) დამტკიცებული პრემიების მინიჭების დროებითი წესით გაიცა 1 რუსთაველის პრემია 10 000 ლარის ოდენობით და 8 ეროვნული პრემია თითოეული 8 000 ლარის ოდენობით. ასეთი არაერთგვაროვანი, არათანმიმდევრული და ბუნდოვანი სურათი გამოიწვია პრემიების დებულებაში შეტანილმა სისტემატურმა, ხშირად თვითმიზნურმა და ურთიერთგამომრიცხავმა ცვლილებებმა, კრიტერიუმების აღრევამ, წარდგენისა და მინიჭების პროცედურების მოშლამ, რაც შეეხება საპრემიო თანხებს, იგი შემცირდა. წარმოდგენილი პროექტით შოთა რუსთაველის სახელობის და საქართველოს ეროვნული პრემიები გაიმიჯნა და გაიცემა სხვადასხვა სფეროში, ასევე გათანაბრდა მათზე ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ მოწესრიგდება სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებული საკითხები და ასევე „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებით დამატებით მოიცავს შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიებს. გარდა აღნიშნულისა, კანონში განისაზღვრება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების ფულადი ოდენობები. წარმოდგენილი პროექტით ერთმანესაგან დარგების მიხედვით გაიმიჯნა შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა მხოლოდ ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში, ხოლო საქართველოს ეროვნული პრემია - მეცნიერების დარგებში, რაც გულისხმობს საკუთრივ მეცნიერების დარგებში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს შემოღებას. ეს ორი პრემია გათანაბრდა როგორც რანგობრივად, ასევე ფინანსურად. კანონპროექტში გათვალისწინებულია, ასევე, ეროვნული გმირის ორდენზე ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობის ზრდა და შესაბამისი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აღნიშნული პროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული დამატებითი ხარჯების გამოყოფას, რომელთაგან ძირითადი ნაწილი მოქმედი ნორმატიული აქტებით იყო გათვალისწინებული. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მცირედ ცვლილებას გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება ეროვნული გმირის ორდენზე ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობის ზრდით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება აისახება იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, ვისზედაც ვრცელდება ეს კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და არც არსებულ ოდენობაში ცვლილების შეტანას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული პროექტი შემუშავებულ იქნა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.