საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებლების ზ. ჯაფარიძის, ვ. მეგრელიშვილის და ი. ხვიჩიას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N10636; 22.05.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.09.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#13907/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-05
ბიუროს ნომერი 85

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 13907 04/09/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებლებს: ზ. ჯაფარიძეს, ვ. მეგრელიშვილს, ი. ხვიჩიას მის.: თბილისი, ალ. ყაზბეგის 46 მობ.: 599 80 55 23 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებლების ზ. ჯაფარიძის, ვ. მეგრელიშვილისა და ი. ხვიჩიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N10636; 22.05.2017) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2017 წლის 30 აგვისტოს, კომიტეტის სხდომაზე, განიხილა პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებლების ზ. ჯაფარიძის, ვ. მეგრელიშვილისა და ი. ხვიჩიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N10636; 22.05.2017) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება შემდეგ ორ ცვლილებას ითვალისწინებს: 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 1252 მუხლებში შედის ცვლილება და იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან მისგან უფლებამოსილი პირის მიერ ავტომანქანის გადაყვანა საჯარიმო ავტოსადგომზე, საპატრულო პოლიციელის მიერ ოქმის შედგენის გარეშე, მაშინაც კი, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ზონაში; 2. მცირდება ჯარიმის გადაუხდელობისათვის განსაზღვრული საურავის ოდენობა 150 ლარიდან 20 ლარამდე (1252 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი). წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების სფეროს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპატრულო პოლიციისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების დაკისრება არ შეესაბამება ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის განსაზღვრულ ექსკლუზიური უფლებამოსილებისა და ამ უფლებამოსილების საკუთარი პასუხისმგებლობით განხორციელების, აგრეთვე სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპს. რაც შეეხება, ჯარიმის გადაუხდელობისათვის განსაზღვრული საურავის ოდენობის 150 ლარიდან 20 ლარამდე შემცირებას, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ადმინისტრაციულ- სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ მოახდინოს პარკირების სფეროს მართვის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენისა და სახდელის დაკისრების უფლებამოსილების დელეგირება კერძო სამართლის იურიდიულ პირზე, რომლის საფუძველზედაც, ქ. თბილისში, შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო დაკისრებული ფინანსური სანქციისა და საურავის განაწილების წესი ადგილობრივ ბიუჯეტსა და შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული საურავის შემცირებით გამოწვეული შემოსავლის შემცირების გამო, პარკირების მართვაზე უფლებამოსილ კერძო სამართლის პირს წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, რაც გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაღების აუცილებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღება. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე