„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.09.2017
ავტორი
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/122/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-09-18
ბიუროს ნომერი 89

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა;“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ2) ხელშეკრულების დადებამდე მისი გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა ამ კანონითა და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მისი საფუძველი აცნობოს სააგენტოსა და ყველა პრეტენდენტს. შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.“. 3. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო 1. ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის განხორციელებისას წარმოშობილი დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით ამ კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედის სააგენტოს სამი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის სამი წარმომადგენელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (რომელთა ოდენობაც აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში), საბჭოს შემადგენლობაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირების გარდა, შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო-თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევენ საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრის საფუძველზე ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე წევრი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. 4. საბჭოს შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან წევრთა არჩევის წესი, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ორგანოების მიერ წარმომადგენელთა ნომინირების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული პირები საბჭოს წევრებად ინიშნებიან ერთი წლის ვადით. სააგენტოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პირთა საბჭოს წევრებად არჩევის/ნომინირების პროცესში, გარდა ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფისა. 5. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით. საბჭოს საქმიანობას ტექნიკურად უზრუნველყოფს სააგენტო. მუხლი 231. საბჭოში გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 1. ელექტრონული ტენდერში ან კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით შეუძლია გაასაჩივროს საბჭოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონკურსსა და ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. 3. გასაჩივრებას არ ექვემდებარება გადაწყვეტილება/ქმედება, თუ პრეტენზია ეხება: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 4. საბჭოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შესყიდვის პროცედურები ჩერდება ავტომატურად, საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომ. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვის ვადით. შესყიდვის პროცედურების შეჩერების პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. საბჭოში წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადები და პირობები (გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევისა) დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენილ საჩივარს საბჭო არ განიხილავს. საბჭოს საჩივარი წარედგინება ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 6. საბჭოსთვის საჩივრის წარდგენისათვის, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდის და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 7. საბჭოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აქვეყნებს მას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, რაც ჩაითვლება გადაწყვეტილების ოფიციალურ გაცნობად. 8. თუ საბჭო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი. მუხლი 232. შემსყიდველ ორგანიზაციაში გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. შემსყიდველ ორგანიზაციაში გასაჩივრების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ ინფორმაცია უნდა ატვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 3. შემსყიდველ ორგანიზაციას გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. შემსყიდველი ორგანიზაცია გადაწყვეტილებას აგრეთვე აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. მუხლი 233. სასამართლოში გასაჩივრება 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, საბჭოს ან შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება მის საჩივართან დაკავშირებით გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. მუხლი 234. ზარალის ანაზღაურება ზარალი, რომელიც ამ თავით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.“. მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის წინამდებარე კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი“, რომლის თანახმადაც (4.1 პარაგრაფი, გვ. 40-41 და დანართი ცხრილი) საქართველოს დავების განხილვის სისტემის ინსტიტუციური რეფორმა უნდა განხორციელდეს 2017 წელს, იმპლემენტაციის I ფაზაში, რათა დაკმაყოფილდეს დავების განხილვის ორგანოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ევროკავშირის საკვანძო მოთხოვნები, კერძოდ, „ასოციირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი (ანუ ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა მხარისა და ეკონომიკური ოპერატორისგან განცალკევებული) სახელმწიფო ორგანო, რომელსაც დაევალება შემსყიდველი ორგანიზაციების გადაწყვეტილებების გადასინჯვა. აღნიშნული ორგანოს გადაწყვეტილებები ასევე უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო წესით გადასინჯვას“. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, კანონის საფუძველზე დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით შეიქმნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: თუკი დღეს მოქმედი კანონის თანახმად, შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის საბჭო იქმნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო), რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი მთლიანად რეგულირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ცვლილებით საბჭო აღარ შეიქმნება სააგენტოში და კანონშივე განმტკიცდება მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი, კერძოდ, საბჭო საქმიანობას განახორციელებს პარიტეტულ საწყისებზე, იქნება დამოუკიდებელი და არ დაექვემდებარება არც ერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. ამასთან, თავად კანონი განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის ძირითად პრინციპებს. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით, საიდანაც 3 იქნება სააგენტოს წარმომადგენელი, ხოლო დარჩენილი 3 – არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის წარმომადგენელი. შესაბამისი პროფილი დაკონკრეტდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, იმ მიზნით, რათა წევრის კვალიფიკაცია და გამოცდილება დაკავშირებული ან ახლოს მდგომი იყოს სახელმწიფო შესყიდვების თემატიკასთან. საბჭოს თავმჯდომარეობას გაუწევს სააგენტოს თავმჯდომარე. ამავდროულად, თუკი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იქნება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრების ტოლი ან მათზე მეტი (ეს ოდენობაც ასახული იქნება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში), საბჭოს შემადგენლობაში დამატებით შევლენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო-თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის ერთი წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეობს მისი ერთერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევენ საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრის საფუძველზე ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე წევრი თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საგულისხმოა, რომ შემოთავაზებული რედაქციით სააგენტოს არ ექნება უფლება, ჩაერიოს ზემოთ მითითებულ პირთა საბჭოს წევრებად არჩევის/ნომინირების პროცესში, გარდა ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფისა. პროცედურული საკითხები განსაზღვრული იქნება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საბჭოს საქმიანობას ტექნიკურად უზრუნველყოფს სააგენტო. წარმოდგენილი კანონპროექტით სისტემურად იხვეწება კანონში შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ნორმები, კერძოდ, ცვლილების შემდგომ, კანონის ტექსტში გასაჩივრების ობიექტად ყველგან მითითებული იქნება „გადაწყვეტილება/ქმედება“, რაც შეესაბამება ადმინისტრაციულ კანონმდებლობასა და დოქტრინას, რამდენადაც გადაწყვეტილებაში მოიაზრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, ხოლო ქმედებაში – რეალაქტები. ახლებურად ყალიბდება კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს შესყიდვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთვისა და პრეტენდენტებისთვის არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში ცნობებას, ვინაიდან იგი არ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებში სწორი პრაქტიკის დანერგვას, კერძოდ, ამავე კანონის 151 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-6 პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე, ხოლო მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები იყოს გამართული, აუცილებელია, რომ კანონის ხსენებული ჩანაწერი კორექტირებულ უნდა იქნეს. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში აგრეთვე სწორდება შესყიდვის პროცედურების შეჩერებასთან დაკავშირებული საკითხი, კერძოდ, კანონის დღეს მოქმედი რედაქცია შესყიდვის პროცედურების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ მისი გასაჩივრების შემთხვევაში. შესაბამისად, ასეთ დროს, შესყიდვის პროცედურების შეჩერება ავტომატურია (მით უფრო, შემოთავაზებული ცვლილებებით, როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციას საჩივრის განხილვის პერიოდით ეკრძალება რაიმე გადაწყვეტილების მიღება ან ქმედების განხორციელება), რეალაქტი კი არ საჭიროებს გადაწყვეტილების მიღებას. შედეგად, საბჭოში გასაჩივრებისას შესყიდვის პროცედურები შეჩერდება ავტომატურად სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო შემსყიდველ ორგანიზაციაში გასაჩივრების შემთხვევაში, იგი ვალდებული იქნება, სისტემაში ატვირთოს მხოლოდ ინფორმაცია შესყიდვის პროცედურების შეჩერების შესახებ. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, რადგან საჭირო იქნება გარკვეული ვადა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემისთვის, ასევე საბჭოს დასაკომპლექტებლად. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 4. უფლებამოსილი ორგანო 1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება. 3. სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 31. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 5. სააგენტო ფინანსდება: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით; ბ) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი საფასურით; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით. 6. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლომეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის; დ) შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, სრულყოფა და მასზე ზედამხედველობა; ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; ვ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა; ზ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და სპეციალური სახელმძღვანელო ბიულეტენის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის განხილვა; ი) შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა; კ) შავი სიის წარმოება; კ1 ) თეთრი სიის წარმოება; ლ) (ამოღებულია); მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირება; ნ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. 7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით და შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველსაყოფად სააგენტო უფლებამოსილია: ა) ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი; ბ) მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. 8. (ამოღებულია - 21.04.2017, № 645). 9. სააგენტოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. 10. სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 11. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვები შეიძლება განახორციელოს ასევე პირმა, რომელიც არ არის ამ კანონით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია. ამ პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს ამ სისტემით სარგებლობაზე დათანხმებას დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესყიდვების განხორციელებისა და ამ სისტემით სარგებლობის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მუხლი 7. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) (ამოღებულია); გ1 ) კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით; ბ) ( ამოღებულია); ბ1) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 3 3პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს; გ) სააგენტოს წარუდგინოს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ1) (ამოღებულია); დ1. ა) (ამოღებულია); დ1. ბ) (ამოღებულია); დ2) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა: დ2.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე; დ2.ბ) კონსოლიდირებული შესყიდვისას ან კონკურსისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე; ე) (ამოღებულია); ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და ყველა პრეტენდენტს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები. 21. შეჩერებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის გაგრძელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას. თავი VI შესყიდვებთან დაკავშირებული ქმედების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი მუხლი 23. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით განსახორციელებელ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონკურსსა და ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. 2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. 21. (ამოღებულია). 22. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისათვის შესყიდვების პროცედურების შეჩერების მოთხოვნა არ შეიძლება, გარდა: ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდისა; ბ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვისა ან კონკურსისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში. 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 41. სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 6. (ამოღებულია). 7. თუ სააგენტო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი. 8. (ამოღებულია). 9. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ქმედება, თუ პრეტენზია ეხება: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადები (გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევისა) და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენილ საჩივარს სააგენტო არ განიხილავს. 101. სააგენტოსთვის საჩივრის წარდგენისათვის, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდის და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 11. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები საჩივრის განხილვის ვადით. 12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლო წესით. 13. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას. 14. უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.