„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.09.2017
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/131/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 102 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-02
ბიუროს ნომერი 93

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელია, თუ პირს სურს, მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების, აგრეთვე საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი, ან აღიდგინოს ისტორიული გვარი.“. 2. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებში მოცემულია პირის მიერ გვარის შეცვლის საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გვარის შეცვლის ერთ-ერთი პირობაა პირის სურვილი, მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილებით, საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით (საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა „მეუღლის“ ის ნორმატიული შინაარსი, „რომელიც გამორიცხავს გვარის შეცვლის შესაძლებლობას, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი“. ციტირებული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „...მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლში ან პირადი ცხოვრების უფლების მარეგლამენტირებელ სხვა მუხლებში არ არსებობს პირდაპირი ჩანაწერი პირის უფლებაზე ჰქონდეს/შეიცვალოს სახელი ან გვარი, პერსონალური იდენტიფიცირებისა და ოჯახთან კავშირის დამყარების უფლება ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელ კომპონენტს წარმოადგენს... უფლება სახელის ან/და გვარის შეცვლაზე პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის იდენტობასთან. პირის უფლება, ჰქონდეს/შეიცვალოს ან ზოგადად აკონტროლოს სახელი/გვარი პირის ზოგადი თავისუფლების განუყოფელი ნაწილია“. საკონსტიტუციო სასამართლო თავის მსჯელობაში აღნიშნავს: „...ვინაიდან სახელისა და გვარის უფლება კონსტიტუციის რომელიმე სხვა პირადი ცხოვრების უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულებიდან არ არის ამოკითხვადი და ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის მიერ კონკრეტული გვარის ტარება, ერთი მხრივ, შეიძლება განიხილებოდეს როგორც პირის თვითიდენტიფიცირების შესაძლებლობად საკუთარ ოჯახთან, ხოლო მეორე მხრივ, პირის იდენტობის საზოგადოებაში პრაქტიკული რეალიზების შესაძლებლობად, უდავოა, რომ ამ უკანასკნელის უფლება, აირჩიოს სახელი/გვარი, დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით“. აქვე, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „...თანამედროვე და თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდენტობა და თვითმყოფადობა ავტონომიურად განსაზღვროს და მართოს. ეს თავისთავად არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ გარკვეული მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, დაადგინოს კონკრეტული წესები, რომლებიც ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლებას გარკვეულ ჩარჩოებს შეუქმნის, თუმცა ეს მიზეზები გამართლებული უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ემსახურებოდეს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, ხოლო საშუალებები მისი მიღწევისა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული“. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი - საზოგადოების დაბნეულობის ან/და შეცდომაში შეყვანის პრევენცია - „არ წარმოადგენს უფლების შეზღუდვის სერიოზულ, წონად და მხედველობაში მისაღებ გარემოებას“. შესაბამისად, კანონით დაწესებული შეზღუდვაც არ არის ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი და პროპორციული საშაუალება, რის გამოც ის არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილების შინაარსისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა გვარის შეცვლის გზით პირის მიერ საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარის მიღების შესაძლებლობას, საჭიროა კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა და ამ უკანასკნელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 4 აგვისტოს მიღებულ №2/4/570 გადაწყვეტილებასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა და საკანონმდებლო დონეზე პირის მიერ გვარის შეცვლის გზით საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარის მიღების შესაძლებლობის შემოღება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი და მას ემატება ნორმა, რომლის თანახმად, გვარის შეცვლა იმ შემთხვევაშიც იქნება შესაძლებელი, თუ პირი გამოთქვამს სურვილს, მიიღოს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი პირის საკუთარი და მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი), ასეთი გვარების გაერთიანება, ზოგადი წესის შესაბამისად, დაუშვებელი იქნება. ამ მიზნით, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი. პირის გვარისა და აღმავალი შტოს „ერთ-ერთი ნათესავის“ გვარის გაერთიანებიასთან დაკავშირებული შეზღუდვა იმ გარემოებითაა განპირობებული, რომ გამოირიცხოს საკუთარ გვართან აღმავალი შტოს ორი ან მეტი ნათესავის გვარების გაერთიანებისა და, შედეგად, ერთი პირის მიერ სამ ან სამზე მეტ წევრიანი გვარის მიღების შესაძლებლობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ იწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროქტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 64. სახელისა და გვარის შეცვლის პირობები 1. სრულწლოვან პირს უფლება აქვს, საკუთარი სურვილისამებრ შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: ა ) პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი; ბ) მშობელთა შეერთებული გვარი; გ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; დ) მშვილებლის გვარი; ე) მეუღლის გვარი; ვ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არსებობისას გვარის შეცვლა შესაძლებელია, თუ პირის დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა. 4. გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელია, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი. მუხლი 68. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციაზე უარის თქმა 1. სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს. 2. მეუღლეთა ან მშობელთა გვარების შეერთება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი). 3. სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენა დაუშვებელია, თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.