საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ მიერ წარმოდგენილ „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ (N14059; 30.06.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#15887/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-10
ბიუროს ნომერი 94

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 15887 06/10/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა ა(ა)იპ „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე (N14059; 30.06.2017) აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ მიერ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების წესით წარმოდგენილი „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტის მიზანია სასურსათო უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი ინსტიტუციონალური სისტემის შექმნა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათზე ხელმისაწვდომობა. კანონპროექტით განმარტებულია სასურსათო უსაფრთხოების ცნებები. მოცემულია სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები სასურსათო უსაფრთხოებისა და სასურსათო დამოუკიდებლობის სფეროში. სასურსათო დამოუკიდებლობა მოიცავს საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვების პროდუქტების წარმოებას და სასურსათო კრიზისის შემთხვევისათვის სახელმწიფო რეზერვებით უზრუნველყოფას. კანონპროექტში მოცემულია სასურსათო უსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სასურსათო უსაფრთხოების ინდიკატორები. ინფორმაციული უზრუნველყოფა მოიცავს: კვების საბაზო პროდუქტების წარმოების ექსპორტის, იმპორტისა და მოხმარების მაჩვენებლებს; საკვები პორდუქციის აუცილებელ და ფაქტობრივი წარმოების დონეებს; სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის ბაზრის განვითარების მდგომარეობას და ტენდეციებს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკას, დადგეგმავს სათანადო ღონისძიებებს და განსაზღვრავს უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან მათ აღსრულებაზე. აგრარულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნობილ უნდა იქნას უარყოფილად, შემდეგ გარემოებათა გამო: „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, ამ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს. ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მისი ფარგლების გარეთ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი სფეროა სოციალ-ეკონომიკური უსაფრთხოება. კანონის მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების სფერო მოიცავს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებას. მე-14 მუხლის თანახმად, კანონში მითითებული მიმართულებების გათვალისწინებით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით. მე-15 მუხლში მოცემულია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეები. ესენია: ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საშიშროების შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ და ტექნოგენურ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. სტრატეგიას შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა, რომლის დამტკიცების წესი განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. კანონის მე-19 მუხლის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შესამუშავებლად იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკანონმდებლო წინადადება ცნობილ უნდა იქნეს უარყოფილად, ვინაიდან სასურსათო უსაფრთხოების თაობაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებას. პატივისცემით, ოთარ დანელია თავმჯდომარე