საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2017 წლის 3-11 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.10.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#16266/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-10-24
ბიუროს ნომერი 96

📜 ტექსტი

წერილი
N 16266 12/10/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ მ/წ 3-11 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში ჩემი ვიზიტის ანგარიშს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 2 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
დიდი ბრიტანეთი, ლონდონი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას მივლინების ანგარიში. 3-11 სექტემბერი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა 3-11 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ლონდონში იმყოფებოდა, სადაც 3-8 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ლიდერთა პროგრამაში, რომელზედაც დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტმა წარადგინა. პროგრამა მიზნად ისახავს სხვა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებაში მყოფი ლიდერების დაკავშირებას, დინამიკური თანამშრომლობის შექმნას მაღალი რანგის დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს შორის და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კავშირების გაძლიერებას მონაწილე ქვეყნებთან მსოფლიო უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მხარდასაჭერად. პროგრამა უზრუნველყოფს საერთო ღირებულებებისა და ფასეულობების გამოვლენას ქვეყნებს შორის და მთავარი პრიორიტეტების-კეთილდღეობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებების გაძლიერებას მსოფლიოში. ლიდერთა საერთაშორისო პროგრამა მოიცავდა სასესიო თემებს: ბრექსიტი, ტრამპის ადმინისტრაცია, ევროპა, საერთაშორისო ინსტიტუტები და გლობალური ტენდენციები, ჩინეთი, მდგრადი განვითარება, საერთაშორისო ურთიერთობები, საპარლამენტო დიპლომატია, ბრიტანეთის როლი მსოფლიო პოლიტიკაში, ბრიტანული მედიის გავლენები, რბილი ძალა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. პროგრამის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ვესტმინსტერის სასახლეში ლორდ ბოუნესთან (ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი), რომელთანაც განიხილა საპარლამენტო დიპლომატიის და ეუთო-ს ფორმატში თანამშრომლობის საკითხები, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლებს სოფიო ქაცარავამ საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ბრიტანელი დეპუტატები აღიარებენ და აფასებენ პროგრესს საქართველოში ამ მნიშვნელოვან სფეროში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან სტივენ გეტინსთან სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტებზე, მიზნებზე, ამოცანებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. მხარეები შეთანხმდნენ საკომიტეტო კავშირების გამყარებაზე. თავმდჯომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებასა და საპარლამენტო მმართველობის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან საუბარი შეეხებოდა საქართველოს როლს საერთაშორისო ფორმატებში, საპარლამენტო ასამბლეებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრაზეყურადღება გამახვილდა ფონდისა და საქართველოს პარლამენტის მჭიდრო ურთიერთობების, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის შესახებ ამ მიმართულებით. სოფიო ქაცარავა ასევე შეხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დუნკანს, რომელთან ერთადაც განიხილა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები, საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი, ევროკავშირში ინტეგრირების გზა და აშშ-სთან თანამშრომლობის დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ასევე ქალაქ ბირმინგემში ქალაქის საბჭოს და სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ბირმინგემთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ვინაიდან ეს საქართველოსთვის კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა იქნება როგორც ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, ისე განათლების მიმართულებით. ბირმინგემში განიხილებოდა საქართველოს ერთ-ერთი ქალაქისა და ბირმინგების დაძმობილების საკითხები. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ამავდროულად დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ვესტმინსტერის სასახლეში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, ჯონათან ჯანოღლისთან ერთად ხელი მოაწერა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ბრიტანეთის საერთო ინტერესებისა და ღირებულებების - დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების საკითხებს. ხელს უწყობს საპარლამენტო ურთიერთობებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო სფეროებისა და ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიზნების მიღწევას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საპარლამენტო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მეგობრობის ჯგუფებსა და პარლამენტს შორის. 9-11 სექტემბრის ჩათვლით სოფიო ქაცარავა ბრიტანულ-ქართული ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის გადაღებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ბრიტანეთი საქართველოს მეგობრობასა და დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ფილმი ასახავს იმ მიმართულებებს, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირები, ხალხთა შორისი ურთიერთობები და განათლების გზით დაახლოვებული ორი ქვეყნის კულტურა. ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ადამიანთა ჩართულობა, რომელთაც უშუალოდ მიუძღვით წვლილი ბრიტანეთი საქართველოს ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაში. ფილმში გადმოცემულია ბრიტანეთის ელჩების თვალით დანახული საქართველოს უახლესი ისტორია, ქვეყნის გარდამტეხი ეპიზოდები, პოლიტიკური თუ სოციალური ეტაპები დამოუკიდებლობიდან დღემდე და მათი ემოციები საქართველოს მიმართ. ფილმისთვის ჩაიწერა სოფიო ქაცარავას შეხვედრები და ინტერვიუები დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩებთან საქართველოში დონალდ მაკლარენთან ედინბურგში, სტივენ ნეშთან ლონდონში და ასევე “Chevening”-ის ქართველ სტუდენტებთან.