საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი მოსიძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის (გიორგი მოსიძე, სერგი კაპანაძე, კახაბერ კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი, გოგი მეშველიანი) 2017 წლის 7-11ნოემბერს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე
ნომერი
#18253/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-20
ბიუროს ნომერი 106

📜 ტექსტი

ანგარიში
18253-3-9-3-201711151550 N 18253 15/11/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ ა.წ. 7-11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ვიმყოფებოდით. დელეგაციის შემადგენლობა:  გიორგი მოსიძე - დელეგაციის ხელმძღვანელი, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი  სერგი კაპანაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  კახაბერ კუჭავა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  ირინა ფრუიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  გელა სამხარაული - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  დავით მათიკაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდომარის მოადგილე  გოგი მეშველიანი - ფრაქციის „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ქალაქ კიევში განხორციელებული ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრების გარდა, დელეგაცია იმყოფებოდა დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში. აღსანიშნავია, რომ უცხოური დელეგაციების რეგიონში ვიზიტების ისტორიაში პირველად, ქართულმა დელეგაციამ მოვინახულეთ დონეცკის ოლქის სამხრეთით, ნეიტრალურ ზონაში მდებარე სოფელი შიროკინო, რომელიც 2014-16 წწ სამხედრო მოქმედებების დროს იქნა განადგურებული და სადაც უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს. აგრეთვე მოხდა ფრონტის ხაზზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის „ნოვოტროიცკე“-სა და ქალაქ ვოლნოვახას მონახულება. შევხვდით კონფლიქტის რეგიონში დისლოცირებულ უკრაინელ სამხედროებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებისგანაც მივიღეთ ინფორმაცია რეგიონში არსებული მდგომარეობის თაობაზე. აგრეთვე, დელეგაციის წევრების მხრიდან განხორციელდა 2015 წ. 13 იანვარს, ქ. ვოლნოვახასთან სამგაზვრო ავტობუსის დაბომბვის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალისა და 2014 წ. 22 მაისს ერთერთი პირველი სამხედრო შეტაკების დროს დაღუპული უკრაინელი სამხედროებისადმი მიძღვნილი მემორიალის ყვავილებით შემკობა. უკრაინის დედაქალაქში დელეგაციას ჰქონდა შემდეგი შეხვედრები: 1. შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. უკრაინის მხრიდან ესწრებდოდნენ: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბორის ტარასიუკი, ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“-ს თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი არტურ გერასიმოვი, უკრაინის სახალხო დეპუტატები დმიტრო ლუბინეცი და ხვიჩა მეფარიშვილი. მიმოვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო დონეზე. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობების მნიშვნელობას როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ისე ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს დელეგაციის მიერ დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვიზიტის გამო. აღინიშნა, რომ ქართველი დეპუტატების ვიზიტი ამჟამად არსებულ ცხელ წერტილში, ხელს უწყობს უკრაინელი მებრძოლების საბრძოლო განწყობის ამაღლებას და წარმოადგენს ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერისა და თანადგომის სიმბოლურ აქტს. 2. შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან ანდრიი პარუბიისთან. უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ღრმა კმაყოფილება გამოთქვა ქართული დელეგაციის დონეცკის ოლქის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვიზიტის გამო. „საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ საერთონ წარსული და მომავლის გამოწვევები გვაქვს. ორივე ქვეყანამ განიცადა რუსეთის აგრესია და იღწვის თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ ერთობლივი ძალებით მივდივართ სტრატეგიული მიზნისკენ - ეს არის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში“ - განგვიცხადა ბატონმა პარუბიიმ. ჩვენმა დელეგაციამ ბატონ პარუბიის გავაცანით შთაბეჭდილებები ანტიტეროროისტული ოპერაციის ზონის მონახულების შესახებ, განსაკუთრებით კი ე.წ. „რუხ ზონაში“ განლაგებული დაბა შიროკინო, სადაც მანამდე არცერთი უცხოური დელეგაცია არ ჩასულა. ბატონმა პარუბიიმ მოგვიყვა უკრაინაში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმების შესახებ საპენსიო, განათლების, ჯანდაცვის, სასამართლო სფეროში. განსაკუთრებით გამოყო მის მიერ ინიცირებული ცვლილებები უკრაინის საარჩევნო კოდექსში, რომელთა იდეაც ა.წ. მაისში საქართველოში ვიზიტის და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის დროს მოუვიდა. შეხვედრის ბოლოს მიმოვიხილეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი კიევში, რომელიც 2018 წლის 17-19 იანვარსაა დაგეგმილი. 3. შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან. და ქალბატონი კლიმპუშ-ცინცაძე მიესალმა ქართულ დელეგაციას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს მოხდა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რისი დასტურიცაა უკრაინის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მაღალი ვიზიტები საქართველოში. „უკრაინის მხარე დიდ იმედებს ამყარებს პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმერ გროისმანის საქართველოში ვიზიტზე, რომელიც ა.წ. 26-28 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს პოლიტიკურ, კულტურულ და ტურიზმის სფეროებში, მაგრამ ამავე დროს უნდა მეტი ყურადღება მივაქციოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ უფრო დიდი საქონელბრუნვა ჩვენს სახელმწიფოებს შორის“ - განგვიცხადა ქალბატონმა კლიმპუშ-ცინცაძემ. განვიხილეთ ევროინტეგრაციის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე მეზობლების მიმართ მისი აგრესიული პოლიტიკის გამო. ივანა კლიმპუშ-ცინაცაძემ მოიწონა საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ინიციატივა ორივე ქვეყანაში დაღუპულ მებრძოლთა იდენტური მემორიალების დადგმის შესახებ. საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარეს გასულ ზაფხულს ტყის ხანძრების ჩაქრობაში უკრაინის მიერ გაწეული დახმარებისთვის. ქალბატონმა კლიმპუშცინცაძემ, თავის მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა ქართული მხარის მიერ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ბავშვებისთვის საქართველოში დასასვენებლად მიღების გამო, აგრეთვე კონფლიქტის ზონაში დაჭრილი უკრაინელი სამხედროების საქართველოში მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამისთვის. 4. საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა. საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ერთობლივი სამუშაო შეხვედრით დასრულდა ქართული დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. უკრაინულ მხარეს წარმოადგენდნენ: საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სახალხო დეპუტეტები: მაქსიმ ბურბაკი, ოლენა მასორინა, დმიტრო ლუბინეცი, დმიტრო დობროდომოვი, ოლექსანდრ დროზდიკი, იური ტიმოშენკო, ვლადისლავ დანილინი. პირველ რიგში ვისაუბრეთ საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ა.წ. მაისში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის ანდრიი პარუბიის თბილისში ვიზიტმა ახალი იმპულსი მისცა ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთობებს. აგრეთვე შევეხეთ 2018 წლის იანვარში კიევში საქართველოს პარლამენტის თავმაჯდომარის ირაკლი კობახიძის დაგეგმილ ვიზიტს. უკრაინული მხარის მიერ გამოითქვა საქართველო-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეა, რომელიც თავის სხდომებს წელიწადში ერთხელ მონაცვლებით საქართველოსა და უკრაინაში გამართავს. მართლაც, ჩვენს ქვეყნებს შორის იმდენად მჭიდრო და ინტენსიური სტრატეგიული ურთიერთობებია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების დონე საკმარისი აღარ არის. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ასამბლეის შექმნა შეიძლება გახდეს სრულიად ახალი საფეხური ამ მიმართულებით. უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს დელეგაციის მიერ დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში განხორციელებული ვიზიტის გამო. გამოითქვა იდეა ორივე ქვეყანაში დაღუპულ მებრძოლთა იდენტური მემორიალების დადგმის შესახებ. საუბარია ერთნაირ ძეგლებზე, რომლებიც მიეძღვნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ უკრაინელ მებრძოლებს. მოვილაპარაკეთ, რომ დავიწყებთ მუშაობას შესაბამისი პროექტების მომზადების მიმართულებით. აგრეთვე, შეთანხმდით რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც პარლამენტის მუდმივი კომიტეტების, ისე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დონეზე. უკრაინაში ჩატარებულ ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე. ატოს ზონაში მათთან ერთად ქართულ დელეგაციას ახლდა თავდაცვის ატაშე ლევან გამყრელიძე. საერთო ჯამში ვიზიტმა ძალზე მეგობრულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან, როგორიცაა უკრაინა. პატივისცემით, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე