„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი
ნომერი
#07-3/106/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 104 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 106 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.“ 2. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მოადგილეები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე. 2. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა. 3. ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის საქმიანობა ნაკლებად ეფექტურია და უპრიანი იქნება მისი მმართველობის სისტემის უფრო დეტალიზება და ფუნქციების ეფექტიანი გადანაწილება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის, რათა მოხდეს ფრაქციის შიდა ორგანიზაციული საკითხების უკეთ ორგანიზება და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებების სრულად განხორციელება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს. ამასთან, თანამდებობის პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, ფრაქციის თავმჯდომარის ერთერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრა, მათი პრობლემების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა პოლიტიკურ ან/და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რაც ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს მივლინებას ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებობს ფრაქციის საქმიანობის შეფერხების ობიექტური რისკი, ვინაიდან ფრაქციის თავმჯდომარე არის ფრაქციის საქმიანობის ერთპიროვნული წარმმართველი. ზემოაღნიშნული გარემოებები წარმოადგენს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის მომზადების მიზეზს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიზანია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი პოლიტიკური კურსის გამოხატვა და გატარება საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე თავიდან იქნეს აცილებული საკრებულოს ფრაქციების საქმიანობის შეფერხების რისკი, იმით რომ განხორციელდება მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარის უფლებამოსილებათა გადანაწილება თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეებს შორის და თავმჯდომარის არყოფნა არ შეაფერხებს ფრაქციების ნორმალური საქმიანობის პროცესს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსში განხორციელდება ცვლილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან, დადგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო არის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ვინაიდან, წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ემატება თანამდებობის პირების ჩამონათვალს, რომლის მაქსიმალური ოდენობა ერთ ფრაქციაზე შეადგენს არაუმეტეს ოთხს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, კი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა ანაზღაურებადია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების არსებული შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით, 64 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე ინიციატივის გავლენის ჯამური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 87 ათასიდან 282 ათას ლარს თვეში. რაც შეეხება სახსრების განაწილებას ადგილობრივ და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის, გასათვალისწინებელია საბიუჯეტო კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნორმა: „საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს, ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, ამ გადაწყვეტილების მიღების წლის განმავლობაში კომპენსირებული უნდა იქნეს მისი მიმღები ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან)”. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ემატება თანამდებობის პირების ჩამონათვალს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, კი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა ანაზღაურებადია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი; პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი. პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ დანელია, დავით სონღულაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომელშიც შედის ცვლილება: მუხლი 32. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები არიან: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. მუხლი 38. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის არჩევის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წესდებით.