საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ასოციაცია „ჰერა-XXI“-ს მიერ წარმოდგენილ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N15516; 21.07.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#20223/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-14
ბიუროს ნომერი 117

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 20223 11/12/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N80/14), წამყვანი კომიტეტის სტატუსით, განსახილველად გადაეცა ასოციაცია ,,ჰერა XXI -ის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N15516; 21.07.17). საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 2017 წლის 7 დეკემბერს. საკითხის საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება, სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაგზავნილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებსა და ბიოეთიკის ეროვნულ საბჭოში. საკანონმდებლო წინადადების ავტორების მიერ შემოთავაზებულია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ეთიკური თვალსაზრისით რთული და ძნელად გადასაწყვეტი, ხელოვნური ჩასახვის თანამედროვე ტექნოლოგიების, სუროგაციის სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები. რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, რეპროდუქციულ უფლებებთან და მათ სამართლებრივ მოწესრიგებასთან დაკავშირებული პრობლემები მიუხედავად მათი სიძველისა, დღესაც დისკუსიის და განსჯის საგანია. მოსახლეობის და განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ ქაიროს საერთაშორისო კონფერენციაზე (1994წ.) პირველად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან რეპროდუქციული ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა და რეპროდუქციული უფლებები. სუროგაცია უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა და მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს. ამავდროულად იგი თანამედროვე მედიცინისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ურთულესი ეთიკური და სამართლებრივი პრობლემების წყაროა. სუროგაციისას ხშირია მასში მონაწილე მხარეებს შორის ინტერესთა კონფლიქტი. ბევრი სახელმწიფოსათვის სუროგაციის ინსტიტუტიც კი მიუღებელია. სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც ორსულდება ხელოვნური ან ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით და უჩენს ბავშვს სხვა პირს ან პირთა წყვილს. კაცობრიობის ისტორიაში პირველად ხელოვნური განაყოფიერების გზით გოგონა დაიბადა 1978 წელს, ხოლო საქართველოში პირველი ბავშვი სუროგატი დედის წყალობით გაჩნდა 2004 წელს. მას შემდეგ დამოკიდებულება სუროგაციისადმი წლიდან წლამდე იცვლება. განასხვავებენ სუროგაციის ორ სახეს: 1) ტრადიციულს და 2) გესტაციურს. არსებობს ალტრუისტული და კომერციული სუროგაცია. კომერციულია სუროგაცია, თუ სუროგატი დედა სამედიცინო და სხვა გონივრული ხარჯების გარდა იღებს ანაზღაურებას გაწეული მომსახურებისათვის. ალტრუისტულია სუროგაცია, თუ სუროგატ დედას უნაზღაურდება ან არ უნაზღაურდება სამედიცინო და სხვა გონივრული ხარჯები. სუროგაციის კომერციალიზაცია ხელს შეუწყობს ჯანმრთელი, მაგრამ ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი, ხელმოკლე ქალების რეპროდუქციულ ექსპლუატაციას. გესტაციური სუროგაციის შემთხვევაში ქალი მხოლოდ სინჯარაა ნაყოფის გამოსაზრდელად. ორსულობისას იცვლება ქალის ჰორმონალური ფონი, რომლის ნორმაში მოყვანა ადვილი არ უნდა იყოს – ჩნდება ლაქტაციის პრობლემა – ონკოლოგიაში აღიარებულია, რომ ქალებში მკერდის კობოს განვითარების ერთ–ერთ რისკ ფაქტორს წარმოადგენს, თუ დედა ბავშვს ძუძუთი არ კვებავს. გასათვალისწინებელია ქალის ემოციური მდგომარეობაც. ნამშობიარევ ქალებში ხშირად გამოვლენილი ე.წ. მშობიარობის შემდგომი ნევროზი, რასაც უთუოდ დაამძიმებს ისეთი წინაპირობა, რაც გაჭირვების გამო ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებს მას. სავსებით ცხადია, რომ ეს პროცესი ქალის ჯანმრთელობისათვის უკვალოდ ვერ ჩაივლის (განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენჯერმე მიმართავს მას). ამიტომ უნდა მოიძებნოს მისი განხორციელების ის გზები, რომლებიც თითოეული კონკრეტული ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ, ზნეობრივ ფასეულობებს შეესაბამება. მსოფლიოს მასშტაბით სუროგატული დედობისათვის ფინანსური მოგების მიღება დაშვებულია ინდოეთში, ტაილანდსა და აშშ-ის რამდენიმე შტატში. შტატების უმრავლესობაში ის არალეგალურად არის მიჩნეული. სუროგაციის მომხრეები თვლიან, რომ იგი ორმხრივად სასარგებლო გარიგებაა – უშვილო წყვილი იღებს ნანატრ ბავშვს, სუროგატი დედა კი – სოლიდურ ანაზღაურებას, რაც მას ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოწინააღმდეგეთა აზრით, დაუშვებელია ბავშვის სასაქონლო ნივთად და ყიდვა–გაყიდვის ობიექტად ქცევა, სუროგატი დედის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის მოწესრიგება სუროგაციის დადებითი მხარედ არ უნდა ჩაითვალოს, რადგან სუროგაციის კომერციალიზაცია ხელს შეუწყობს ჯანმრთელი, მაგრამ ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი, ხელმოკლე ქალების რეპროდუქციულ ექსპლუატაციას. დღეს არსებული მონაცემებით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში (ევროპის საბჭოს წევრი 44 ქვეყნის მონაცემები) „სუროგაცია“, იგივე „სუროგატული დედობა“ (ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანა და გამოზრდა სხვა ქალის საშვილოსნოში) ან აკრძალულია, ან არ არის საკანონმდებლო რეგულაციის საგანი. სუროგაცია კანონმდებლობით დაშვებულია შემდეგ ქვეყანებში: დანია, საბერძნეთი, ნიდერლანდები, რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. ამასთან, ევროპის საბჭოს ყველა ქვეყანაში, სადაც სუროგაცია კანონმდებლობით არის დაშვებული, სუროგაციის კომერციალიზაცია აკრძალულია უკრაინის და რუსეთის გარდა. უფრო მეტიც, იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, სადაც სუროგატობა დაშვებულია, ის არ არის ხელშეწყობილი, დანერგილი და პრობლემურია არსებული სანქციების გამო (მაგ., ნიდერლანდები), ან ძალიან მკაცრი რეგულაციის საგანია; მაგალითად, აუცილებელია სასამართლოს ნებართვა, აკრძალულია ყოველგვარი რეკლამა, ინფორმაციის გავრცელება, გარიგება და ხელშეკრულების გაფორმება სუროგაციის თაობაზე (საბერძნეთი, დანია). ზემოხსენებული მონაცემები ეფუძნება ამ საკითხების შესახებ დღეისთვის არსებულ ერთადერთ სანდო წყაროს – ევროპის საბჭოს ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს (დოკუმენტი CDBI/INF (2005)7). გასათვალისწინებელია, რომ ,,ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 21-ე მუხლის მიხედვით (,,ფინანსური სარგებლობის აკრძალვა’’), ,,ადამიანის ორგანიზმი ან მისი ნაწილები არ შეიძლება გახდეს ფინანსური სარგებლობის წყარო. ეს აკრძალვა, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს აზრით, სუროგაციასაც მოიცავს. საქართველოში ზემოხსენებული კონვენცია ძალაშია 2001 წლის 1 მარტიდან. წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავის პასუხში აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს გარდა, მიზნად ისახავს მთელი რიგი ისეთი საკითხების სამართლებრივ მოწესრიგებას (მ.შ. სუროგაციაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები, სუროგაციის შესახებ ხელშეკრულების ნოტარიულად გაფორმების აუცილებლობა და სხვ.), რომელთა დარეგულირებაც, თავისი არსით, არ განეკუთვნება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის უფლებამოსილებას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არამართებულად მიაჩნია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში სუროგაციასთან დაკავშირებული საკითხების ამ მასშტაბით ინტეგრირება და მიზანშეწონილად მიაჩნია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან კომუნიკაცია. ამდენად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კანონპროექტის ამ სახით ინიცირებას მხარს არ უჭერს. ბიოეთიკის ეროვნული საბჭო თვლის, რომ სუროგატული დედობის ინსტიტუტი ადამიანის ღირსების შემლახავ პრაქტიკად უნდა ჩაითვალოს. განვითარებული ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის არც ერთი ფორმა არ არის მისაღები. ეს მონაცემები ეფუძნება ევროპის საბჭოს ბიოეთიკის სახელმძღვანელო კომიტეტის (CDBI) ფარგლებში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადებულ საინფორმაციო დოკუმენტს. (დოკ.DBI/ INF (2005)7). ამ საკითხზე არსებული შეხედულებები, პრაქტიკა და სამართლებრივი რეგულაციის ფორმები კვლავ შესწავლის საგანია ევროპის საბჭოს ფარგლებში. „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მუხლი 1-ის მიხედვით „კონვენციის მონაწილე მხარეებმა უნდა დაიცვან თითოეული ადამიანის ღირსება და ინდივიდუალობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყონ მათი ხელშეუხებლობა და სხვა უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ბიოლოგიასა და მედიცინაში“. ასევე, საბჭო მიიჩნევს, რომ სუროგატული დედობა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ამ უკანასკნელის ფართო, ბიოფსიქოსოციალური გაგებით. სუროგაციის საკითხის მოგვარების ერთადერთ სწორ გზად საბჭოს მისი სრული აკრძალვა ესახება და მიიჩნევს რომ ამ ძალზე მნიშვნელოვანი საკითხის სამართლებრივად საბოლოოდ მოწესრიგებამდე აუცილებელია სარწმუნო მონაცემების შეგროვება მაღალი ხარსიხის კვლევების ჩატარების საფუძველზე, ასევე საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ფართო განხილვების ორგანიზება. ასევე მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ფარგლებში მიმდინარე კვლევის დასრულებისათვის დალოდება და არსებული ტენდენციების გააზრება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ შემუშავებული კანონპროექტი არ არის სისტემური და ზოგიერთ შემთხვევაში მისი ნორმები ურთიერთწინააღმდეგობრივია. მაგალითად, კანონპროექტის თანახმად, სუროგაცია დასაშვებია მხოლოდ სრული გესტაციური და ნაწილობრივ გესტაციური ფორმებით, თუმცა, ამავდროულად, პროექტი ითვალისწინებს ემბრიონის სხვა წყვილისთვის გადაცემის შესაძლებლობას, რომლის დროსაც, არცერთ პოტენციურ მშობელს სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთან გენეტიკური კავშირი არ ექნება. სამინისტროს პოზიციით, ამგვარი მიდგომა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ოჯახის კეთილდღეობას და გაზრდის სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ტრეფიკინგის რისკს. გარდა ამისა, კანონპროექტით შემოთავაზებული ექსტრაკორპორული განაყოფიერებისა და სხვა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების წინაპირობები ურთიერთშეუსაბამოა; ბუნდოვანია მხოლოდ ალტრუისტული (ანაზღაურების გარეშე) სუროგაციის დაშვების შემთხვევაში, სუროგატი დედის მოტივაციის საკითხიც და სხვ. ზემო აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის შემოთავაზებული შინაარსით ინიცირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამდენად, საკითხის აქტუალობიდან, სხდომის წევრთა მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და კომპეტენტური უწყებებიდან მიღებული დასკვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე აღნიშნული სახით საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის მიერ, ცნობილ იქნა უარყოფილად. აკაკი ზოიძე თავმჯდომარე