„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.12.2017
ავტორი
მე-4 ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/117/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები: „5. ამ კოდექსის 141 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი). იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომლის აპარატის შემადგენლობაში არ შედის სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი), აგრეთვე, მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ კოდექსის 141 მუხლით გათვალისწინებული საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლემ. 6. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება სასამართლოს შესაბამის მოხელის (მაგისტრის) განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.“ 2. მე-14 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს;“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: „მუხლი 141. სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) განსჯადი სამოქალაქო საქმეები და მათი გასაჩივრების წესი 1. სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი) უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საქმეები: ა) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; ბ) იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეები; გ) მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეები. 2 ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მოსამართლე საჩივარს განიხილავს ამ კოდექსის XLVI თავით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.“. 4. მე-16 მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“. 5. 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, ასევე, შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ.” 6 .39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა3) ამ კოდექსის 1873 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე დავის საგნის ღირებულების 1% -ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელე სარჩელის საერთო წესების დაცვით წარდგენისას ვალდებულია, დამატებით წარადგინოს დავის საგნის ღირებულების 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;“. 7. 103-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. საქმის მოსამზადებელი ეტაპის ამოწურვამდე წარდგენილი მტკიცებულებები დაერთვება საქმეს და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო 225-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.’’ 8.. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. სარჩელი (განცხადება) შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით. ელექტრონული საქმისწარმოების წესს განისაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ‘’ 9. 178-ე მუხლის: ა) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით, გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევისა.“. ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, გარდა სარჩელის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევისა.“. 10. 183-ე მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) არ ერთვის ამ კოდექსის 178-ე მუხლის 21 ნაწილით დადგენილი წესით წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა);“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არ არის ხელმოწერილი, გარდა სარჩელის ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევისა.“ 11. 197 1 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნება მხოლოდ სასამართლოს განჩინება და საქმის დამოწმებული ასლები, ხოლო საქმის დედანი მასალები დარჩება და საქმის განხილვა გაგრძელდება სასამართლოს მიერ საერთო წესით.“ 12. 3161 მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 13 3211 მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 14 365-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.“. 15.. 3761 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.“ მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში: რაიონულმა (საქალაქო) სასამართლოებმა უზრუნველყონ საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განსახილველ საქმეთა შესაბამისი განსჯადი სასამართლოსათვის/სასამართლოს შესაბამისი მოხელისათვის გადაცემა; მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია, ერთი მხრივ, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებისა და, სხვა მხრივ, საქმეთა განხილვის პროცედურების გამარტივების ინტერესებით. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შემოსულ საქმეთა რაოდენობის, სასამართლოში არსებული მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა, ასევე სხდომის დარბაზების რაოდენობის გათვალისწინებით, მოსამართლეთა დატვირთულობა მკვეთრად იზრდება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმეთა დასრულება გართულებულია, რის გამოც საქმეთა განხილვა ჭიანურდება. შესაბამისად, საფრთხე ექმნება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შემოსულ საქმეთა უმეტესობა წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივი კატეგორიის საქმეებს. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი კატეგორიის საქმეთა რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 20 000 საქმეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემოსული ვალდებულებითი-სამართლებრივი კატეგორიის 31632 საქმიდან საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, შეადგენს 18736 საქმეს, რაც საქმეთა საერთო რაოდენობის 59,2%-ს წარმოადგენს. ამასთან, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, ვინაიდან ასეთი ხელშეკრულებების თანახმად ხელშეკრულების შესრულების ადგილად განსაზღვრულია ქ. თბილისი. 2016 წლის I და II კვარტალში საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე იმ დავების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნის ოდენობაც არ აღემატება 5000 ლარს, 5826 საქმეს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის I და II კვარტალში მსგავსი კატეგორიის დავებზე შემოსულ საქმეთა რაოდენობამ წინა წელთან შედარებით მოიმატა არსებითად და შეადგინა 7128 საქმე. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სახის დავებზე საქმეთა ზრდის ტენდენცია კვლავ ამ ტემპით გაგრძელდება. საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების რაოდენობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საქმეთა განხილვა განხორციელდეს არა ხელშეკრულების შესრულების ადგილის, არამედ მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განტვირთვას, აგრეთვე დააჩქარებს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესს. საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილია მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვის უფლებამოსილება, როდესაც მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 5000 ლარს, გადაეცეს სასამართლოს შესაბამის მოხელეს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დაინერგა 2011 წელს, როდესაც სასამართლოს შესაბამის მოხელეს დაექვემდებარა უდავო წარმოების ცალკეულ საქმეთა განხილვა. ზოგადად, სასამართლოს შესაბამისი მოხელის ინსტიტუტის შემოღება ემსახურებოდა სწორედ სასამართლოს განტვირთვასა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ვინაიდან ზემოაღნიშნული საქმეები ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი თვალსაზრისით არ ხასიათდება სირთულით, ამასთან, საქმეთა უმეტესობა მხარეთა შორის მორიგებით სრულდება, მიზანშეწონილია აღნიშნულ საქმეებიც დაექვემდებაროს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ განხილვას. ამასთან, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილია გაფართოვდეს მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი საქმეების არეალი. ამასთან, სამართალწარმოების პროცედურის გამარტივებისა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილია გაფართოვდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ როგორც ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა კატეგორია, ისე იმ საქმეთა არეალი, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე. ასევე, მიზანშეწონილია, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის თვალსაზრისით, გაიზარდოს სააპელაციო საჩივრის ღირებულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მხარეებს აქვთ საჯარო განხილვის უფლება, რადგან ეს იცავს მათ მართლმსაჯულების საიდუმლოდ განხორციელებისგან საზოგადოებრივი განსჯის გარეშე. მართლმსაჯულების თვალსაჩინოდ განხორციელების გზით, საჯარო მოსმენა ხელს უწყობს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნის მიღწევას, კერძოდ, სამართლიან სასამართლო განხილვას. (Malhous v. Czech Republlic [GC], §§ 55-56). მაშინ, როდესაც საჯარო მოსმენა არის 6.1. მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპი, ასეთი მოსმენის ჩატარების ვალდებულება არ არის აბსოლუტური ხასიათის(De Tomaso v. Italy [GC], § 163). სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, მეორე ინსტანციაში ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლებელია განხილული იყოს სამართლებრივი საკითხები, ხოლო ფაქტების შემოწმება აუცილებლად საჭიროებს ზეპირ მოსმენას. შესაბამისად, აპელაციაში დაშვების პროცედურები და პროცედურები, რომლებიც მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს მოიცავს, განსხვავებით შემთხვევებისგან, როდესაც ფაქტები არის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული, შესაძლებელია შესაბამისობაში იყოს მე-6 მუხლთან; (Miller v. Sweden, § 30). ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული უმაღლესი სასამართლოების პროცედურების სპეციფიკა. (Fisher v. Austria) , § 44; Salomonsson v. Sweden, § 36).,,მოსმენა არ არის აუცილებელი, როდესაც არ არის წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები, რომლებიც საჭიროებს მოსმენას და სასამართლოს შეუძლია საქმე გადაწყვიტოს სამართლიანად და რაციონალურად მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე.’’ (Döry v. Sweden, § 37; Saccococcia v. Austria, § 73). სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ,,მოსმენის არარსებობა შეიძლება გამართლებულ იქნას იმ შემთხვევაში, როდესაც ვიწრო სამართლებრივი საკითხია ‘’(Allan Jacobsson Sweden (no. 2), § 49; Valova, Slezak and slezak v. Slovakia §§ 65-68) ან საკითხი არ ხასიათდება განსაკუთრებული სირთულით (Varela Assalino v.Portugal (dec.); Speil v.Austria (dec.)იგივე ეხება ძალიან ტექნიკურ საკითხებსაც. სასამართლომ ყურადღება მიაქცია დავების ტექნიკურ ბუნებას სოციალური დაცვის შეღავათებთან დაკავშირებით, რაც უკეთესად განიხილება წერილობითი მასალების საფუძველზე, ვიდრე ზეპირი მოსმენით. სასამართლომ არაერთგზის დაადგინა, რომ ამ სფეროში, ეფექტურობისა და ეკონომიის პრინციპებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია თავი შეიკავოს მოსმენის ჩატარებისგან, რადგან სისტემატურად მოსმენების ჩატარებამ შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას სოციალური დაცვის პროცედურების განსაკუთრებული გულმოდგინებით განხორციელებას. (Schuler-Zgraggen v. Switzerland, § 58; Do ry v. Sweden, § 41; and contrast Salomonsson v. Sweden, §§ 39-40).ამის საპირისპიროდ, ზეპირი მოსმენის ჩატარება იქნება აუცილებელი, როდესაც სასამართლოს იურისდიქციის ქვეში არის მნიშვნელოვან ფაქტობრივი გარემოებები. (Fisher v. Austria, § 44),ან საკითხები, რომლებიც გულისხმობს იმის დადგენას, სახელმწიფო ორგანოებმა რამდენად სწორად დააადგინეს ფაქტები (Malhous v. the the Czech Republic [GC], § 60), ასევე, გარემოებები, რომლებიც მოითხოვს სასამართლოსგან, შეიქმნას პერსონალური შთაბეჭდილება აპლიკანტზე, მისცეს მას შესაძლებლობა, ახსნას თავისი პერსონალური სიტუაცია, პირადად ან წარმომადგენელის მეშვეობით (Miller v. Sweden, § 34; Andersson v Sweden, § 57) მაგალითად, როდესაც აპლიკანტს უნდა მოუსმინონ მისი პერსონალური ტანჯვის საკითხებზე, რაც დაკავშირებულია კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან (GOG v. Turkey [GC], § 51; Lorenzetti v. Italy, § 33); – ან სადაც სასამართლოს სჭირდება კლარიფიკაცია კონკრეტულ საკითხებზე (Fredin v. Sweden (no. 2), § 22; Lundevall v. Sweden, § 39) სასამართლოში დამკვიდრდა არასწორი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, საქმის განხილვის მომზადების სტადიაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ტარდება არაერთი მოსამზადებელი სხდომა იმასთან დაკავშირებით, დაერთოს თუ არა ეს მტკიცებულებები საქმეს. ამაში იხარჯება როგორც სასამართლოს, ასევე, მხარეების დრო. გარდა ამისა, არავითარი ლოგიკა არ არის ამ მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით ცალკე მსჯელობაში, რადგან თავისი არსით ეს მტკიცებულებები არაფრით არ განსხვავდება სარჩელზე ან შესაგებელზე დართული მტკიცებულებებისგან. ვინაიდან არც სარჩელზე და არც შესაგებელზე დართულ მტკიცებულებას არ სჭირდება ცალკე მსჯელობა საქმეზე დასართავად და ისინი ავტომატურად ერთვებიან საქმეს, იგივე პრინციპი უნდა გავრცელდეს მომზადების სტადიაზე წარმოდგენილ ყველა მტკიცებულების მიმართ. სარჩელ-შესაგებელზე დართული მტკიცებულებებიც და ის მტკიცებულებებიც, რაც წარდგენილია მომზადების სტადიაზე, განიხილება, და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამოღებული იქნება 225-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის მთავარ სხდომაზე. საქმის განხილვის გაჭიანურების გავრცელებული შემთხვევაა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრება. საქმე მთლიანად იგზავნება აპელაციაში და იქ არის, სულ მცირე, 3 თვე. არსებობს შემთხვევები, როცა 8-9 თვეც ყოფილა. შემოთავაზებული ცვლილებით აპელაციაში გაიგზავნება მხოლოდ საქმის დამოწმებული ქსეროასლები, ხოლო საქმის განხილვა გაგრძელდება ჩვეულებრივად. კანონპროექტის მიღება აგრეთვე განპირობებულია საერთო სასამართლოებში საქმეთა რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის ინტერესებით. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ფორმით სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ვერ ხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა და სარჩელის (განცხადების) ხელმოწერა. ამის გამო კანონპროექტით განსხვავებული წესი დგინდება ელექტრონული ფორმით სარჩელის (განცხადების) წარდგენის შემთხვევისთვის. ამასთან, აღნიშნული წესის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტად განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია მხარეთა ინტერესების უკეთ დაცვა, მოსამართლეთა დატვირთულობის შემცირება და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება ხორციელდება კოდექსის მე-16 მუხლში. ცვლილების თანახმად, სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის ხელშეკრულებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის საქმეების განხილვის უფლებამოსილება, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, ენიჭება სასამართლოს შესაბამის მოხელეს, რის გამოც კოდექსს ემატება 141 მუხლი. ამასთან, განისაზღვრება სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გადაწყვეტლების გასაჩივრების წესი და პროცედურა. გარდა ამისა, ფართოვდება მაგისტრატ მოსამართლეთა მიერ განსჯად საქმეთა არეალი და ქონებრივი დავების განხილვის უფლებამოსილება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, ნაცვლად 2000 ლარისა. თანხის ანალოგიური ოდენობაა გათვალსიწინებული მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეების განხილვისას. კანონპროექტით ცვლილება ხორციელდება კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილში და ფართოვდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა არეალი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ერთპიროვნულად განხილვას ექვემდებარება ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, ასევე, საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე. კანონპროექტით იცვლება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, შესაძლებელი ხდება სარჩელის (განცხადების) ელექტრონული ფორმით წარდგენა, ხოლო ელექტრონული საქმისწარმოების წესის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტად განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანონპროექტით ცვლილება შედის კოდექსის 178-ე მუხლის 21 და მე-5 ნაწილებში, რომელთა შესაბამისად, სარჩელის ელექტრონული ფორმით წარდგენისას არ მოითხოვება სარჩელზე ხელმოწერის არსებობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. კანონპროექტით კონკრეტდება კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მხარეთა მიერ მითითებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების არგუმენტირებულ შეფასებას. ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დგინდება 2 000 ლარიანი ზღვარი, ნაცვლად 1000 ლარისა. კანონპროექტით, 3761 მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც ფართოვდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველ საქმეთა არეალი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს. ამასთან, აღნიშნულ დავებს სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობით. კანონპროექტის მიხედვით, საქმის განხილვის მომზადების სტადიაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ გავრცელდება იგივე პრინციპი, რაც სარჩელზე ან შესაგებელზე დართული მტკიცებულებების მიმართ არსებობს. ისინი ავტომატურად დაერთვება საქმეს და განიხილება, და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამოღებული იქნება 225-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის მთავარ სხდომაზე. ხოლო საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. შემოთავაზებული ცვლილებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნება მხოლოდ სასამართლოს განჩინება და საქმის დამოწმებული ასლები, ხოლო საქმის დედანი მასალები დარჩება და საქმის განხილვა გაგრძელდება სასამართლოს მიერ საერთო წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავების განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში საჭიროა სასამართლოს 3 შესაბამისი მოხელის (მაგისტრის) დანიშვნა. თითოეულის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება 1690 ლარით. ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენს 81 120 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, კანონპროექტი განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, აშშ-ს საელჩოს, „პროლოგის“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საერთაშორისო ექსპერტები: რენატე ვინტერი, თიმ ბალანდი, გერჰარდ რაისნერი. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია მე-4 ეტაპის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ იმ მუხლების მოქმედი (სრული) რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი სამოქალაქო საქმეები 1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. 2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მაგისტრატი მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში. 3. იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, აგრეთვე მისი არყოფნის შემთხვევაში, ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული საქმეები შეიძლება განიხილოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლემ. 4. თუ არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა, რომელთაგან ერთ-ერთი არ განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს, საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სხვა მოსამართლე. მუხლი 14. მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი სამოქალაქო საქმეები მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს; ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს; გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე; დ) (ამოღებულია). მუხლი 16. განსაკუთრებული განსჯადობა 1. სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. 3. სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. 4. სარჩელები კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით სასამართლოს წარედგინება მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მამკვიდრებელი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ გარდაცვალების მომენტისათვის იგი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სასამართლოში სარჩელი შეიძლება აღიძრას საქართველოში მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის ან სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით. მუხლი 25. სასამართლოს შემადგენლობა 1. სამოქალაქო საქმეები პირველი ინსტანციით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ასევე მაგისტრატი მოსამართლეების მიერ განიხილება ერთპიროვნულად. 2. (ამოღებულია). 3. სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს სამი მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ასევე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ. 4. სამოქალაქო საქმეების განხილვა საკასაციო წესით ხორციელდება სამი მოსამართლის მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა. მუხლი 39. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 1. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ; ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან, აცილებასთან, უფლებამოსილების შეწყვეტასთან, კომპეტენციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე – 50 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა2) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ა3) ამ კოდექსის 1873 მუხლიდან გამომდინარე სარჩელებზე დავის საგნის ღირებულებ ის 1% -ს, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. თუ სასამართლო მედიაციის პროცესში დავა მხარეთ ა შეთანხმებით არ დასრულდა, მოსარჩელე სარჩელის საერთო წესების დაცვით წარდგენისას ვალდებულია დამატებით წარადგინოს დავის საგნის ღირებულების 2%-ის, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ა4) (ამოღებულია - 19.02.2015, №3096); ა5) (ამოღებულია - 19.02.2015, №3096); ბ) სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; გ) საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა; დ) კერძო საჩივარზე – 50 ლარს; ე) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს; (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/623 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. ე1) საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; (ძალადაკარგულია -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/623 - ვებგვერდი, 12.01.2017წ.) ვ) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს; (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/623 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. ზ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარს; თ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს; ი) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე, როცა საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარს; ი1) (ამოღებულია - 19.02.2015, №3096); კ) თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს; ლ) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 100 და 300 ლარს. 11. (ამოღებულია – 06.12.2011, №5369). 2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. 3. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს; ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს; ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს; ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს; გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს; გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს. მუხლი 103. მტკიცებულებათა შეგროვება 1. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. 2. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. 3. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. მუხლი 177. საქმის აღძვრა 1. საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში – განცხადებით. 2. სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. 3. სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. მუხლი 178. სარჩელის შინაარსი 1. სარჩელში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვთ სარჩელი; ბ) მოსარჩელის, მისი წარმომადგენლის (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს), მოპასუხის, მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსი. სარჩელში შესაძლოა მოსარჩელემ ან მისმა წარმომადგენელმა ასევე მიუთითოს საკონტაქტო პირის მონაცემები. თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), იგი ვალდებულია მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი; გ) დავის საგანი; დ) სარჩელის ფასი; ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს; ზ) მოსარჩელის მოთხოვნა; თ) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი) არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის შუამდგომლობები: ი.ა) სასამართლომ დაავალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; ი.ბ) სასამართლომ მისცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები და რომელთა გაცემაზედაც არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს; ი.გ) სასამართლომ დროულად შეატყობინოს და სასამართლო სხდომაზე გამოიძახოს მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები; ი.დ) ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად; ი.ე) სხვა სახის შუამდგომლობები; კ) სარჩელისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა; ლ) ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; მ) მოსარჩელის მოსაზრება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე. 2. სარჩელს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დოკუმენტი, თუ სარჩელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს. დამადასტურებელი 21. სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი). 3. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. 31. სასამართლოს უნდა წარედგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. 4. მოსარჩელე, მისი წარმომადგენელი (თუ სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს) ვალდებულია, ზუსტად მიუთითოს სარჩელში საკუთარი, მოპასუხის, მოწმის, ასევე სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის მისამართები. 5. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. მუხლი 183. სარჩელის (განცხადების) რეგისტრაცია სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს: ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით; ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რეკვიზიტები; გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა); დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი; ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს; ვ) არ არის ხელმოწერილი; ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. მუხლი 1971. სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა, საჩივრისა და საქმის მასალების გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში 1. სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. 2. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. 3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს. 4. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. მუხლი 3161. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით. 2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 3211. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი 1. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით. 2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მუხლი 3761. საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე 1. თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება. 2. თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.