საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ავთანდილ შენგელიას მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№19998; 12.10.2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#21671/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 21671 27/12/2017 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ავთანდილ შენგელიას საკანონმდებლო წინადადების წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 21 დეკემბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ავთანდილ შენგელიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას და ითვალისწინებს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის 65 წლის ასაკის მიღწევამდე მიღების შესაძლებლობას იმ მოსამართლის მიერ, რომელსაც შეუწყდა სამოსამართლეო უფლებამოსილება ან ამოეწურა შესაბამისი ვადა. არსებული სამართლებრივი რეჟიმი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებში მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია. „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება ხდება 65 წლის ასაკამდე თუ ამ პირებს აქვთ ნამსახურების არანაკლებ 20 წელი. (მერვე მუხლის მე-4 პუნქტი). ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში (მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა მოქალაქე ავთანდილ შენგელიას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება , რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას და ითვალისწინებს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის 65 წლის ასაკის მიღწევამდე მიღების შესაძლებლობას იმ მოსამართლის მიერ, რომელსაც შეუწყდა სამოსამართლეო უფლებამოსილება ან ამოეწურა შესაბამისი ვადა. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ მოსამართლეს ჰქონდეს მისთვის დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლება 65 წლის ასაკის მიღწევამდე თუ ნამსახურობის 20 წელი შეუსრულდა და აღნიშნულ 20 წელში ჩაითვალოს როგორც მოსამართლის ნამსახურობის ვადა ასევე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნამსახურობის წლებიც. აღნიშნულის დასასაბუთებლად საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიუთითებს იგივე სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას ზემოაღნიშნული უწყებების თანამშრომლების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან და პროკურატურიდან განთავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშებისას ნამსახურობის არანაკლებ 20 წელში გათვალისწინებულია სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახურის სტაჟი. საკანონმდებლო წინადადების მიმართება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის 26-ე მუხლი არ მოიცავს დისკრიმინაციის განმარტებას, თუმცა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მე-18 ზოგადი კომენტარის მიხედვით, „დისკრიმინაცია არის რაიმე ნიშნის გამო ნებისმიერი განსხვავება, გამორიცხვა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თანასწორობის საწყისების აღიარების, გამოყენების ან რეალიზების უგულებელყოფას ან შელახვას“ (General Comment #18: Non-discrimination, Thirty-seventh session (1989), para.7). ევროპული სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ საკითხი მოექცეს კონვენციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში, აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა არსებობდეს ანალოგიურ ან მსგავს სიტუაციაში მყოფი პირების მიმართ. განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია თუ მას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება, ე.ი. არ ისახავს კანონიერ მიზანს და არ არსებობს პროპორციულობის გონივრული კავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (ECtHR, Eweida and others v. United Kingdom, no: 48420/10, 59842/10, 51671/10, 36516/10, 15/01/2013, § 87-88; Burden v. United Kingdom, no: 13378/05, 29/04/2008, 29/04/2008, § 60). ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე (Recommendation CM/Rec (2010)12 of the Committee of Ministers to member states on judges: independence, efficiency and responsibilities, &11) ხაზს უსვამს რომ, სახელმწიფო კომპენსაცია ემსახურება მოსამართლეთა კომპეტენტურობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველმყოფ გარანტიას. შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გულისხმობს მისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნას, როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, ისე სამოსამართლო უფლებამოსილების დასრულების შემდეგაც. მთავრობის პოზიცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მხარს არ უჭერენ საკანონმდებლო წინადადებას, ხოლოიუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ ამ საკითხის მოწესრიგების დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობები, კომპენსაციების ახლებურად გაანგარისებისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრების მოცულობა და ქვეყნის საფინანსოეკონომიკური პოტენციალი. კომიტეტის პოზიცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის მოსაზრება: საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული კანონპროექტი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში. განსახილველი საკანონმდებლო წინადადების მიღება გამოიწვევს 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. კომიტეტში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნები, რომლებიც მხარს არ უჭერენ საკანონმდებლო წინადადებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. შემსრულებელი: გ.თორდია პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე