„საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე“

რეზოლუცია ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
01.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე,
ნომერი
#07-3/132/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-05
ბიუროს ნომერი 137

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ: ა.ა) მიღების მიზეზი: პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის უკანონო დაკავება და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. რუსეთის ფედერაციის მიერ ხორციელდება მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იზოლაცია, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და უკანონო დაკავებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელის შეშლა, რაც ამძიმებს ომითა და ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ვითარებას და ახდენს სამშვიდობო პროცესის მიზანმიმართულ შეფერხებას. სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ა.ბ) პროექტის მიზანი: საქართველო საკუთარი მოქალაქეებისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო ხელყოფისაგან დაცვის მიზნით მის ხელთ არსებულ ყველა ზომასა და ბერკეტს მიმართავს. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მიღების მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზება და გაძლიერება. ა.გ) პროექტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რეზოლუციით მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ზომები, რათა მოხდეს საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, საქართველოს მოქალაქეებს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა და გაძლიერდეს ძალისხმევა, რათა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება. ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას და შესაბამისად, არ ადგენს მის ოდენობასა და გადახდის წესს. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, პროექტის შემუშავებაში, ასეთი არ არსებობს. არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) პროექტის ავტორი: პროექტის ავტორია უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ვ) პროექტის ინიციატორი: პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა, მოქალაქეთა ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართ; ითვალისწინებს რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია; მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების და ეკონომიკური განვითარების პროცესში; გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სიკეთეები გაუზიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. საქართველოს პარლამენტი მკაცრად გმობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას; კიდევ ერთხელ, მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც ასევე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას; გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს; გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იზოლაციას, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და უკანონო დაკავებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს და ეთნიკურ დისკრიმინაციას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელის შეშლას, რაც ამძიმებს ომითა და ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ვითარებას და ახდენს სამშვიდობო პროცესის მიზანმიმართულ შეფერხებას; საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე; არ დააბრკოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება, მათ შორის, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით; შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; შეწყვიტოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ; შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და ეფექტიანად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით; გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში პროგრესის მისაღწევად; უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელი არ შეუშალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ზომები, რათა მოხდეს საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, საქართველოს მოქალაქეებს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა; მიიღოს ზომები, რათა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ქართული მხარის მიერ ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება, მათ შორის საერთაშორისო აქტორების ჩართულობით; გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება; მოახდინოს ძალისხმევის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, გადასაწყვეტად რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის მიზნით; გააძლიეროს ძალისხმევა ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის მიზნით.