საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 15-16 თებერვალს ბულგარეთში, 2018 წლის 22-23 თებერვალს ავსტრიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე და 2018 წლის 26 თებერვალი-2 მარტს თურქეთში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ შეხვედრაზე საპარლამენტო ვიზიტების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.03.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#3914/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-19
ბიუროს ნომერი 141

📜 ტექსტი

წერილი
N 3914 14/03/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით 2018 წლის 15-16 თებერვალს, ქ. სოფიაში, ბულგარეთში მივლინების, 2018 წლის 22-23 თებერვალს, ქ. ვენაში, ავსტრიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობის და 2018 წლის 26 თებერვალი-2 მარტს, ქ. ანკარაში, თურქეთში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საპარლამენტო ვიზიტის ანგარიშებს. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიშები შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 11 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე სამმხრივი
დანართი
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ანგარიში მივლინებული: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია 1. 2. 3. სოფიო ქაცარავა, დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მერი გოგოლაძე, დელეგაციის მდივანი მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება მივლინების ადგილი: ქალაქი ვენა, ავსტრია მივლინების თარიღი: 2018 წლის 22-23 თებერვალი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ზამთრის სესიის მუშაობის ძირითად თემას ყოველწლიური ზაფხულის ასამბლეისათვის მზადება წარმოადგენდა, რომელიც 2018 წლის 7-11 ივლისს ბერლინში ჩატარდება. ასამბლეაზე განიხილებოდა ანგარიშების პროექტები და ეუთო-ს პრიორიტეტების შესაბამისი დღის წესრიგი. იტალიური თავმჯდომარეობის სახელით სესიის მონაწილეებს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვინჩენცო ამენდოლამ მიმართა. 22 თებერვალს ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიების და გარემოს დაცვითი კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავამ მოხსენების კონცეფცია და ის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რასაც ანგარიშის სახით ყოველწლიურ ზაფხულის სესიაზე ბერლინში წარადგენს. წევრი ქვეყნების დელეგატების წინაშე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებსა და მიზნებზე 2018 წელს, რაც კორუფციასთან ბრძოლას, კარგი მმართველობის პოპულარიზაციას, ციფრული ეკონომიკის ოპტიმიზაციას, კლიმატურ ცვლილებებს და მიგრაციის საკითხებს მოიცავს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა მიგრაციის თემას, ამ ჭრილში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში პარტნიორობის როლს მიგრაციის მართვისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებს. მისი თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, რომლის თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ საქართველოა, მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს პარტნიორ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ მზადაა ამ გამოცდილების გაზიარებისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მან ასევე ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემაზე, რაც საპარლამენტო როლის გავლენას ნიშნავს ეუთო-ს ყველა ვალდებულების შესრულების ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნების პარლამენტების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგების წინაპირობა იქნება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკითხი წამოჭრა დელეგატების წინაშე და ისაუბრა ეუთო-ს წევრი ქვეყნების სამომავლო ქმედებებზე. „რა ხედვა გვაქვს ეუთო-ს სივრცეში მთავრობის გაძლიერების, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის, დაცული გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის; როგორ უნდა ვიქონიოთ გავლენა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და რა კონკრეტულ ნაბიჯებს მოიცავს ჩვენი მიზნები გავზარდოთ გაეროს მდგრადი განვითარების ანტიკორუფციული რეფორმების გატარების მხარდაჭერა“. მიზნების ხელშეწყობა და ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სოფიო ქაცარავამ დელეგატებს მიმართა, რომლის მთავარი მომხსენებლებიც იტალიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვინჩენსო ამენდოლა და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იყვნენ. მან ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პრიორიტეტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს, რაც საქართველოს პირველ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეზე, რასაც ჰიბრიდული ომი წარმოადგენს და რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს წევრი ქვეყნების ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალი სტანდარტით ჩამოყალიბებაში. სოფიო ქაცარავამ ინტერესი გამოხატა იტალიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ამ საკითხის მნიშვნელობის შესახებ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. სოფიო ქაცარავამ პოზიციაა დააფიქსირა ასევე პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ფილიპო ლომბარდის მიერ მიგრაციის საკითხებზე წარდგენილი ანგარიშის საპასუხოდ, ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დელეგაციის ხელმძღვანელმა მიგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის - იტალიის პრიორიტეტიცაა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხზე, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს უდიდეს პრობლემად რჩება. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ამ გამოწვევის ეუთო-ს სივრცეში არსებობას. „წევრი ქვეყნების ყურადღება უნდა მიიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის გამომწვევ მიზეზებსა და მათ მოგვარებაზე, რაც აქტიურად უნდა დადგეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. სამი ძირითადი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გიგი წერეთელი სიტყბით გამოვიდა და აღნიშნა. „ჩემთვის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა. შეხვედრებზე ჩვენ ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, კონფლიქტები. უკრაინის თემასთან ერთად, რომელიც ხშირად არის დისკუსიის საგანი, ბუნებრივია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ვსაუბრობთ. ზამთრის სესიის ფარგლებში ჩვენ ვაყალიბებთ რეზოლუციის პროექტებს, რომელიც შემდგომ ზაფხულის ყოველწლიურ შეკრებაზე იქნება მიღებული, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული ის საკითხები, რომლებიც ეუთოს რეგიონისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალურია”. ბატონმა გიორგი წერეთელმა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა წაიყვანა ასამბლეის პლენარული სხდომები და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა. გიორგი წერეთელმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებისადმი მეტი ყურადღების მიპყრობის აუცილებლობას. სოფიო ქაცარავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ახლადდანიშნულ დირექტორს ინგიბორგ გისლედოტირს შეხვდა. ODIHR-ის დირექტორთან შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებისა და მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რასაც საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტი. საუბარი აგრეთვე შეხებოდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და ამ ჭრილში ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას, რასაც ასევე თვალყურს ადევნებდნენ ODIHR-ის წარმომადგენლები. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან, ინგრიდბერგ გისლადოტირთან გამართულ შეხვედრისას, მხარეებმა ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. სოფიო ქაცარავამ გენდერული თანასწორობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის საკოთხებზე ისაუბრა. მხარეებმა, კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული შედეგი. შეხვედრაზე დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში, ეუთოს ინსტიტუტის ჩართულობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. სოფიო ქაცარავა ასევე შეხვდა ეუთო-ს წარმომადგენელს მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს. ჰარლემ დეზირმა ყურადღება გაამახვილა მედია თავისუფლების ხარისხის მნიშვნელობაზე დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. სოფიო ქაცარავამ ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი გააცნო მედია პლურალიზმის მიმართულებით, რაც ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლს და ამ ფორმატში ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიცაა მედია თავისუფლება. ჰარლემ დეზირმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენციის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. სოფიო ქაცარავამ ასევე ორმხირივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის დელეგაციების ახალ შემდგენლობასთან და ჰოლანდიის დელეგაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან. განხილვის მთავარი თემები იტალიის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს და დღის წესრიგს, საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას და სოფიო ქაცარავას მეორე კომიტეტის ანგარიშს შეეხებოდა, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხების მომცველია ეუთოს რეგიონისთვის. სოფიო ქაცარავამ კოლეგებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებები. საუბარი ასევე შეეხებოდა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში გატარებულ რეფორმებსა და საქართველოს პროგრესს კარგი მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით; საქართველო საგარეო კურსის მთავარ პრიორიტეტებს - ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებას, ნატოში გაწევრიანებას და ამ გზაზე გატარებულ რეფორმებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია ბერლინის ასამბლეის ფორმატში გეგმავს პარალელური ღონისძიების ჩატარებას, რომლის თემაც იქნება პარლამენტარიზმისა და პარლამენტარების როლის გაძლიერება ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ანგარიში მოამზადა მერი გოგოლაძემ 14.03.2018
დანართი
სოფიო ქაცარავას სოფიაში ვიზიტის ანგარიში დელეგაციის შემადგენლობა: სოფიო ქაცარავა მივლინების მიზანი: „ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ“ კონფერენციაში მონაწილეობა და ორმხირივი საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება მივლინების ადგილი: ქალაქი სოფია, ბულგარეთი მივლინების თარიღი: 2018 წლის 15-16 თებერვალი 2018 წლის 15-16 თებერვალს, სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯემა გროზდანოვას მოწვევით მონაწილეობა მიიღო „ერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის ვიცე - პრეზიდენტთან იოან პაშკუსთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ მაკალისტერთან, ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯემა გროზდანოვასთან, თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან კონსტრანტინ პოპოვთან, ევროპულ საქმეთა და ევროპული ფონდების საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენინთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან კრისტინა სიდოროვასთან და ჯგუფის სხვა წევრებთან და რუმინეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან როზალინა ბიროსთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე ევროკავშირის პრიორიტეტებსა და სტრატეგიაზე, შავი ზღვის რეგიონის როლზე, ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე და მათ სტრატეგიულ კავშირზე იმსჯელეს ენერგეტიკისა და სატრანსპორტო მიმართულებით. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან იოან პაშკუსთან შეხვედრის დროს სოფიო ქაცარავამ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება. „მიუხედავად არსებული კონფლიქტისა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას განვითარების ხელშესახებ პროგრესს აჩვენებს ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაც პარტნიორების მიერაა აღიარებული“, აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. თავის მხრივ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნის მთავარი საგარეო მიზნის მისაღწევად. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ მაკალისტერთან შეხვდრის დროს, სოფიო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს საგარეო კურსის მთავარ მიზნებზე, მისწრაფებებსა და ამ გზაზე მიღწეულ შედეგებზე. ბ-ნ მაკალისტერს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარება. საუბარი შეეხო საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოტენციალს, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ამ მიმართულებით არსებულ დღის წესრიგს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მიმდინარეობა, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების წარმატებული ფორმირების საკითხები და მიმდინარე რეფორმები ამ მიმართულებით. ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯემა გროზდანოვასთან შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები, ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, დღის წესრიგი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მისწრაფებები. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას. ჯემა გროზდანოვა თბილისს მაისში ეწვევა და გაფორმდება კომიტეტთა შორისი მემორანდუმი, რომელიც ოფიციალურად ასახავს პარტნიორობის კონკრეტული მიმართულებების გაძლიერების აუცილებლობას. ევროპულ საქმეთა და ევროპული ფონდების საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენინთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებს, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხებსა და გამოწვევებს. განიხილეს ბულგარეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები, რაც უფრო მეტად გააქტიურდება მომავალში პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით. სოფიო ქაცარავამ ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან კრისტინა სიდოროვასთან, სადაც განხილვის მტაავრი თემა იყო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და ახალი დღის წესრიგის საკითხები. ანგარიში მოამზადა თამარ ამირეჯიბმა 14.03.2018
დანართი
საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი საპარლამენტო ვიზიტი ანკარაში მივლინების მიზანი: სამმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება დელეგაციის ხელმძღვანელი: სოფიო ქაცარავა დელეგაციის წევრები: ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე, რამაზ ნიკოლაიშვილი მივლინების ადგილი: ქ. ანკარა, თურქეთი. მივლინების თარიღი: 2018 წლის 26 თებერვალი -2 მარტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, 2018 წლის 26 თებერვალი - 2 მარტის პერიოდში მონაწილეობა მიიღო ანკარაში გამართულ სამმხრივ ვიზიტში. შეხვედრა თურქეთის პრემიერ მინისტრთან ბინალი ილდირიმთან სამმხრივი ფორმატის ფარგლებში დელეგაციებმა შეხვედრა გამართეს თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ბინალი ილდირიმს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ყურადღება გაამახვილა საერთო პრიორიტეტებზე და მიზნებზე, რაც პირველ რიგში, ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პრტნიორობას მოიაზრებს. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობას და სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაჭრობისა და ტრანსპორტის საშუალებით ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და ურთიერთობის ახალ პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში (ევროპის საბჭო, ეუთო) საპარლამენტო დელეგაციებს შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთანამშრომლობა და მხარდაჭერა. სამმხრივი საპარლამენტო თანამშრობლობის ფორმატი კი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. მან ასევე ისაუბრა კულტურული და ხალხთა შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების გზაზე გატარებული რეფორმები გააცნო. ბინალი ილდირიმმა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა BTC, BTE, BTK და TANAP პროექტებზე. „სტაბილურობა სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რასაც ემსახურება კიდეც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა; საქართველოს კი ჩვენთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის კუთხით; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვისა და ინვესტიციების მოცულობა; ჩვენს ქვეყნებს შორის მოქალაქეების მიმოსვლა ევროკავშირის დონეზეა და რეგიონში სამაგალითოა; თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს აღიარებულ დამოუკიდებლობასა საზღვრებში და ემხრობა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ეს საგანგებოდ აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 2017 წელს; გარწმუნებთ, რომ ძალისხმევას შემდგომშიც არ დავიშურებთ, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიაზე გარე ინტერვენციები (to block external interventions).” -განაცახადა ბინალი ილდირიმმა. შეხვედრა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან ვიზიტის ფარგლებში დელეგაციებმა ასევე შეხვედრა გამართეს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ისმაილ ქაჰრამანთან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა სამ ქვეყანას შორის ორმხრივი და სამმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეს და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სტრატეგიული პარტნიორობის და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს სხვადასხვა სფეროში, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით პარლამენტის როლს. სოფიო ქაცარავამ რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოლეგებს. მხარეებმა, სამეზობლო პოლიტიკის მჭიდრო ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ისაუბრა პარლამენტის როლზე ამ კუთხით, ასევე თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობაზე ენერგეტიკული და სატრანსპორტო რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე (BTC, BTE, BTK) და ხაზი გაუსვა თურქეთის როლს ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოსთან მიმართებაში ი. ქაჰრამანმა აღნიშნა, რომ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში სანიმუშო ურთიერთობებთან ერთად განსაკუთრებით დასაფასებელია ის ფაქტი, რომ თურქეთი საქართველოსთვის N1 სავაჭრო პარტნიორია; ასევე, მან ხაზი გაუსვა საქართველო- თურქეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების, უვიზო და უპასპორტო მიმოსვლის რეჟიმის და ბათუმის აეროპორტის ორმაგი გამოყენების მნიშვნელობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი ვაჭრობისა და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. შეხვედრის შემდეგ დელეგაციებმა ყვავილებით შეამკეს 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების შედეგად პარლამენტის შენობის დაზიანებული ნაწილი და მემორიალი. სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა ხელმძღვანელობით სამმხრივ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობა და რეგიონული და საერთაშორისო საკითხები. ზემოაღნიშნული შეხვედრა თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კომიტეტების ხელმძღვანელების მოხსენებებით გაიხსნა. სოფიო ქაცარავამ თავის მოხსენებაში კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის; დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარებისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და მხარეებს მიმართა თხოვნით, რომ თურქული და აზერბაიჯანული მხრიდან გაკეთდეს შესაბამისი რეაგირება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე - ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, იმედი გამოთქვა ნატოს სამიტზე საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით და პარლამენტარებს მიმართა თხოვნით ნატოს სამიტამდე განხილულ იქნას საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღების შესაძლებლობა, 2016 წელს თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული განცხადების ანალოგიურად. სამმხრივ საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობასთან დაკავშირებით სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ფორმატი შესაძლებლობაა მჭიდრო თანამშრომლობისა და ახალი პერსპექტივების განსახილველად. მისი სიტყვებით, საპარლამენტო დიპლომატია და კომიტეტთაშორისი თანამშრომლობა საშუალებას იძლევა საერთო დღის წესრიგის უკეთ განხორციელებისთვის; მისი განცხადებით, არსებული სამმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ უფრო გლობალურადაც. „სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით. ამიტომ ჩვენ ვთანამშრომლობთ, რათა ეფექტურად განვახორციელოთ ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. ასევე, ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების გაზრდისკენ.“- სოფიო ქაცარავა. თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქრიმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთი მიესალმება საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ვოლქან ბოქზირმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მისი სიტყვებით, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებობს სანიმუშო ურთიერთობები ყველა სფეროში და დიდი მნიშვნელობის მატარებელია აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩართულობით დასრულებული და მიმდინარე პროექტები (BTC, BTE, BTK, TANAP). აზერბაიჯანის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სამედ სეიდოვმა კი აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაერთიანდეს ძალისხმევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების (OSCE, CoE და ა.შ.) მხრიდან ადგილი აქვს „ორმაგ სტანდარტს“, რაც აფერხებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არსებული პრობლემების გადასაწყვეტად. მან ასევე დააფიქსირა აზერბაიჯანული მხარის პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით და ცალსახად დაადანაშაულა სომხეთი აგრესიულ პოლიტიკასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე პოლიტიკური ნების უქონლობაში. გამოსვლისას ს. სეიდოვმა გააჟღერა მოსაზრება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის გაფართოების შესახებ და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ სამივე მხარე წარმოადგენს მოსაზრებებს შესაძლო ქვეყნების ჩართულობის თაობაზე. თუმცა იქვე დაამატა, რომ ახალი ფორმატის ბირთვად უნდა დარჩნენ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. მისი სიტყვებით, მისი შემოთავაზების მიზანია აღნიშნული სამმხრივი ფორმატი გახდეს უფრო გლობალური და მეტად პროდუქტიული. გამართული დისკუსიის ფარგლებში ბ-ნმა ზვიად კვაჭანტირაძემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას დასახული მიზნების მისაღწევად. ასევე მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული მხარდაჭერისათვის და იქვე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით. ნინო გოგუაძემ სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის მაქსიმალურად გამოყენებასა და გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა, რაც ხალხთაშორის და კულტურის სფეროში კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს. შესაბამისად, მან ხაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც პარლამენტთაშორის ურთიერთობებს გააჩნია კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს კომიტეტებს შორის შეთანხმებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების, საერთაშორისო ფორმატებში ურთიერთობის, საპარლამენტო დიპლომატიის და კულტურული და ხალხთა შორისი კავშირების გაძლიერების აუცილებლობას ასახავს; ასევე დოკუმენტში გამოხატულია საქართველოს და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ დელეგაციის ხელმძღვანელებმა გააკეთეს განცხადებები პრესისთვის. კომიტეტების მუშაობა ფართოდ გაშუქდა თურქულ მედიაში. 27 თებერვალს დელეგაციებმა ათათურქის მავზოლეუმში პატივი მიაგეს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ხსოვნას, რის შემდეგაც მოინახულეს ანკარის ხოჯალის მემორიალი, რომლის აღნიშვნის თარიღი დაემთხვა სამმხრივი შეხვედრის დღეს. 27-28 თებერვალს დელეგაციების საპატივცემულოდ გაიმართა საქმიანი სადილები თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ვოლქან ბოზქირის, ასევე საქართველო- თურქეთისა და აზერბაიჯანი-თურქეთის მეგობართა ჯგუფების ხელმძღვანელთა სახელით. ანგარიში მოამზადა თამარ ამირეჯიბმა 14.03.2018