„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე
ნომერი
#07-3/147/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-10
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი 1. საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997; სარეგისტრაციო კოდი: 010.320.050.05.001.000.268) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. მე-20 მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტიგანკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ“. ბ) 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა არ არის ისეთი სახის დარღვევა, რომლის გამო თანამდებობის პირი უნდა იქნას დაჯარიმებული 1000 ლარით. განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. მაგალითად მივლინება, ის რომ რაღაც თანხის ჩარიცხვას ელოდება, რომელიც აუცილებლად უნდა მოხვდეს დეკლარაციაში, მაგრამ იგვიანებს, ავადმყოფობა, უბრალოდ მხედველობიდან გამორჩენა და ასე შემდეგ. შესაბამისად ვინც აგვიანებს უნდა დაჯარიმდეს არა უმეტეს 100 ლარით და მიეცეს დამატებით 14 დღე დეკლარაციის წარდგენისთვის. ყველაზე ცუდი ამ ნორმაში ის არის, რომ როგორც წესი საჯარო სამსახურის ბიურო აქვეყნებს ინფორმაციას, რომ „დაჯარიმებულია ამდენი და ამდენი საჯარო მოხელე“. კანონის სათაურიდან გამომდინარე საზოგადოებაში რჩება აზრი, რომ საჯარო მოხელე ან კორუფციაშია გახვეული ან დამატებით შემოსავალს იღებს სხვა არაკანონიერი წყაროებიდან. ასეთი ინფორმაცია კი მხოლოდ საჯარო მოხელის დისკრედიტაციას ემსახურება. თანამდებობრივი პირის ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევები შეიძლება არსებობდეს მრავალი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მექანიკური შეცდომებით. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეიძლება თავისებურად ესმოდეთ ესა თუ ის ტერმინი. არ არის გამორიცხული მათ მიერ დეკლარაციის სუბიექტურად შეფასებაც, მით უმეტეს თუ ჯარიმების რაოდენობა მათ პრემიაზე ახდენს გავლენას. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უზუსტობები ან არასწორი შევსება შეიძლება მოხდეს არა საჯარო მოხელის, არამედ მასთან მუდმივად მცხოვრები პირის მიზეზით, რომელმაც უნებლიედ შეიძლება არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საჯარო მოხელეს, ან საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის 2 ქვეპუნქტის შესაბამისად „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსურ ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“ საერთოდ არ მიაწოდოს ასეთი ინფორმაცია. შედეგად შეიძლება ჯარიმა არასამართლიანად დაეკისროს საჯარო მოხელეს. ასეთ ფაქტებს ამჟამადაც აქვს ადგილი. ჩვენი აზრით ასეთი დარღვევები ჯარიმას არ უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ არასწორად შევსებული დეკლარაცია დაკავშირებულია რაიმე კორუფციულ ქმედებასთან ან ინტერესთა შეუთავსებლობასთან, ასეთი საქმე უნდა გადაეცეს სამართალდამცველ ორგანოებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ამჟამად მოქმედი კანონით გათვალისწინებული, ჩვენი აზრით უაღრესად არასამართლიანი, ჯარიმების თანამდებობრივი პირის ქონებრივ დეკლარაციაში არსებული დარღვევების შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის შემთხვევებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული კორუფციასთან ან თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან თანამდებობის პირი არ უნდა ჯარიმდებოდეს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, ერთი მხრივ, კანონპროექტის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ცვლილება გულისხმობს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირების 1000 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას, ხოლო მეორე მხრივ, მე-20 მუხლის 11 პუნქტის ამოღებით ხდება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში არსებული 1000 ლარიანი ჯარიმის გაუქმება. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე. ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს შესაბამის პირებზე, ვინაიდან ერთი მხრივ, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი თანამდებობის პირები 1000 ლარის ნაცვლად დაჯარიმდებიან 100 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევების არსებობის შემთხვევაში მათ აღარ მოუწევთ ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით ხდება თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის 100 ლარით შეცვლა, ხოლო ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევების არსებობის შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის გაუქმება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: რევაზ არველაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება. მუხლი 20. 1. ამ კანონის მე 14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით , რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ . 11. ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება 1000 ლარით, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება. 2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს ბიუროს უფროსი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. 3. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას . 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაცია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს. 5. იმ საჯარო მოსამსახურის მიერ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, თუ ეს ქმედება დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის, იწვევს საჯარო მოსამსახურის დისციპლინურ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. 6. თუ საჯარო მოსამსახურე, რომელმაც დაარღვია ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა და რომელსაც ამ ქმედებისათვის შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა თანამდებობიდან განთავისუფლებისა, 3 წლის განმავლობაში ჩაიდენს ახალ, ამ კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, იგი ექვემდებარება სამსახურიდან სავალდებულო გათავისუფლებას.