„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, ოთარ ჩრდილელი
ნომერი
#07-3/151/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-16
ბიუროს ნომერი 147

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სადემონსტრაციო ფრენა (ავიაშოუ) არის ფრენა, რომელიც სრულდება აუდიტორიის (მაყურებლის) წინაშე და განკუთვნილია საჰაერო ხომალდის მახასიათებლების, შესაძლებლობების ან/და საფრენოსნო ოსტატობის საჩვენებლად ან სანახაობრივი მიზნით. 3. დაუშვებელია სადემონსტრაციო ფრენის შესრულება სააგენტოს თანხმობის გარეშე, რომელიც გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თანხმობას გასცემს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესების გათვალისწინებით, სადემონსტრაციო ფრენის მსურველის მიმართვის საფუძველზე.’’ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს საჰაერო კოდექსში დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებული რეგულაციის დაზუსტება ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საჰაერო კოდექსში დაზუსტებული იქნეს ნორმა, რომელიც ითვალისწინებს დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ ფრენის წესის შემუშავებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სადემონსტრაციო ფრენის განმარტება. აღნიშნული წარმოქმნის ბუნდოვანებას, თუ კონრეტულად რა სახის ფრენა იგულისხმება სადემონსტრაციო ფრენაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილით განისაზღვრება სადემონსტრაციო ფრენის სახეობის განმარტება. საქართველოს საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მოქმედი რედაქციის პრაქტიკაში განხორციელება სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან სადემონსტრაციო ფრენის უნივერსალური წესის შემუშავება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის შესაბამისად, ყოველი სადემონსტრაციო ფრენა წინასწარ შეთანხმდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომელიც თანხმობას გასცემს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ინტერესების გათვალისწინებით. თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების შემდგომ კი, სავალდებულო იქნება სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან თანხმობის მიღება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კოდექსში არსებული ჩანაწერისა საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სადემონსტრაციო ფრენის ნებართვა არ გაიცემა სააგენტოს მიერ. ამასთან, სადემონსტრაციო ფრენის ნებართვის სახეობა, აგრეთვე ამ სახეობის ნებართვისათვის რაიმე მოსაკრებელი არ არის გათვალისწინებული ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით და დღეისათვის, ნებართვის გაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ თანხმობის ფორმით. შესაბამისად, 3 წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული საკითხი გათვალისწინებულია და ,,ნებართვა’’ იცვლება ,,თანხმობით’’. საქართველოს საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით. როგორც პრაქტიკა ცხადყოფს სადემონსტრაციო ფრენების ჩატარება არ თანხმდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, შესაბამისად ამ პროცედურის განხორციელების საჭიროება არ არსებობს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ იწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 4 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროქტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, ოთარ ჩრდილელი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი, ბექა ოდიშარია, ოთარ ჩრდილელი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5 საქართველოს საჰაერო კოდექსის 48-ე მუხლის მოქმედი რედაქცია მუხლი 48. ფრენა დასახლებულ ადგილებზე. სადემონსტრაციო ფრენა 1. დასახლებულ ადგილებზე ფრენა დასაშვებია ისეთ სიმაღლეზე, რომელიც საშუალებას იძლევა, ხომალდის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დაფრენა დასახლებული ადგილის ფარგლებს გარეთ. ამ წესიდან გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განლაგება არ იძლევა საჰაერო ხომალდის აფრენისა და დასაფრენად შესვლის საშუალებას დასახლებულ ადგილზე გადაუფრენლად. 2. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის წესს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.