საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, სერგი კაპანაძე, გიორგი კახიანი, გიორგი მოსიძე) 2018 წლის 27-30 მარტს ირლანდიაში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#6106/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-18
ბიუროს ნომერი 148

📜 ტექსტი

წერილი
N 6106 18/04/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით 2018 წლის 27-30 მარტს საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიაში ვიზიტის ანგარიშს. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 11 გვ. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
საპარლამენტო დელეგაციის ირლანდიაში ვიზიტის ანგარიში დელეგაციის შემადგენლობა: სოფიო ქაცარავა, სერგი კაპანაძე, გიორგი კახიანი, გიორგი მოსიძე მივლინების მიზანი: ორმხრივი საპარლამენტო კავშირების გამყარება; საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავას სიტყვით გამოსვლა მივლინების ადგილი: დუბლინი, ირლანდია მივლინების თარიღი: 2018 წლის 27-30 მარტი 2018 წლის 27-30 მარტს ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარის ბრენდან სმიტის ოფიციალური მოწვევით, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით დუბლინში ვიზიტი გამართა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს პარლამენტში ირლანდიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე. 29 მარტს სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც პირდაპირი სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა. „საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული პერსპექტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ძალიან რეალური“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. გამოსვლისას, ხაზი გაუსვა მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წვლილს და როგორც განაცხადა, ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, გატაცებების, დაპატიმრებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობასა და უკანანო ქმედებებზე, რაც მისი განცხადებით, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს არღვევს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა მშვიდობიანი გზებით მოახდინოს კონფლიქტის დარეგულირება.ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკების მნიშვნელობას, ამ ფორმატის ეფექტურობის გაზრდას და პროცესში თანათავმჯდომარეების - გაერო-ს, ევროკავშირის, ეუთო-ს და აშშ-ის როლს. „ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნება და სოლიდარობა ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტი თავმჯდომარეს საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ინიცირებისთვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა გასული წლის თებერვალში მიიღო და სადაც გამოხატული იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ისაუბრა საქართველო-ირლანდიის კავშირების გაძლიერებაზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და განათლების მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეებისთვის ირლანდიაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაზე, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ეს ორმხრივი ურთიერთობების გამყარებას. სოფიო ქაცარავამ საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე და ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით მის შესაძლებლობებზე ისაუბრა და თხოვნით მიმართა ირლანდიელ კოლეგებს, მთავრობასთან ერთად, ინვესტიციების საშუალებით, ხელი შეუწყონ ეკონომიკური კავშირების გამყარებას. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ „Irish Footprint Program”-ის ფარგლებში მალე საქართველოშიც გაიხსნება ირლანდიის საელჩო. სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ქვეყნის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რაც მისი თქმით, ძალიან დასაფასებელი და საგულისხმოა საქართველოს პარლამენტისთვის. (იხილეთ გამოსვლის სრული ტექსტი: დანართი 1.) ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა ირლანდიის პარლამენტის ორივე პალატის - სენატისა და დოილის თავმჯდომარეებთან, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტისა და ევროკავშირის საქმეთა ერთობლივი კომიტეტის ხელმძღვანელებთან და წევრებთან, ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან და საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მეორე გენერალურ მდივანთან. ასევე 28 მარტს სოფიო ქაცარავამ და პარლამენტის დელეგაციამ, დოილისა და სენატის თავმჯდომარეებთან და ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ოფიციალურად დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. დელეგაციამ შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის, დოილის თავმჯდომარესთან შონ ო’ფარელთან, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობის გაზრდის საჭიროება. ასევე, საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობის მნიშვნელობას, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, ხალხთა შორის კავშირების გამყარებაზე და ამ პროცესში პარლამენტის მნიშვნელოვან როლს. დოილის თავმჯდომარემ გაიზიარა სოფიო ქცარავას მოსაზრებები, იმის თაობაზე, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნა, საქართველოში ირლანდიის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი და საქართველოს მოქალაქეებისათვის ირლანდიის სავიზო რეჟიმის გამარტივება და დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შემოღება. მან დაადასტურა, რომ საელჩოს გახსნისა და სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართავს ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ლეო ვარადკარს და ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს საიმონ კოვენის. სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორის ვაჭრობის, ბიზნესის, ტურიზმისა და განათლების სფეროებში. სენატის თავმჯდომარესთან დენის ო’დონოვანთან შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე, ასევე, ირლანდიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანმშრომლობის დღის წესრიგის საკითხებზე - თბილისში ირლანდიის საელჩოს გახსნის, ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის განხორციელების და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების გათვალისწინებით. შემდეგი შეხვედრა გაიმართა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან ბრენდან სმიტთან და კომიტეტის წევრებთან - ბრენდან სმიტმა ხაზი გაუსვა, რომ კომიტეტი ირლანდიის შესაბამის მინისტრებთან დასვამს საქართველო-ირლანდიის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, რაც საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნას, საქართველოს მოქალაქეებისათვის ირლანდიის სავიზო რეჟიმის გამარტივებას მოიცავს, რომლის პირველი ნაბიჯი მიზანშეწონილია იყოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შემოღება და საქართველოში ირლანდიის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი. ბრენდან სმიტმა გამოხატა მხარდაჭერა ზემოხსენებული საკითხების ახლო მომავალში დადებითად გადაწყვეტის მიმართ. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში საელჩოს გახსნა გათვალისწინებული იქნება ირლანდიის მთავრობის მიერ, 2025 წლისათვის საზღვარგარეთ ირლანდიის მისიების გაფართოების ინიციატივის ფარგლებში და ხაზი გაუსვა, რომ თბილისში ირლანდიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებასა და განმტკიცებას რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ბიზნესი, ვაჭრობა, ტურიზმი და სექტორული თანამშრომლობა. სოფიო ქაცარავამ მადლობა გადუხადა ბრენდან სმიტს გასულ წელს ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ინიცირებისთვის, რომელიც 2017 წლის 23 თებერვალს იქნა მიღებული. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში ირლანდიის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ირლანდიას შორის სავაჭროეკონომიკური, საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს და ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი ამ პოტენციალის აღმოჩენისა და გამოყენების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მხრივ მიღწეულ შედეგებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო გეგმებს. ბრენდან სმიტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შემოღება უაღრესად პოზიტიური განვითარება და რიგითი მოქალაქეებისათვის ხელშესახები შედეგია, რაც კიდევ უფრო აახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან და დადებითად აისახება ხალხთა შორის კონტაქტებზე. შეხვედრა ასევე გაიმართა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატ მაიკლ ჰილი-რეისთან და კომიტეტის წევრებთან დეპუტატებთან ბერნარდ დურკანთან, შონ ჰოჰისთან, მეთი მაკგრასთან და სენატორებთან ტერი ლეიდენთან და ჯერარდ ქროქუელთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს, ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. ასევე, ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკაზე, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე და ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვების აუცილებლობაზე. კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ. მათ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიურობა, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოსა და ირლანდიაში პარლამენტის დელეგაციების მიერ განხორციელებული ვიზიტებიც მოწმობს. ირლანდიის პარლამენტში ოფიციალურად ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომლის ოფიციალური დაარსებაც სწორედ ვიზიტის დროს მოხდა. საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ოფიციალურად ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში სიტყვით გამოვიდნენ საქართველსო პარლამენტში ირლანდიის პარლამენტთან მეგ. ჯგუფის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, დოილის თავმჯდომარე შონ ო’ფარელი, სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნოელ გრელიში და საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარე ბრენდან სმიტი. სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე განიხილა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების დღის წესრიგი და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ეკონომიკის, განათლების, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და დადასტურდა ამ მიმართულებით მუშაობის შემდგომი განვითარებისათვის მზაობა. გამოსვლებში მხარეების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების დაარსება, რაც წარმოადგენს კარგ პლატფორმას მეგობრული ურთიერთობებისა და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისათვის და ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის მეორე გენერალურ მდივანთან რორი მონტგომერისთან. სოფიო ქაცარავამ რორი მონტგომერის მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უაღრესად მძიმე ვითარების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოსა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ხედვებს. რორი მონტგომერიმ დაადასტურა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლიდერია და მნიშვნელოვანია ევროკავშირის დიფერენცირებული მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მიმართ ბრიუსელში არსებული განწყობების პოზიტიურ ცვლილებას და დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ.