„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
18.04.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე
ნომერი
#07-3/155/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-25
ბიუროს ნომერი 153

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-8 მუხლს მე-9 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდგომი შინაარსის 91 ნაწილი: „91. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირი, შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არა უმეტეს 6 თვის ვადით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს პენიტენციური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და პრაქტიკაში არსებული პრობლემების საკანონმდებლო რეგულაციით გადაწყვეტა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე პრობლემის გადაწყვეტას. კერძოდ, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის პირობების შექმნას. მოქმედი კანონმდებლობით პენიტენციური მოსამსახურის სისტემაში მოსამსახურეთა მიღება ხდება მხოლოდ კონკურსის საფუძველზე. ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამსახურის კონკურსის საფუძველზე მიღება კი დაკავშირებულია ხანგრძლივ პროცედურებთან, რაც პრაქტიკაში ქმნის რეალურ სირთულეებს ნორმატიულად აუცილებელი კადრების რაოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ვაკანტურ თანამდებობაზე შესაძლებელი გახდება დაინიშნოს პირი უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, თანაც ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს; ეს ის დროა, რომლის განმავლობაშიც სამინისტროს ექნება შესაძლებლობა გამოაცხადოს კონკურსი და უზრუნველყოს კონკურსის გზით ვაკანტური თანამდებობის შევსება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ კანონით აიკრძალება იმავე თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად განმეორებით დანიშვნა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების და ფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას, ვინაიდან, ამ ცვლილების შედეგად, მთლიანობაში, საშტატო ერთეულების რაოდენობა არ იცვლება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 8. სამსახურში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება 1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 2. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის კონკურსს, სპეციალურ შემოწმებას და თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომ – სასწავლო ცენტრი). ამ პერიოდში იგი სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით. 4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. 5. მოსამსახურეს სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაეთვლება შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. მას შეიძლება დაევალოს აგრეთვე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. 6. სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას უნდა ითვალისწინებდეს. 7. თუ მოსამსახურე არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მუშაობს, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება მისი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 8. მოსამსახურე სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, სერტიფიკატის განახლების მიზნით გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსს, რის შემდეგაც აბარებს გამოცდას. სერტიფიკატი ამ გამოცდის შედეგების საფუძველზე განახლდება. თუ გამოცდის შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ სერტიფიკატი ვერ განაახლა, სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი ამოიწურა, იგი სამსახურიდან თავისუფლდება. 9. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად. 10. მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრება: ა) სამსახურში მისაღებად კონკურსის ჩატარების, სამუშაოდ მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესი; ბ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატებისათვის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად; გ) სასწავლო კურსის სახეები, სასწავლო კურსის გავლის, მოსამსახურის სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი; დ) მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურების წესი; ე) სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი.