საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ბიუროს სესიაზე და დანიის პარლამენტში ორმხრივ შეხვედრებზე მუშაობის ანგარიში (ქ. კოპენჰაგენი, დანია; 15-17 აპრილი, 2018)

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#7162/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-03
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

წერილი
N 7162 02/05/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ბიუროს სესიის მუშაობაში მონაწილეობის და დანიის პარლამენტში ორმხრივი შეხვედრების ანგარიშს. გთხოვთ აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი: 2 გვერდი პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე
ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს ანგარიში დელეგაციის შემადგენლობა: სოფიო ქაცარავა, დელეგაციის ხელმძღვანელი; გიორგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი; მერი გოგოლაძე, დელეგაციის მდივანი მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ბიუროს სესიის მუშაობაში მონაწილეობა და დანიის პარლამენტში ორმხრივი შეხვედრების გამართვა მივლინების ადგილი: ქალაქი კოპენჰაგენი, დანია მივლინების თარიღი: 2018 წლის 15-17 აპრილი დანიის დედაქალაქში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ სოფიო ქაცარავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დელეგაციის ხელმძღვანელი, გიორგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და მერი გოგოლაძე, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების უფროსი. სხდომაზე ბიუროს წევრებმა ძირითადი კომიტეტების რეზოლუციების პროექტები, ორგანიზაციის მომავალი წლის ბიუჯეტი, იტალიის, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამართული არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები განიხილეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ სიტყვით მიმართა ბიუროს წევრებს და ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და ეუთო-ს სივრცეში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საკითხები უნდა აისახოს ყოველწლიური ასამბლეის დეკლარაციაში. „უსაფრთხოება არის ჩვენი უპირველესი საზრუნავი და ინტერესი, ეუთო-ს წევრი ქვეყნების მთელი ძალისხმევა სწორედ ამისკენ უნდა მიიმართოს აა ასამბლეის სახელით გადაიდგას საგულისხმო ნაბიჯები, რომ ოკუპაცია, საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების დარღვევა და ადამიანის უფლებების უგულვებელყოფა დაუშვებელი იყოს ეუთო-ს სივრცეში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. სოფიო ქაცარავამ ასევე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხს, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე, უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში. მან ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს სივრცეში ამ გამოწვევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა: „წევრი ქვეყნების ყურადღება უნდა მიიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის გამომწვევ მიზეზებსა და მათ მოგვარებაზე, რაც აქტიურად უნდა დადგეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში“. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა ასევე ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი კომიტეტის საქმიანობაზე. ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი წერეთელმა, საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად იმსჯელებს რეზოლუციის მიღების თაობაზე, სადაც საქართველოს საკითხები აისახება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა დანიის პარლამენტში, სადაც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირებისა და სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან მაიკლ იენსენთან, სახალხო პარტიის წევრ კენეტ ბერტთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთან და დანიის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან მოგენს ლიკეტოფთან. შეხვედრებზე სოფიო ქაცარავამ მთავარი აქცენტები გააკეთა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არღვევს. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მან კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალი წევრობისკენაა მიმართული. „მიუხედევად არსებული კონფლიქტისა, საქართველო ატარებს ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებს და მყარად უჭირავს ევროატლანტიკური კურსი, რისთვისაც მნიშვნელოვან კონტრიბუციას დებს ყველა მიმართულებით“. მისივე თქმით, გამოწვევებთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობისა და ფორმატების როლი. შეხვედრებისას მხარეებმა, ეკონომიკური კავშირების გამყარებასა და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე გაამახვილეს ყურადღება. სოფიო ქაცარავამ საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე და ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით მის შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა დანიის პარლამენტსა და მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის აადანიის სამეზობლო პროგრამის მიერ (DANEP) განხორციელებული ფინანსური დახმარებისთვის, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიზაციის და ეკონომიკური განვითარების პროცესს. ასამბლეის შემდეგი სხდომა 7-11 ივლისს ბერლინში გაიმართება. ანგარიში მოამზადა მერი გოგოლაძემ 20.04.2018