საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.05.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#7211/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-04
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

დანართი
N 7211 03/05/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა 2018 წლის 16 აპრილს საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისაგან მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმით სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე. წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სამინისტრო მიერ გასულ წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით გატარებულ ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ხელშეწყობა, შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროდაზღვევის პროექტების, ასევე სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“-ს დაფინანსება, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია. მომხსენებელმა სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანიტარული და ფიტოსანიტარული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული მცენარეთა დაავადებების და სურსათის კვლევის დიაგნოსტიკის ახალი ლაბორატორიული მეთოდების დანერგვას. მომხსენებელმა თავის გამოსვლაში ისაუბრა უწყების მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა 2017-2021 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის (NEAP 3), შემუშავებაზე, რომელშიც ასახულია გარემოსდაცვით სფეროში 2017-2021 წლებში გასატარებელი ღონისძიებები. მოხსენება შეეხო საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებს, როგორიცაა საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ და ,,საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები. სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში კომიტეტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის საკითხზე და საკანონმდებლო ინიციატივებზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ევროკავშირის მხარდაჭერით დაწყებულია ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის პროცესი. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, მომზადებულია საქართველოს კანონი ,,ტყის კოდექსი“ და თანდევი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს კანონი ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“, და ,,ბიომრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი რომელიც შესაბამისობაშია ,,საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ და უახლოეს მომავალში იგეგმება მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში. კომიტეტი დადებითად აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017 წელს გაწეულ საქმიანობას და მიაჩნია, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე საზოგადოების ინფორმირებულობისათვის საჭიროა რეგულარულად მსგავსი საკომიტეტო მოსმენების გამართვა. პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე