ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი) 2018 წლის 23-27 აპრილს სტრასბურგში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის 2018 წლის 16 მარტს პარიზში მივლინების ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#9983/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-11
ბიუროს ნომერი 171

📜 ტექსტი

წერილი
N 9983 08/06/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს, ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2018 წლის 16 მარტს ქ. პარიზში და 2018 წლის 23-27 აპრილს ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტების ანგარიშს. დანართი: 5 ფურცელი პატივისცემით, თამარ ჩუგოშვილი
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინებული: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: 1. თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი; 2. ეკა ბესელია; 3. ნინო გოგუაძე; 4. დიმიტრი ცქიტიშვილი; 5. გიორგი კანდელაკი; 6. ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი; 7. ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი; 8. თამარ გურგენიძე, დელეგაციის პრეს-სამსახური. მივლინების მიზანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის, საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. მივლინების ადგილი: ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთი. მივლინების თარიღი: 2018 წლის 23-27 აპრილი. სესიის დღის წესრიგში შეტანილი საკითხებიდან მნიშვნელოვანი იყო შემდეგი საკითხები: საგანგებო სიტუაციები და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გადახვევა; ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევის გზით; ჰიბრიდული ომი და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები; კოპენჰაგენის დეკლარაცია, საპარლამენტო ასამბლეაში კორუფციის გამომვლენი დამოუკიდებელი ორგანოს მოხსენება; იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები; გლობალური დათბობა და პარიზის შეთანხმების იმპლემენტაცია; ჟურნალისტებისა და სარედაქციო საქმიანობს დაცვა. ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - თორბიორნ იაგლანდი; „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის“ საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე. ორშაბათს, 23 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიქელე ნიკოლეტიმ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის წევრმა, გიორგი კანდელაკმა მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. ასამბლეის წევრებს საშუალება მიეცათ ერთი კვირის განმავლობაში დაეთვალიერებინათ საარქივო ფოტო მასალა, რომელზეც 100 წლის წინანდელი პოლიტიკური მოვლენები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ აღბეჭდილი. მოგვიანებით, საპარლამენტო ასამბლეამ მოისმინა მოხსენება ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის პროგრესის შესახებ, რომლის დიდი ნაწილი ასამბლეაში კორუფციის ფაქტებს შეეხებოდა. აღნიშნულ დებატებზე, ევროპული კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის სახელით სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი, ნინო გოგუაძე. დეპუტატის აზრით ასამბლეის წევრები, რომელთა სახელები პირდაპირ არის დაკავშირებული კორუფციულ საქმიანობასთან არ შეიძლება იკავებდნენ საპარლამენტო ასამბლეის რაიმე თანამდებობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში. ნინო გოგუაძემ გამოხატა მადლიერება იმ სამი საგანგებო მოსამართლის მიმართ, რომელთაც დიდი შრომის შედეგად ასამბლეას წარუდგინეს ყოვლისმომცველი ანგარიში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში კორუფციის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით. დეპუტატმა გააკრიტიკა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, თორბიორნ იაგლანდი ასეთ მნიშვნელოვან მომენტში პასიურობისთვის. დღის ბოლოს, გიორგი კანდელაკი თავისუფალ დებატებში ჩაერთო. მან ასევე გააკრიტიკა თორბიორნ იაგლანდი რუსეთის ფედერაციისადმი რბილი დამოკიდებულების გამო და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწუხარო მაგალითის მეშვეობით შეახსენა ასამბლეის წევრებს, რომ თუ ეფექტური ნაბიჯები არ იქნა გადადგმული ევროპის საბჭო გამოუსწორებელი პრობლემებისთვისაა განწირული. ორშაბათს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პოლიტიკური ჯგუფების და კომიტეტების მუშაობაში. სამშაბათს, 24 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ასამბლეისა და ევროკავშირის დაფინანსებით წევრ ქვეყნებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი სემინარი. სემინარის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ პროგრესზე, რაც თითოეულ ქვეყანაში აღნიშნულმა სემინარებმა საკანონმდებლო ცვლილებების სახით გამოიწვია. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმე და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ მიიჩნევა „საუკეთესო პრაქტიკად“. ოთხშაბათს, 25 აპრილს, საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა პოლონელი დეპუტატის კილიონ მუნიამას ანგარიში და მიიღო რეზოლუცია „ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების“ შესახებ. დელაგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივით რეზოლუციის პირვანდელ ტექსტში შევიდა ცვლილებები და ტექსტს დაემატა მოთხოვნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცეს უფლება სრულად განახორციელოს მისი მანდატი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში; ტექსტში დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს ე.წ. „ეფექტურ კონტროლს“; ასამბლეა მოითხოვს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნას უფრო მეტი ე.წ. გამშვები პუნქტი და შეწყდეს რუსი სამხედროების მხრიდან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესი, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას; რეზოლუცია ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ ტერიტორიებზე უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. ხუთშაბათს, 26 აპრილს, სესიის ფარგლებში გაიმართა „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა, დანიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა მაიკლ იენსენმა, შვედეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, იონას გუნარსონმა და ასამბლეის თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სერბმა დეპუტატმა ელვირა კოვაჩმა. პარასკევს, 27, თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ახლადარჩეულ კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდნენ. შეხვედრის თემა საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება იყო. შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში მიიწვიეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის ზაფხულის სესია გაიმართება 25-29 ივნისს, ქალაქ სტრასბურგში. ალექსანდრე რამიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი
ანგარიში
მივლინების ანგარიში მივლინებული: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი. მივლინების მიზანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. მივლინების ადგილი: ქალაქი პარიზი, საფრანგეთი. მივლინების თარიღი: 2018 წლის 16 მარტი. 16 მარტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა გახსნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მიქელე ნიკოლეტის მიმართვით. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასამბლეას შეიძლება თავისუფლად ეწოდოს „ადამიანის უფლებათა საპარლამენტო ასამბლეა“, რადგანაც ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთგვარ ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს. გამოსვლის დასასრულს მან დაგმო ბოლო დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები. კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი, გვიდო რაიმონდი. რაიმონდი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ასამბლეა ევროპულ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია. მისი აზრით უმნიშვნელოვანესია ის იდეა, რომ აქ თავმოყრილია ორი განზომილება ევროპული და ეროვნული, რომელთა შორის მუდმივად ხდება პოზიტიური აქტივობების გაცვლა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო შემოსული საჩივრების მზარდი რაოდენობის გამო შეიძლება სულ მალე გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდეს. საჩივრების განსაკუთრებით დიდი ნაკადი შევიდა სასამართლოში თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ. სამომავლო გეგმების განხილვისას რაიმონდიმ ყურადღება გაამახვილა კონვენციის 16-ე ოქმის მნიშვნელობაზე, რომელიც ძალაში შევა 10 წევრის მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ. ეს დოკუმენტი უფლებას მისცემს წევრი ქვეყნების უზენაეს სასამართლოებს საკონსულტაციო მოსაზრების მოთხოვნით მიმართონ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს რაიმე მნიშვნელოვანი საქმის განხილვისას კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მუდმივმოქმედმა ბიუჯეტის კომიტეტმა ხარჯების რეზოლუციის დაზოგვის მიზნით საფუძველზე გააუქმოს მიიღო თურქულ გადაწყვეტილება ენაზე თარგმანი. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა თურქეთის მიერ მსხვილი შემომწირველის სტატუსის გაგრძელებაზე უარი. ასამბლეის საბიუჯეტო პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთმა უარი განაცხადა 2018 წლისათვის თავისი სავალდებულო შენატანის სრულად გადახდაზე. მიუხედავად ამ ფაქტებისა, რეკომენდაციაში ასამბლეამ მკაფიოდ მიუთითა მინისტრთა კომიტეტს დაიცვას ევროპის ინტერესები. „თუ ევროპის საბჭოს რომელიმე წევრი ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ყველა წევრმა უნდა გამონახოს საშუალებები ორგანიზაციის საბაზისო ხარჯების დასაფარავად“. კომიტეტმა ფინანსური სახსრების მოძიებაში ერთხმად აღიარა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წამყვანი როლი. მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე მიღებული რეზოლუციით მოწესრიგდა განქორწინებული მშობლების მიერ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯების სრული და დროულად გადახდის საკითხი. რეზოლუცია სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს თვითონ გადაიხადონ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ხარჯები და შემდგომ ამოიღონ ეს თანხები იმ მშობლისგან, რომელიც გადახდას თავს არიდებს. ასევე, სისხლის სამართლებრივი სასჯელი უნდა დაწესდეს მშობლისთვის, რომელიც მეორე მშობელზე „ზეწოლის მიზნით“ განზრახ არ იხდის გადასახადს.