საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე აკაკი თოიძის მიერ წარმოდგენილ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N6496; 30.04.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#10279/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-13
ბიუროს ნომერი 172

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 10279 13/06/2018 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე აკაკი თოიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N 6496 30.04.2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 12 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე აკაკი თოიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ (N 6496 30.04.2018) საკანონმდებლო წინადადების შინაარსი საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, რომ ცვლილება შევიდეს ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტში იმ სახით, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლდეს ის ყოფილი მოსამართლე, რომელიც მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებს საადვოკატო საქმიანობას. მოქმედი რედაქციის მიხედვით, ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის ადგენს , რომ ‘’მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წლის გასვლამდე’’ წინადადების ავტორის აზრით, კანონმდებლის მიზანი 10 წლიანი ვადის დაწესებასთან დაკავშირებით არის ის, რომ მოსამართლედ განსაწესებელი პირი იყოს კვალიფიციური და შესაბამისად, ამ პირის მიერ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება 10 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ძალას. მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს როგორც თეორიული ცოდნის, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნებს, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, დადგენილი წესის თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი აქტიურად არის ჩართული სასამართლო პროცესში, ეცნობა და იყენებს საკანონმდებლო სიახლეებს, არ აქვს შეწყვეტილი პროფესიული განვითარება, ყოველწლიურად სავალდებულო ქულების დასაგროვებლად გადის სასწავლო კურსს და ღებულობს შესაბამის სერტიფიკატს. ავტორის შეფასებით, არსებობს ყოფილი მოსამართლეების ორი განსხვავებული ჯგუფი. პირველი ჯგუფს მიეკუთვნებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლო ვადის გასვლის შემდეგ კვლავ აგრძელებენ სპეციალობით მუშობას, ხოლო მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ კატეგორიას წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლო ვადის გასვლის შემდეგ სპეციალობით აღარ აგრძელებენ მუშაობას. ამ ორი ჯგუფის გათანაბრება, ავტორის მოსაზრებით, არის გაუმართლებელი და არ შეიძლება ემსახურებოდეს მართლმსაჯულების რეფორმისა და განვითარების მიზანს . ავტორის მოსაზრებით, არსებული მიდგომა დისკრიმინაციული ხასიათისაა, ვინაიდან ის ყოფილი მოსამართლე, რომელიც სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ აგრძელებს სპეციალობით მუშაობას გათანაბრებულია იმ ყოფილ მოსამართლესთან, რომელსაც სამოსამართლო საქმიანობის შემდეგ სპეციალობით მუშაობის ასეთი სტაჟი არ გააჩნია. შეზღუდვა, რომელიც ყოფილი მოსამართლეებითვის კანონით არის დადგენილი, არ არის მიზნის პროპორციული. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ‘’საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის არსებული ნორმატიული შინაარსით ირღვევა თანაზომიერების პრინციპი და უნდა დაკორექტირდეს. კომიტეტის შეფასება შემოთავაზებული ფორმულირების ანალიზი განმარტებითი ბარათის გარეშე, მხოლოდ სიტყვასიტყვითი განმარტების გზით, შესაძლებელია ისე იქნას გაგებული, რომ ცვლილება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან გარკვეული კატეგორიის ყოფილ მოსამართლეთა გათავისუფლებას კი არ გულისხმობდეს, არამედ პირიქით- მათ მიმართ ‘’საშეღავათო ვადის’’ გამოყენების შეზღუდვას. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან გათავისუფლების კანონპროექტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საერთო სასამართლოების იმ ყოფილ მოსამართლეზე, რომელიც ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და არ ვრცელდება სპეციალობით დასაქმებულ სხვა პირზე. შესაბამისად, კანონპროექტი ახდენს საადვოკატო საქმიანობისა და სპეციალობით მუშაობის განმახორციელებელი პირების დიფერენცირებას ლეგიტიმური მიზნის გარეშე, რაც შესაძლოა იყოს გაუმართლებელი და დისკრიმინაციული. ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე