„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.06.2018
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/229/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით დამატებითი სარგებლის ოდენობას;“. 2. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი: „მუხლი 151. ეროვნული ბანკის საკადრო უფლებამოსილება 1. მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი: ა) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; ბ) განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება და ასევე ნებისმიერი სხვა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობა; გ) ეროვნულ ბანკში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს, გადაიყვანოს და გაათავისუფლოს; დ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა მივლინებით გაგზავნის, მათი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა, საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში; ე) განსაზღვროს ეროვნულ ბანკში ეთიკის და ქცევის ზოგადი წესები. 2. ეროვნულ ბანკში პირის დასაქმებისათვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 3. ეროვნულ ბანკში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, პრემირების, გადაყვანის და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე, ხოლო ეროვნული ბანკის აპარატზე აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გარანტიები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რომლის თანახმად, ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების საქართველოს ეროვნულ ბანკზე სრულად გავრცელებამ შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი, მათ შორის, ეროვნული ბანკის აპარატის დაკომპლექტებისა და სხვა საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის, სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა ამჟამად რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რაც, ასევე არ არის თანხვედრაში საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებთან, ვინაიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ხოლო „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება პირველ რიგში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვას ემსახურება, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. ამდენად, აუცილებელია, ეროვნულ ბანკს ჰქონდეს უფლებამოსილება თავად მოაწესრიგოს აპარატის დაკომპლექტების, თანამშრომელთა სამსახურებრივ მივლინებასთან და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ვინაიდან, ეროვნული ბანკის როგორც ინსტიტუციონალური, ასევე ფინანსური დამოუკიდებლობა წარმოადგენს კვალიფიციური კადრების მოზიდვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას. კანონპროექტის მიღების მიზეზია ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, მათი საქმიანობის სტაბილურობის დამატებითი გარანტიების შექმნის აუცილებლობა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით დამატებითი სარგებლის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია შეიქმნას სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებულად დაარეგულიროს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხებისა, რათა კიდევ უფრო ეფექტურად და დამოუკიდებლობის მეტი გარანტიებით განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რაც სრულყოფილად ვერ განხორციელდება აპარატის დამოუკიდებლად ფორმირებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების გარეშე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლს ემატება „ზ1“ ქვეპუნქტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ანიჭებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით დამატებითი სარგებლის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებას. კანონპროეტის შესაბამისად, ორგანულ კანონს ასევე ემატება 151 მუხლი, რომელიც არეგულირებს ეროვნული ბანკის საკადრო უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა მივლინებით გაგზავნის, მათი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა, საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით ეროვნული ბანკის თანამშრომელთა სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას, მათ შორის, სამივლინებო ნორმების განსაზღვრის პროცესში, ეროვნული ბანკი გაითვალისწინებს საჯარო სამსახურში არსებულ რეგულირებასა და პრაქტიკას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით დამატებითი სარგებლის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების ფინანსურ შედეგებზე მათთვის სადაზღვევო სარგებლის დადგენის თვალსაზრისით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა სადაზღვევო სარგებლის ანაზღაურებაც განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 15. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები 1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის; ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე; ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას; ვ1) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს; ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს; თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია); თ1) (ამოღებულია - 10.03.2017, №436); ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთერთი ვიცე-პრეზიდენტი.