საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.06.2018
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
ნომერი
#9324/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-06-18
ბიუროს ნომერი 173

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
11173-3-9-3-201806261645 N 11173 26/06/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით (№9324; 18.06.2018). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 26 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ მასში წარმოდგენილია შენიშვნები და მოსაზრებები იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის წევრების სოფიო კილაძის, რატი იონათამიშვილის, მერაბ ქვარაიას, ირაკლი ბერაიას, ვანო ზარდიაშვილის და დიმიტრი მხეიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის მიერ მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო წინადადებაში მითითებულ ყველა საკითხზე. ამდენად, საკანონმდებლო წინადადების ცალკე განხილვა მიზანშეუწონელია, ხოლო მასში დასახელებული მოსაზრებები და შენიშვნები გაანალიზდება და მათი გათვალისწინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კანონპროექტების შემდგომი განხილვის პროცესში. იმავდროულად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ დასახელებულ წინადადებაში შენიშვნის სახით მითითებული პრინციპული საკითხი თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების საჯაროობასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ სახალხო დამცველის მიერ წინადადების წარმოდგენამდე იქნა გათვალისწინებული როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის მიერ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვის პროცესში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების სახით განსახილველად გადმოეცა დოკუმენტი, რომელიც არ ითვალისწინებს მოთხოვნებს ახალი კანონის მიღების, უკვე მიღებულ კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და როგორც ზემოთ აღინიშნა, მასში წარმოდგენილია შენიშვნები და მოსაზრებები ჯერ კიდევ განხილვაში მყოფ კანონპროექტებზე. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი თავისი ფორმით და არსით არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით საკანონმდებლო წინადადების მიმართ დადგენილ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტებთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ ცნობილ იქნა უარყოფილად. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე
სხვა
8102-04-2-201806151633 N 04/8102 15/06/2018 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ სოფიო კილაძეს წინადადება წინადადება შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბატონო ირაკლი, ქალბატონო სოფიო, წარმოგიდგენთ მოსაზრებებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ არსებული სახით, კანონპროექტი შეიცავს რიგ ხარვეზებს, რომელთა გამოსწორებაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალე მმართველობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ: 1. თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ღიაობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედი 44-ე მუხლით პირდაპირ არის დადგენილი, რომ თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემები ღია და ხელმისაწვდომია. მათი გაცემისათვის არ მოითხოვება მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ან სხვა რაიმე საფუძვლის არსებობა. კანონპროექტით შემოთავაზებული 44-ე მუხლის ახლებურ რედაქციაში კი ეს ჩანაწერი საერთოდ არ გვხვდება, რაც გამჭვირვალობის კუთხით ცალსახად უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების გაცემა საჯარო დაწესებულებების დისკრეციაზე იქნება დამოკიდებული. სწორედ მათი შესაფასებელი იქნება, რამდენად არის სახეზე მონაცემთა გაცემისათვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულ პროცესში, საჯარო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან/და მე-6 მუხლებით. თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი საერთოდ არ იარსებებს და მათზე გავრცელდება ისეთივე რეჟიმი, რომელიც დადგენილია სხვა პირებთან მიმართებაში. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ და პრაქტიკაში ამოქმედებამ ქვეყანაში საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის ხარისხი გააუარესა. აღნიშნულის მიზეზს პირველ რიგში წარმოადგენს ის გარემოება, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობა დღემდე არ ითვალისწინებს სანქციებს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უკანონოდ უარის თქმისთვის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით კი დადგენილია სანქციები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის. შესაბამისად, იკვეთება ტენდენცია, რომ საჯარო მოხელეები, რომელთაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ევალებათ მიიღონ გადაწყვეტილება გასცენ ესა თუ ის ინფორმაცია და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის, ხელმძღვანელობენ არა პროპორციულობის პრინციპით, არამედ ცდილობენ, თავიდან აიცილონ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანქციები.“1 ამ ვითარების გათვალისწინებით, ადვილად წარმოსადგენია ის უარყოფითი ეფექტი, რომელიც კანონპროექტს ექნება ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობაზე. აღსანიშნავია, რომ ამ უფლებით მოსარგებლეები მოქალაქეებთან ერთად არიან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კონტროლს უწევენ სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობას. მოქმედ კანონში ამ სახის ცვლილებების შეტანა მითითებული ჯგუფების საქმიანობაზეც ნეგატიურად აისახება და გააუარესებს თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ჩანაწერი, რომელიც თანამდებობის პირთა და თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა პერსონალური მონაცემების ღიაობას ითვალისწინებს. 2. პროფესიული საიდუმლოება, როგორც ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებში, სადაც ჩამოთვლილია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (პერსონალური მონაცემები, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოება)2, დამატებითი საფუძვლის სახით ემატება პროფესიული საიდუმლოება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში არ დგას, ვინაიდან „პროფესიული საიდუმლოება არ შეიძლება იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ 1 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2015 წელი, გვ.517. ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3891.pdf 2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილი, 42-ე მუხლის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტები. წარმოადგენს სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას.“3 პროფესიულ საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევისათვის, აუცილებლად უნდა იყოს სახეზე პერსონალური მონაცემები ან კომერციული საიდუმლოება. ნორმათა შემოთავაზებული რედაქციით, შესაძლოა წახალისდეს პრაქტიკა, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ პროფესიული საიდუმლოება აღქმული იქნება კონფიდენციალური ინფორმაციის დამოუკიდებელ სახედ. მათი მხრიდან ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ პროფესიული საიდუმლოების მითითება პრობლემური იქნება, ვინაიდან გაურკვეველი დარჩება, პერსონალური მონაცემებს წარმოადგენს ის თუ კომერციული საიდუმლოებას. საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის პრაქტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ცვლილება უფრო მეტ პრობლემას შექნის, ვიდრე სარგებელს მოიტანს. 3. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის საფუძველი. ბოლო პერიოდში საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით4 განისაზღვრა ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის წინაპირობები.5 კერძოდ, ინფორმაციის აღიარება სახელმწიფო საიდუმლოებად შესაძლებელია (1) დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი (2) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად (3) კანონით ან კანონით დადგენილი წესით. ამ ჩანაწერს აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისათვის დამახასიათებელი, უფლების (მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის თავისუფლების) შეზღუდვის ე.წ. სამსაფეხურიანი ტესტის სახე. კანონპროექტის მიზანია აღნიშნული კონსტიტუციური სტანდარტის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის ტექსტში ინკორპორირება. თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მოცემული სიახლე ფორმალური სახით არის გადმოტანილი კანონში, როდესაც ცალკე ნორმის სახით,6 ერთ წინადადებად ემატება აღნიშნული ჩანაწერი. უმჯობესია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის სხვა მუხლებშიც მიეთითოს აღნიშნული კრიტერიუმები, მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების დეფინიციასა7 და ამავე კანონის მე-6 მუხლში.8 მოგმართავთ, განიხილოთ აღნიშნული წინადადება და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოთ განსახილველ კანონპროექტში, ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების დაუბრკოლებლად რეალიზაციისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების მიზნით. პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი . 3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 273 მუხლი. 4 2018 წლის 23 მარტის ცვლილებები. 5 იხ. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი. 6 მუხლი 21 – „ინფორმაციის აღიარება სახელმწიფო საიდუმლოებად“. 7 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი. 8 „ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას“.