„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. წყალდაცვითი ზოლის საზღვრების დადგენის წესი, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალი, პირობები და რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.‘‘. 2. 21-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალი და წესები განისაზღვრება დებულებით „სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალო და საკურორტო საჭიროებისათვის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.‘‘. 3. მე-40 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის (გარდა წყლის მავნე ზემოქმედების დროს) პროცედურა და წესი განისაზღვრება დებულებით „განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის შესახებ", რომელსაც შეიმუშავებს და სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.‘‘. 4. 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება ბრძანებით „სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ ობიექტებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით;‘‘. 5. 57-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სამკურნალო მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭების წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო მისი წარმოების, ვაჭრობის და გამოყენების წესები – ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.‘‘. 6. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და თვითმმართველი ერთეულები.‘‘. 7. 85-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში −საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.‘‘; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.‘‘. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-19, 21-ე, მე-40, 53-ე, 57-ე, 74-ე და 85-ე მუხლებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 19. წყალდაცვითი ზოლი 1. წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. 2. წყლის ობიექტებსა და წყალდაცვით ზოლებში მშენებლობა, ფსკერის დაღრმავება და ასაფეთქებელი სამუშაოები, სასარგებლო წიაღისეულის, ტორფის, საპროპელის, დაძირული მერქნის მოპოვება, კაბელის, მილსადენისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ტყის ჭრა, ბურღვითი და სხვა საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. წყალდაცვითი ზოლის საზღვრების დადგენის წესი, ამ ზოლში დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალი, პირობები და რეჟიმი განისაზღვრება დებულებით „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 21. სანიტარიული დაცვის ზონები 1. იმ წყლის დაცვის მიზნით, რომელსაც იყენებენ სასმელად, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალოდ და საკურორტო საჭიროებისათვის, იქმნება სანიტარიული დაცვის ზონები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. არსებულ ან მშენებარე საერთო დანიშნულების წყალსადენს ან წყალსადენს ტექნიკური მიზნებისათვის, რომელიც ასევე გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებული იქნეს მოსახლეობის წყლით მომარაგებისათვის, უნდა ჰქონდეს წყალმომარაგების იმ ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონა, რომლიდანაც იკვებება. 3. წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონა იყოფა სამ სარტყლად და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული რეჟიმი აქვს. 4. პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა) მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალმომარაგების წყლის ობიექტი, წყლის აღების უბნებისა და წყალსადენის ნაგებობების განლაგების ფარგლებში. აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებული სანიტარიული მაჩვენებლებიდან გამომდინარე და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, პირველ სარტყელში ჩაირთვება ასევე წყლის აღების უბნებისა და წყალსადენის ნაგებობების განლაგების ადგილების მიმდებარე ტერიტორია. პირველ სარტყელში აკრძალულია: ა) იმ პირთა ცხოვრება და დროებით ყოფნა, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებულნი წყალსადენის ნაგებობების მომსახურებასთან, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, წყალსადენის ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, ჩარიცხულნი არიან მომსახურე პერსონალის საშტატო განრიგში და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირების გარდა; ბ) ნებისმიერი მშენებლობა, გარდა წყალსადენის ნაგებობებისა; ნებისმიერი დანიშნულების საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების განთავსება; ინერტული მასალის მოპოვება; მილსადენის გაყვანა (გარდა წყალსადენის ნაგებობების მომსახურებისათვის აუცილებელისა); ჩამდინარე წყლების ჩაშვება, ბანაობა, პირუტყვის ძოვება და დარწყულება, რეცხვა, თევზჭერა, შხამქიმიკატების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით; 5. მეორე სარტყელი მოიცავს ტერიტორიას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება წყალმომარაგების წყლის ობიექტებს და მათ შენაკადებს. მეორე სარტყელში აკრძალულია: ა) ტერიტორიის ან წყლის ობიექტების ისეთი გამოყენება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება; ბ) მშენებლობა, მცენარეული საფრის მოსპობა, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაყვანა, მიწის უბნების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. ამ სარტყელში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოების გადაწყვეტილებით. 6. მესამე სარტყელი მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, რომლის არასასურველმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ქიმიური გაბინძურება. 7. წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების და მათი სარტყლების უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 71 . მიწისქვეშა წყლის ობიექტის, რომელიც ექვემდებარება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღებას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემუშავებული სანიტარიული დაცვის ზონის პროექტის უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენისა და დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის თითოეული ზონის საზღვრები ზუსტად უნდა განისაზღვროს რუკაზე, ხოლო ზონის პირველი სარტყლის საზღვრები უნდა იყოს შემოღობილი, შესაბამისი ნიშნულებით(ბოძები წარწერით და ა.შ.) აღნიშნული და დაცვის სამსახურით უზრუნველყოფილი. 9. თვითმმართველი ერთეულები ვალდებული არიან, გააცნონ მოსახლეობას წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრები, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმი. 10. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). 11. სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობის ჩამონათვალი და წესები განისაზღვრება დებულებით „სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალო და საკურორტო საჭიროებისათვის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 40. წყალმოსარგებლის უფლების შეზღუდვა 1. განსაკუთრებული მცირეწყლიანობის, წყლის ობიექტზე ავარიული სიტუაციის, ეპიდემიისა და ეპიზოტიის გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების, სამხედრო მოქმედებების დროს და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე სხვა წყალმოსარგებლეთა ინტერესების გამო. 2. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). 3. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). 4. საერთო წყალსარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თევზის დასაცავად და სხვა თვალსაზრისით. ამ მიზნით სამინისტრო თვითმმართველი ერთეულის წარდგინებით განსაზღვრავს ადგილებს, სადაც აკრძალულია ბანაობა, ნავით სეირნობა, წყლის სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის აღება, პირუტყვის დარწყულება, თევზჭერა და სხვა საქმიანობა. 5. (ამოღებულია – 25.03.2013, №494). 6. განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის (გარდა წყლის მავნე ზემოქმედების დროს) პროცედურა და წესი განისაზღვრება დებულებით „განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის შესახებ", რომელსაც შეიმუშავებს და სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 53. სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები 1. სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების მიზნებისათვის; ბ) სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის; გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; დ) სამრეწველო და ჰიდროენერგეტიკული მიზნებისათვის; ე) წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების მიზნებისათვის; ვ) თევზის მეურნეობის მიზნებისათვის. 2. მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს გაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან საიმედოდ დაცული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომელთა ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს; ბ) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის წყლის ობიექტი უნდა შეირჩეს მისი საიმედოობისა და სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზების რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით; გ) სასმელად ვარგისი მიწისქვეშა წყლების საწარმოო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ტექნოლოგია, არსებული სანიტარიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვს სასმელი ხარისხის წყალს; დ) სახელმწიფო წყალსადენიდან სასმელი წყლის საწარმოო დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოსახლეობის სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებას. 3. სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) სამკურნალო კატეგორიისათვის დადგენილი წესით მიკუთვნებული წყლის ობიექტი გამოიყენება სამკურნალოდ, საკურორტო მიზნით და წყლის (სამკურნალო ბუნებრივი მინერალური წყლის) სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის; ბ) სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება ბრძანებით „სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ ობიექტებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; გ) დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტით სარგებლობა ფიზიკური პირებისათვის დაიშვება საერთო სარგებლობის ფორმით; დ) მასობრივი დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტი გამოიყენება იმ ადგილებში, რომლებსაც ადგენენ თვითმმართველი ერთეულები; ე) მცირე ზომის ხომალდით (ნიჩბიანი ნავი, იალქნიანი იახტა და სხვა) სანაოსნოდ წყლის ობიექტით სარგებლობა დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით, მცირე მოცულობის ხომალდებით სარგებლობის დამტკიცებული წესების დაცვით. 4. სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წყლის ობიექტით სასოფლოსამეურნეო საჭიროებისათვის სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, მიიღონ ზომები სამელიორაციო სისტემებიდან წყლის ფილტრაციითა და აორთქლებით დანაკარგების შესამცირებლად, მათგან წყლის არარაციონალური გადაგდების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან თევზის თევზსამეურნეო წყალსატევებიდან სამელიორაციო სისტემებში მოხვედრა, აგრეთვე შექმნან ნიადაგის ტენიანობისათვის ხელსაყრელი რეჟიმი; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქონლის გადარეკვისას დაიცვან საქონლის გადასარეკ ტრასებზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები გაბინძურებისა და დაშრეტისაგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისაგან; გ) მეცხოველეობის ფერმები, კომპლექსები და სხვა აგროსამრეწველო საწარმოები წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების გაბინძურებისაგან დასაცავად უნდა აღიჭურვოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებით; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე ტყის, ტყის ზოლებისა და ტყის სანერგეების მიწების მორწყვასა და დაშრობაზე; ე) ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 5. სამრეწველო მიზნით და ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) წყალმოსარგებლენი, რომლებიც წყლის ობიექტით სამრეწველო მიზნით სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან ტექნოლოგიური ნორმები და წყალსარგებლობის წესები, მიიღონ ზომები წყლის ხარჯის შესამცირებლად და ჩამდინარე წყლების ჩაშვების შესაწყვეტად წარმოების ტექნოლოგიისა და წყალმომარაგების სქემების სრულყოფის გზით (უწყლო ტექნოლოგიური პროცესების, ჰაერით გაცივების, ბრუნვითი წყალმომარაგებისა და სხვა ტექნოლოგიური ხერხების გამოყენებით); ბ) მიწისქვეშა წყალი, რომელიც არ განეკუთვნება სასმელი ან სამკურნალო წყლების კატეგორიას, შეიძლება დადგენილი წესით გამოყენებულ იქნეს ტექნიკური წყალმომარაგებისათვის, მისი შემადგენლობიდან ქიმიური ელემენტების ამოსაღებად, თბოენერგიის მისაღებად და სხვა საწარმოო საჭიროებისათვის, წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით; გ) წყლის ობიექტით ჰიდროენერგეტიკული საჭიროებისათვის სარგებლობა ხორციელდება წყლის კომპლექსური გამოყენების მოთხოვნათა დაცვით და სხვა დარგთა ინტერესების გათვალისწინებით; დ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ წყალსაცავების ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, ვალდებული არიან, უზრუნველყონ წყალსაცავის ავსებისა და დაცლის რეჟიმი, რომელიც დადგენილია წყალსაცავის მოქმედების ზონაში მყოფ წყლითა და მიწით მოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინებით; ე) ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბრძანებით „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ვ) ამ პუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და წყლის სხვა ობიექტების ექსპლუატაციაზე. 6. წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, არხები, საქართველოს ტერიტორიული წყლები და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა საერთო სარგებლობის სანაოსნო გზებია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი ამ მიზნებისათვის გამოყენება მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალულია; ბ) საჰაერო ხომალდების სადგომად, აფრენა-დაჯდომისათვის, აგრეთვე საჰაერო ტრანსპორტის სხვა საჭიროებისათვის წყლის ობიექტების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7. თევზის მეურნეობის საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) წყლის ობიექტში ან მის ცალკეულ უბნებზე, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ძვირფასი ჯიშის თევზის, წყლის ცხოველთა სამყაროს სხვა ობიექტებისა და მცენარეების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თევზის მეურნეობის ინტერესების შესაბამისად; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წყლის ობიექტებისა და მათი ცალკეული უბნების ნუსხა და წყალსარგებლობის შეზღუდვის სახეობები განისაზღვრება დებულებით „თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტების, მათი ცალკეული უბნების ნუსხისა და მათ ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო; გ) ჰიდროტექნიკურ და სხვა ნაგებობათა ექსპლუატაციისას თევზსამეურნეო წყალსატევებში დროულად უნდა ხორციელდებოდეს თევზის მარაგის დაცვის და მისი აღწარმოების პირობების უზრუნველყოფის ღონისძიებები. მუხლი 57. წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიების მინიჭება 1. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვა: ა) საბადოს ეკოლოგიური დაცულობა; ბ) საბადოში წყლის ქიმიური შედგენილობის, ტემპერატურისა და დებიტის სტაბილურობა; გ) წყლის წარმოება (ჩამოსხმა) ხდებოდეს ერთი საბადოდან; დ) წყლის საბადოს მარაგი დამტკიცებული იყოს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ე) წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის წყლის ტრანსპორტირება ხდებოდეს მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით; ვ) წყლის დამუშავების დროს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც არ გამოიწვევს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილებას; ზ) წყლის ხარისხის შესაბამისობა ბუნებრივი მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან. 2. ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) საბადოს ჰიდროგეოლოგიურ აღწერას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას ნატურალური მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) წყლის კლინიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლების აღწერას (საჭიროების შემთხვევაში); დ) საბადოს ეკოლოგიური დაცულობის აღწერას; ე) საბადოში წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის, ტემპერატურის და დებიტის სტაბილურობის დამადასტურებელ ორი წლის ინფორმაციას მაინც; ვ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და წყლის დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას; ზ) საბადოს გეოგრაფიულ მდებარეობას და მის სრულ დასახელებას; თ) წყლის საბადოს მარაგის დამტკიცების ოქმს. 3. სამკურნალო მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭების წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტრო, ხოლო მისი წარმოების, ვაჭრობის და გამოყენების წესები – ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 4. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის წყაროს წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, გარდა „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა. 5. ყაროს წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას, გარდა „ე" და „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა. 6. წარმოებული(ჩამოსხმული) სუფრის წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებს. ამ კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) წყლის ობიექტის კომპლექსურ დახასიათებას და მის სრულ დასახელებას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას. 7. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წყლის სასაქონლო პროდუქციას კატეგორიას ანიჭებს, რეგისტრაციაში ატარებს და მინიჭებული კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სამინისტრო. 8. გადაწყვეტილება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის წყლის კატეგორიის მინიჭების შესახებ მიიღება განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში. 9. აკრძალულია ერთი კატეგორიის წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სახელწოდების გამოყენება სხვა კატეგორიის წყლისათვის. 10.(ამოღებულია). მუხლი 74. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა 1. წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წყლის დაცვისა და გამოყენების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ამ სისტემის მიზანია: ა) წყლით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) გაბინძურების, დანაგვიანების და დაშრეტისაგან წყლის დაცვის უზრუნველყოფა; გ) წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია; დ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის წყალსარგებლობის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა; ე) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება; ვ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის, მათ შორის, იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; ზ) წყალსარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება; თ) წყალმოსარგებლეთა, მათ შორის უცხოელების, აუცილებელი გარანტიების უზრუნველყოფა და წყალსარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა. 2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და თვითმმართველი ერთეულები. 3. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა ხორციელდება აღრიცხვის, მონიტორინგის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით. მუხლი 85. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა 1. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანაა უზრუნველყოს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ წყლის დაცვის ვალდებულებათა შესრულება, წყლის ობიექტებით სარგებლობისა და მათი დაცვის წესებისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების დაცვა. 2. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას ექვემდებარება მოსარგებლის ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წყლის ობიექტებით სარგებლობასთან. 3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 4. სამინისტრო აკონტროლებს და აწესრიგებს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის კანონმდებლობით დადგენილი წყალსარგებლობის წესების, გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან წყლის დაცვის ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულების, წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების, წყლის გამოყენების პირველადი და სახელმწიფო აღრიცხვის წარმოებისა და სხვა ვალდებულებათა შესრულებას. 5. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლის მიზანია: ა) საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და წყლის კანონმდებლობის, წყლის დაცვისა და გამოყენების ინსტრუქციების დაცვა; ბ) წყლის ობიექტების რაციონალური გამოყენება (მათი კომპლექსური გამოყენების მოთხოვნების დაცვის გათვალისწინებით), წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან დაცვა; გ) წყალსამეურნეო სისტემებისა და წყალსაცავების, აგრეთვე წყალსაცავებად გამოყენებული ტბებისა და სხვა წყალსატევების ექსპლუატაციის წესების დაცვა; დ) გამწმენდ ნაგებობათა და მოწყობილობათა მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ჩამდინარე წყლების ჩაშვების წესებისა და პირობების მკაცრად დაცვა; ე) წყალსარგებლობისა და წყალჩაშვების ნორმებისა და წესების, აგრეთვე წყალსარგებლობის დადგენილი რეჟიმის დაცვა; ვ) საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში წყლის დაცვისა და გამოყენების დარგში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვა; ზ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყალდაცვით ზოლებსა და სანიტარიული დაცვის ზონებში წყლის დაცვის ღონისძიებათა, აგრეთვე წყლის მავნე ზემოქმედების (წყალდიდობა, დატბორვა, შეტბორვა, ნაპირების ნგრევა და სხვა მავნე მოვლენები) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესრულება; თ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყლის ობიექტებიდან აღებული და მასში ჩაშვებული წყლის რაოდენობის პირველადი აღრიცხვის სწორად წარმოება და ჩაშვებული წყლის ხარისხის განსაზღვრა; წყლის მოხმარებისა და ჩაშვების აღრიცხვისათვის საჭირო მოწყობილობისა და აპარატურის არსებობის უზრუნველყოფა, მისი მდგომარეობის შემოწმება და ამ მოწყობილობისა და აპარატურის სახელმწიფო ატესტაციის დაწესებული ვადის დაცვა. 6. სამინისტროს უფლება აქვს: ა) შეწყვიტოს წყლისა და მისი ობიექტებით თვითნებური, აგრეთვე წყლის დაცვისა და გამოყენების დადგენილი წესების, ვადის, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა; ბ) გასცეს განკარგულებები წყლის დაცვისა და გამოყენების წესების,კვოტების, ვადისა და სხვა მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის შესახებ; გ) შეაჩეროს სამუშაოები, რომელთა განხორციელებისას სისტემატურად ირღვევა წყლის დაცვისა და გამოყენების წესები, კვოტები და სხვა მოთხოვნები, ამ დარღვევათა აღმოფხვრამდე. 7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. 8. საქართველოს ნორმატიული აქტებით შეიძლება დადგენილ იქნეს წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის სხვა მიზნები.