„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისათვის.“. 4. 172 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) მსხვერპლს უნდა უქმნიდეს საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.“. 5. 181 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-4, მე-7-მე-8, 172, 181 მუხლებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩანაცვლება. კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტში ასევე ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ე 1) არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა − მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე; ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; ვ1) სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს; ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; ზ1) სხვა პასუხისმგებელი პირი – პირი (გარდა ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), რომელთანაც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელზე ზრუნვისა და რომლის კანონიერი ინტერესების დაცვის ვალდებულებაც დაეკისრა აღნიშნულ პირს იმავე სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე; ზ2) სოციალური მუშაკი – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრული სოციალური მუშაკი; თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 14 2 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით; ი) თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას; კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებები – ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი; ლ) კრიზისული ცენტრი – სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისულ ცენტრში პირის და მასზე დამოკიდებული პირების განთავსება შესაძლებელია მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრამდე და ამ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ, თუ მსხვერპლი არ გამოთქვამს საცხოვრებლად მისი თავშესაფარში განთავსების სურვილს და საჭიროებს მხოლოდ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას თავშესაფარში ცხოვრების გარეშე; მ) (ამოღებულია - 04.05.2017, №761). მუხლი 7. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები. 2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში უზრუნველყოფს მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალი ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღკვეთისკენ. 4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების დროული, კოორდინირებული (ურთიერთშეთანხმებული) საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურებით“, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 8. სოციალური მომსახურება 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალურ მომსახურებას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისათვის. 2. სოციალური მომსახურება მოიცავს: ა) ოჯახური დავების მიზეზების შესწავლას, შესაბამის ანალიზს და დავების დაძლევაში ოჯახის წევრთა დახმარებას; ბ) მსხვერპლთა მხარდაჭერისა და თანადგომის ღონისძიებების განხორციელებას; გ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მოძალადეთა რისკჯგუფების გამოვლენას და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ხელშეწყობას; დ) დამცავი ორდერის გაცემის პროცესში მონაწილეობას; ე) დამცავი და შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას; ვ) მსხვერპლთათვის დახმარებისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების ხელშეწყობას. მუხლი 172. მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი (თავშესაფარი) მსხვერპლს უნდა უქმნიდეს საყოფაცხოვრებო პირობებს და უნდა უზრუნველყოფდეს მის მიერ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით და ფსიქოლოგიური დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობას. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ თავშესაფრის შექმნა დასაშვებია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 3. თავშესაფრის საქმიანობა რეგულირდება მისი წესდებით (შინაგანაწესით), რომელიც განსაზღვრავს მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსებისა და რეაბილიტაციის წესს. მუხლი 181. კრიზისული ცენტრი 1. კრიზისული ცენტრი არის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი და ემსახურება მათ ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და სამართლებრივ დახმარებას. 2. კრიზისული ცენტრი იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე. არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ შექმნილი კრიზისული ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.