„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;‘‘. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი; ბ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია; გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი; დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შეიარაღებულ ძალებში, სხვა სამხედრო ფორმირებებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში პენიტენციური დაწესებულება) პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი.“. 4. 35-ე მუხლის ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტრო და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.“. ბ) მე-4-8-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაა: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 6. საქართველოს თავდაცვის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 7. საქართველოს თავდაცვის დასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს. 8. საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის მე-3, მე-7, მე-17 მუხლებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/მინისტრის სახელწოდების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/მინისტრით ჩანაცვლება. ხოლო, 35-ე მუხლის პირველ, პირველ პუნქტში ასევე ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდების საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი ჩანაცვლება. პროექტის თანახმად, ასევე ცვლილება შედის კანონის 35-ე მუხლის 4-8 პუნქტებში, სადაც ხდება ტერმინოლოგიის დონეზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელწოდების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური ჩანაცვლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტი დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ბ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური – სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური; დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი – სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია; ე) ეპიდემია – განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით; ვ) ეპიდემიური აფეთქება – მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში; ზ) პანდემია – გადამდები დაავადების უჩვეულოდ ფართო (რამდენიმე ქვეყნის, კონტინენტის ან მსოფლიოს მასშტაბით) გავრცელება, რომელიც მოიცავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს; თ) ეპიდემიური კერა – ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით; ი) განსაკუთრებით საშიში ინფექციები – მაღალი პათოგენობის მქონე ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას;‘ ი1) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას; კ) ეპიდზედამხედველობა – მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა; ლ) იზოლაცია – ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას; მ) საკარანტინო ღონისძიებები – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ნ) პროფილაქტიკური მკურნალობა – სამედიცინო ინტერვენციების განხორციელება (ვაქცინაცია, სპეციფიკური მედიკამენტების მიღება) გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით რისკ-ჯგუფის პაციენტებში; ო) პროფილაქტიკური აცრა – ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა (ვაქცინაცია) გადამდები დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის განვითარების მიზნით; პ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი – იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც საჭიროა პროფილაქტიკური აცრა, და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და წესები; ჟ) ნოზოკომიური ინფექცია – სამედიცინო დაწესებულებაში შეძენილი ინფექცია; რ) ზოონოზური დაავადება – ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება; ს) პათოგენური ბიოლოგიური აგენტი – მიკროორგანიზმი, ბიოლოგიური წარმოშობის შხამი, აგრეთვე მათი შემცველი ნებისმიერი წარმოშობის ობიექტი და მასალა; ტ) ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორმოცდამეთვრამეტე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტი, რომელიც დაავადებათა გავრცელებისაგან დაცვის გლობალური ინსტრუმენტია; უ) ბიოლოგიური უსაფრთხოება – პათოგენური ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა; ფ) ქიმიური ნივთიერებების ბრუნვა – ქიმიური ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი; ქ) სანიტარიული ნორმები – სამინისტროს მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტები; ღ) ჰიგიენური ნორმები – სამინისტროს მიერ განსაკუთრებული კონტინგენტისათვის დადგენილი სავალდებულო ნორმები; ყ) ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები – მიკროელემენტებითა და ვიტამინებით გამდიდრებული საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისათვის; შ) განსაკუთრებული კონტინგენტი – ამ კანონის მიზნებისათვის, ყველა ადამიანი, რომელსაც არ აქვს ან შეზღუდული აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი (არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, სტაციონარის ავადმყოფი) და რომელსაც სახელმწიფომ იძულებით შეუზღუდა თავისუფალი მოქმედება. ჩ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კვლევის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდემიოლოგიური კონტროლის, ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მართვის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული რეკომენდაცია, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო. მუხლი 7. სამინისტროს ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში 1. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას; ბ) გადამდები დაავადებების პრევენციას, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას; გ) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებისა და ეპიდჩვენებით განპირობებული აცრების ზედამხედველობას; დ) სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების შესახებ, რომლებიც ჩატარდა; ე) სტატისტიკის წარმოებას გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების შემთხვევების შესახებ; ვ) ეპიდემიური აფეთქებისა და ეპიდემიების ლაბორატორიულ დადასტურებას; ზ) ინფიცირებულთა მკურნალობას გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით; თ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრების ხელმისაწვდომობას. 2. სამინისტრო პროფილაქტიკური აცრების ჩატარების მიზნით: ა) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ვადებსა და წესებს, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციისა და იმუნიზაციის ბარათების ფორმებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებას ეპიდჩვენებით განპირობებული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შესახებ; გ) უზრუნველყოფს პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრებით საქართველოში მცხოვრებ პირთა მაქსიმალურ მოცვას; დ) აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მომარაგებას მოსახლეობის პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო ხარისხიანი, ეფექტიანი და უსაფრთხო პრეპარატებით; ე) განსაზღვრავს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების წესებს; ვ) ახორციელებს პროფილაქტიკური აცრებისათვის საჭირო პრეპარატების შენახვისა და ტრანსპორტირების ზედამხედველობას. 3. სამინისტრო ადგენს ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობის, პრევენციისა და კონტროლის წესებს. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება: ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი; ბ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია; გ) იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებიც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან, და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალი; დ) იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ. 5. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქმიანობით დაკავებულ პირთა ინფორმირებას მათთვის რეკომენდებული აცრების შესახებ. 6. შეიარაღებულ ძალებში, სხვა სამხედრო ფორმირებებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში პროფილაქტიკური იმუნიზაციის წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის, აცრებთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. 8. სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ადგენს სანიტარიულ ნორმებს. მუხლი 17. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების შეზღუდვები 1. განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის უფლება აქვთ მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს. 2. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება. 3. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს დამატებით ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე საქმიანობის ლიცენზიის გაცემის დამატებითი პირობებია. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით იქმნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების ეროვნული საცავი. 5. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემისა და გადატანის წესებს. ამ წესების შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც მონაწილეობს განსაკუთრებით საშიში პათოგენების გადაცემაში ან/და გადატანაში. 6. განსაკუთრებით საშიში პათოგენები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას. განსაკუთრებით საშიში პათოგენების ყველა სავარაუდო გადატანის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულებას და ისინი უნდა გადაადგილდეს დადგენილი წესით. მუხლი 35. სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 2. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა: ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 3. სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურებისათვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 4. პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპეტენციაა: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. 5. სამინისტრო და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისათვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს. 6. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 7. საქართველოს თავდაცვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს. 8. საქართველოს თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას.