„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს. მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, პატიმრობის კოდექსი, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით. 3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთა საქმიანობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისათვის და მის შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის სპეციალური დანაყოფები არის სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიანი სისტემა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, კრიზისული ვითარების მართვის და სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, საფინანსო, ორგანიზაციულ, სამართლებრივ, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა, მათ შორის სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა, მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეები (შემდგომ – მოსამსახურე) არიან პირები, რომელთა საქმიანობაც მიმართულია სასჯელის უშუალო აღსრულებისაკენ და უზრუნველყოფს ამ კანონის მე-5 მუხლით (გარდა მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება.“; დ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება სამსახურის სამოქალაქო დანაყოფებისათვის გათვალისწინებული ნორმები, ამასთან, სამსახურის სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეებზე დამატებით ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6–მე-8 და მე-10 პუნქტებით და მე-40 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისკენ და უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით. 3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის სიცოცხლეს, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, არ უნდა არღვევდეს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 4. სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად უზრუნველყოს საზოგადოებისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სათანადო, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, სამსახური ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო იცავს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის პატივსა და ღირსებას, უზრუნველყოფს მას შრომის ღირსეული პირობებით, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის პატივისა და ღირსების შელახვა აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ კანონის მიზნებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა გულისხმობს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის უფლებას, თავისი თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების ფარგლებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩიოს.“. 4. მე-5 მუხლის: ა) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“; ბ) „ნ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამსახურის მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;“; გ) „რ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფა.“. 5. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამსახურის ორგანიზება 1. სამსახური აერთიანებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. 2. სამსახურის დაქვემდებარებაშია პენიტენციური დაწესებულებები. მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა და კონტროლი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეების მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა, მათ შორის სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა, მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემურ მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტი.“. 6. თავი IV-ს სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV სამსახურის სპეციალურ დანაყოფში მიღებისა და სამსახურის გავლის წესები“. 7. მე-8 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება“; ბ) პირველი - მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 2. სამსახურის სპეციალურ დანაყოფში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის კონკურსს, სპეციალურ შემოწმებას და თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრში (შემდგომ – მომზადების ცენტრი). ამ პერიოდში იგი სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.“; გ) მე-9 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდგომი შინაარსის 91 ნაწილი: „91. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირი, შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებლად, არა უმეტეს 6 თვის ვადით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.“; დ) მე-10 პუნქტის: დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის სპეციალურ დანაყოფში მისაღებად კონკურსის ჩატარების, სამუშაოდ მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესი;“; დ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამსახურის სპეციალურ დანაყოფში იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი.“. 8. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში.“. 9. 101 მუხლს მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადამზადების ვალდებულებისა.“. 10. 102 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე.“. 11. მე-11 მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეზე.“. 12. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური სახდელები 1. მძიმე ან მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი. 2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; დ) უშუალო, ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა; ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეთათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა. 3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას, ან სამსახურის სპეციალურ/სამოქალაქო დანაყოფებში მომუშავე მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამსახურს; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა; ე) ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ აღნიშნული ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. 4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; თ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება მძიმე დისციპლინური გადაცდომისთვის. 5. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 6. მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი. 7. ამ მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება სამსახურის მოსამსახურეზე, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით.“. სამოქალაქო დანაყოფების 13. თავი IV-ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი IV1: „თავი IV1 სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მიღება მუხლი 121. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მიღების წესი 1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კანონის 122 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსი ცხადდება სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ვებგვერდის მეშვეობით. 2. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს; გ) აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. 3. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში დასაქმების მსურველ პირს, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას, მოხელის სერტიფიკატი, როგორც წესი, არ მოეთხოვება. 4. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატის შერჩევის წესს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. 5. კონკრეტული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის სამართლებრივი აქტით. მუხლი 122. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში უკონკურსოდ დანიშვნა 1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში უკონკურსოდ ინიშნებიან: ა) დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელები; ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს; გ) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე - სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; ზ) სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე – სამსახურის იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში გადაყვანისას, თუ მის მიერ კონკურსის/დაწინაურების წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია წაყენებული. 2. დროებით მოვალეობის შემსრულებელი, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე – არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის წერილობითი თანხმობით, დასაკავებელ თანამდებობაზე მისი წარდგენის უფლება აქვს სამსახურის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის/პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა. მუხლი 123. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში სამსახურის ვადა 1. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში განსაზღვრული ვადით მიიღება: ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელი – სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე; ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე; გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. მუხლი 124. გამოსაცდელი ვადა 1. დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა, პირი დანიშნოს გამოსაცდელი ვადით. 2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. 3. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან. 4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას. 5. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან დაწინაურება, აგრეთვე მოვალეობის შესრულების დაკისრება. 6. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში. მუხლი 125. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები 1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) Curriculum Vitae (CV); გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა – ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველია. ამასთან, სამსახურში მიღების მსურველ პირს შეიძლება მოეთხოვოს ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებიდან, ასევე, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული დიპლომის წარმოდგენა. მუხლი 126. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურის ფიცი სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე დებს ფიცს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 14. თავი VI-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის უფლება-მოვალეობები, სამსახურის გავლის პირობები“. 15. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის უფლებამოვალეობები 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სამსახურს. 2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის კანონიერი უფლებები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; თ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებისას, ასევე, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა პერსონალური მონაცემები, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით; ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით, ეფექტიანად და სწორად წარმართოს სამსახურში ორგანიზაციული პროცესი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპი. ასევე, ბოროტად არ გამოიყენოს და არ გაფლანგოს სამსახურებრივი სახსრები; კ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით; ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს; მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტს, საიარაღო სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივი მოწმობისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დაკარგვა შეიძლება გახდეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები. 5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სხვა უფლებამოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი. 6. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით.“. 16. მე-16 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სამსახურის სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 17. მე-17 – 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულება 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურების გარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება, გარდა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა. 3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შვებულება ეძლევა თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. მუხლი 18. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით. 2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება. 3. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურისათვის ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე. მუხლი 19. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო 1 წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება არაუმეტეს 10 დღისა. 2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურებადია და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება. მუხლი 20. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ანაზღაურების გარეშე შვებულება სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს. მუხლი 21. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სასწავლო შვებულება 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. 2. თუ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები. მუხლი 22. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. 2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შრომითი ანაზღაურების ოდენობით. 3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. 4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ბავშვის ერთი წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს ერთჯერადად მოითხოვოს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დარჩენილი არაანაზღაურებადი შვებულება. 5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახური ბიუჯეტიდან, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შრომითი ანაზღაურების ოდენობით. 6. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომითი გასამრჯელო. 7. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. აღნიშნულ შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.“. 18. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. სამსახურის პროფესიული დღე სამსახურის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 სექტემბერს. მუხლი 25. გაფიცვა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და მასში მონაწილეობა.“. 19. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა, სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება“. 20. 26-ე - 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 26. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამსახურის გათავისუფლებას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში (გარდა ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია. მუხლი 27. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) წერილობითი განცხადება/პატაკი, თუ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების წინააღმდეგი არ არის (წელიწადში არაუმეტეს 5 დღისა); ბ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის შვებულება; გ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა; დ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის კანდიდატად წარდგენა საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით; ვ) სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება; ზ) კანონის შესაბამისად სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევა; თ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა; ი) ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მუხლი 28. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების ნასვამი მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება 1. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი, თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ნასვამია, მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს ჩამოაშორებს სამსახურს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს არ ეძლევა ხელფასი სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისათვის. მუხლი 29. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება დისციპლინური წარმოებისას 1. პირს, რომელსაც უფლება აქვს, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი დააკისროს, შეუძლია სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას სამსახურს ჩამოაშოროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები. მუხლი 30. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირმა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ პირს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო. მუხლი 31. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება. მუხლი 32. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს: ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; დ) სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სხვა სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში; ვ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ზ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; თ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე, თუ იგი ერთჯერადად განზრახ ან გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ ან/და დაკისრებულ მოვალეობებს; ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; კ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; მ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ნ) პირადი პატაკის საფუძველზე; ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; პ) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო, სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში; ჟ) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო; რ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო; ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა; ტ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; უ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ფ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 3. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან. 2. სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული პირი ვალდებულია დააბრუნოს მასზე სამსახურებრივად განპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი.“. 21. VIII და IX თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VIII სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა მუხლი 36. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენის საფუძვლები 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ. მუხლი 37. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა 1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. 3. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. 4. ამ კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სამსახურში აღდგენას ექვემდებარება პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში. 5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით. თავი IX სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები მუხლი 38. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. 2. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 4. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესახებ, უარი უნდა თქვას მის შესრულებაზე და უნდა აცნობოს სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტსა და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. 5. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 6. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 39. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სოციალური დაცვა 1. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას ასევე ექვემდებარება ის სამედიცინო მოსამსახურე, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში. 3. შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, შეუძლია შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. 4. პირი, შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში მიიღება შრომის კოდექსით დადგენილი წესით. 5. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი. 6. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს. 7. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის: ა) მიეცემა ხელფასი, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს (მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს); ბ) შეიძლება მიეცეს ხელფასზე ყოველთვიური დანამატი ნამსახურები წლებისათვის (ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახური, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა); გ) ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში შეიძლება დაუწესდეს სხვა დანამატები; დ) შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაცია. 8. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს, საანგარიშო თვის განმავლობაში ეძლევა ყოველთვიური დანამატი შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სამსახურის გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებული დანამატის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. 9. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული დანამატი მოსამსახურეს საერთოდ არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში. 11. ამ მუხლით გათვალიწინებული სარგო, დანამატი და ფულადი ჯილდო მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 12. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. 13. სამსახურში შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები, დანამატი და ფულადი ჯილდო) ოდენობა განისაზღვრება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით. 14. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 15. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 16. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატის ოდენობას, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობას, აგრეთვე მოსამსახურისათვის სხვა დანამატის დანიშვნისა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. 17. სამსახურის სოციალური სამსახურების მოსამსახურეთა დანამატების ოდენობებსა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. მუხლი 40. სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები 1. მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები.“. მუხლი 2 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში, გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალური პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური, მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში, ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა მომზადების ცენტრი. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული აუცილებელი შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა ორგანოებმა გუზრუნველყონ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი პენიტენციური დაწესებულებების ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - პენიტენციური და პრობაციის სისტემის მოსამსახურეთა ცენტრმა უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი პენიტენციური დაწესებულებებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ყოფილ მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედებამდე დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ამასთანავე, არსებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი აქტების ძალაში შესვლამდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს ენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება. 7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მინისტრის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისა და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე. 8. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ გაუქმებამდე. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ნაცლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი მიეთითება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შერწყმის შედეგად მოხდება გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ოპტიმიზაცია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს. მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, პატიმრობის კოდექსი, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 2. სამსახურის ოფიცრისა და რიგითის საქმიანობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისათვის და მის შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები. მუხლი 3. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი 1. სამსახური არის სპეციალური, გასამხედროებული ქვედანაყოფების ერთიანი სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების განხორციელების, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, კრიზისული ვითარების მართვის და სპეციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით. 2. სამსახურში მუშაობენ სამსახურის ოფიცრები და რიგითები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. 3. სამსახურის ოფიცერი და რიგითი (შემდგომ – მოსამსახურე) არიან პირები, რომელთა საქმიანობაც მიმართულია სასჯელის უშუალო აღსრულებისაკენ და უზრუნველყოფს ამ კანონის მე-5 მუხლით (გარდა მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება. 4. საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ან პენიტენციური დაწესებულების სოციალურ სამსახურში მუშაობს ან პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციას, მოსამსახურეთა შემადგენლობაში არ შედის და მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურების საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-6–მე-8 და მე-10 პუნქტებით და მე-40 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონის უზენაესობა; ბ) ადამიანის უფლებათა დაცვა და პატივისცემა; გ) გამჭვირვალობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) მოსამსახურის პატივისა და ღირსების დაცვა; ვ) თანაზომიერება; ზ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა. 2. კანონის უზენაესობის პრინციპის თანახმად, მოსამსახურის სამსახურებრივი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისკენ და უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით. 3. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის სიცოცხლეს, არ უნდა ლახავდეს მის პატივსა და ღირსებას, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, არ უნდა არღვევდეს ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. 4. სამინისტრო ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად სწრაფად უზრუნველყოს საზოგადოებისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ სათანადო, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ამასთანავე, სამინისტრო ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა. 5. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრი. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს. მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება ან მისი პოლიტიკური შეხედულების ან პარტიული კუთვნილების გამო დასჯა აკრძალულია და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 6. სახელმწიფო იცავს მოსამსახურის პატივსა და ღირსებას, უზრუნველყოფს მას შრომის ღირსეული პირობებით, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებით. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას. მოსამსახურის პატივისა და ღირსების შელახვა აკრძალულია და იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. 7. თანაზომიერების პრინციპის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალა და საშუალება აუცილებელი და იმ ინტერესის პროპორციული უნდა იყოს, რომლის დასაცავადაც ხორციელდება უსაფრთხოების ღონისძიება ან მოქმედება. 8. ამ კანონის მიზნებისათვის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესის დაცვა გულისხმობს მოსამსახურის უფლებას, თავისი თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების ფარგლებში, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება შეარჩიოს. მუხლი 5. სამსახურის ამოცანები სამსახურის ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების რეალიზაცია; ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა; გ) პენიტენციური დაწესებულების დაცვის უზრუნველყოფა; დ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვა; ე) სამინისტროს სისტემის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება; თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია; ი) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალური ღონისძიებების განხორციელება; კ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების განხორციელების, მსჯავრდებულის რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულება (კერძოდ, პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შემუშავება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა) და ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; მ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა; ნ) სამინისტროს სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება; ო) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების და დადგენილი რეჟიმის დასაცავად კრიზისული ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვა; პ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა; ჟ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება; რ) მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა. მუხლი 6. სამსახურის ორგანიზება 1. სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს – პენიტენციურ დეპარტამენტს (შემდგომ – დეპარტამენტი) და ანალიტიკურ დეპარტამენტს. 2. დეპარტამენტი ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციას, სამართლებრივი რეჟიმის დაცვას, შიდა უსაფრთხოებისა და გარე დაცვის უზრუნველყოფას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანას/გადაყვანას და ექსტრადიციას, პენიტენციური დაწესებულებების საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ანალიტიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს. 4. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უშუალო აღსრულებას. პენიტენციური დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტს ექვემდებარება. მუხლი 7. სამსახურის ხელმძღვანელობა და კონტროლი 1. სამსახური ექვემდებარება მინისტრს, აგრეთვე მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ მინისტრის მოადგილეს. 2. მინისტრს უფლება აქვს, სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ (მათ შორის, უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭების) საკითხებზე, გარდა საკადრო საკითხებისა, თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს დეპარტამენტის დირექტორზე. 3. სამსახურის სამსახურებრივ შემოწმებას და ბრალდებულის/ მსჯავრდებულის უფლებების დაცვის მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. თავი IV სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესები მუხლი 8. სამსახურში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება 1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 2. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის კონკურსს, სპეციალურ შემოწმებას და თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით. 3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ − სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში (შემდგომ – სასწავლო ცენტრი). ამ პერიოდში იგი სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით. 4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი. 5. მოსამსახურეს სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაეთვლება შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. მას შეიძლება დაევალოს აგრეთვე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. 6. სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას უნდა ითვალისწინებდეს. 7. თუ მოსამსახურე არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მუშაობს, დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება მისი სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 8. მოსამსახურე სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, სერტიფიკატის განახლების მიზნით გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსს, რის შემდეგაც აბარებს გამოცდას. სერტიფიკატი ამ გამოცდის შედეგების საფუძველზე განახლდება. თუ გამოცდის შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ სერტიფიკატი ვერ განაახლა, სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი ამოიწურა, იგი სამსახურიდან თავისუფლდება. 9. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად. 10. მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრება: ა) სამსახურში მისაღებად კონკურსის ჩატარების, სამუშაოდ მისაღები პირის შერჩევის, მის მიერ სპეციალური შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესი; ბ) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანდიდატებისათვის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად; გ) სასწავლო კურსის სახეები, სასწავლო კურსის გავლის, მოსამსახურის სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესი; დ) მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურების წესი; ე) სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადის გარეშე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი. მუხლი 9. მოსამსახურის ფიცი სამსახურში სამუშაოდ პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს: „ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემი მოვალეობები.“. მუხლი 10. სამსახურში მიღებასთან და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები 1. სამსახურში სამუშაოდ არ მიიღება: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს; ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა; თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო. 2. მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა. მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში. მუხლი 101. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა 1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება: ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით – თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს; ბ) თანაბარ თანამდებობაზე: ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე: გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე; გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით; გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო. 2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით თანამდებობაზე დანიშვნას, როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს მისი სათანადო სამსახურებრივი გადამზადება. 3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. 4. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სტრუქტურულ ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას. 5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი. 6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის თანხმობა. მუხლი 102. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება 1. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს სამსახურში დროებით არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ ფუნქციონირებას, შეუძლია: ა) გადაუნაწილოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეებს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; ბ) დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს და შემცვლელი მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან. 2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის ან მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას. 3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით. 4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი ხელფასის გარდა, ეძლევა დანამატი სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. 5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. მუხლი 11. მოსამსახურის წახალისება 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამინისტროს სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამინისტროს მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამინისტროს მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება. 2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე. 4. მოსამსახურის წახალისების წესს ადგენს მინისტრი. მუხლი 12. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური სახდელები 1. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად შექმნა; გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამინისტროს სისტემის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ; დ) საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ან/და ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა; ე) მოსამსახურეთათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) საყვედური; დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; ზ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; თ) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. 3. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 4. მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი. თავი VI მოსამსახურის უფლება-მოვალეობები, სამსახურის გავლის პირობები მუხლი 15. მოსამსახურის უფლება-მოვალეობები 1. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. 2. მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად; გ) უზრუნველყოფილი იყოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულტექნიკური საშუალებებითა და პირობებით; დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად; ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 3. მოსამსახურე ვალდებულია: ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა პირის კანონიერი უფლებები; ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები; დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება; ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები; ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; თ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული სხვა მოვალეობები. 4. მოსამსახურის სხვა უფლება-მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 16. მოსამსახურის სამუშაო დრო 1. მოსამსახურისათვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე. 2. მოსამსახურისათვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) უქმე და დასვენების დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია. ასეთ შემთხვევაში მას ანაზღაურება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებსაც განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. 4. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები. 5. მინისტრის ბრძანებით მოსამსახურეები შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი. მუხლი 17. მოსამსახურის შვებულება 1. მოსამსახურისათვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი დამატებითი; გ) ანაზღაურებისგარეშე; დ) სასწავლო; ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. 2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება, გარდა მოსამსახურის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა. 3. მოსამსახურეს შვებულება ეძლევა მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით. მუხლი 18. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 1. მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. 2. მოსამსახურის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება. 3. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება მოსამსახურეს ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურისათვის ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე. მუხლი 19. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება 1. მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს, განსაკუთრებული გარემოების გამო 1 წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება არაუმეტეს 10 დღისა. 2. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურებადია და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება. მუხლი 20. მოსამსახურის ანაზღაურებისგარეშე შვებულება მოსამსახურეს შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით ანაზღაურებისგარეშე შვებულება არაუმეტეს 1 წლისა. დადგენილი წესით მიეცეს მუხლი 21. მოსამსახურის სასწავლო შვებულება 1. მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით. 2. თუ მოსამსახურეს სასწავლო შვებულება სამინისტროს ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები. მუხლი 22. მოსამსახურის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება, დახმარება და კომპენსაცია მოსამსახურეს ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 24. მოსამსახურის პროფესიული დღე მოსამსახურის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 სექტემბერს. მუხლი 25. გაფიცვა მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და მასში მონაწილეობა. თავი VII მოსამსახურის სამსახურებრივი დათხოვნა/გათავისუფლება ურთიერთობის შეჩერება და შეწყვეტა, სამსახურიდან მუხლი 26. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება 1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და სამინისტროს გათავისუფლებას მოსამსახურის სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან. 2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონით დადგენილ შემთხვევებში (გარდა ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია. მუხლი 27. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) მოსამსახურის წერილობითი პატაკი (განცხადება), თუ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების წინააღმდეგი არ არის; ბ) მოსამსახურის შვებულება; გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა; დ) მოსამსახურის კანდიდატად წარდგენა საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით და 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით; ვ) მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება; ზ) კანონის შესაბამისად ან კანონის საფუძველზე მოსამსახურის დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევა; თ) მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა; ი) ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. მუხლი 28. ნასვამი მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება 1. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი, თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსამსახურე ნასვამია, მოსამსახურეს მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში სამსახურს ჩამოაშორებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ მოსამსახურეს არ ეძლევა ხელფასი სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისათვის. მუხლი 29. მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება დისციპლინური წარმოებისას 1. პირს, რომელსაც უფლება აქვს, მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი დააკისროს, შეუძლია მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას სამსახურს ჩამოაშოროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამსახურისგან ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები. მუხლი 30. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება 1. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირმა მოსამსახურე შეიძლება დროებით გადააყენოს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, ამ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე. გამართლებულ მოსამსახურეს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი თანამდებობრივი სარგო. მუხლი 31. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სამსახურიდან დათხოვნა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა; ე) გარდაცვალება. მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება 1. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს: ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად; დ) დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო; ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში; ვ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; ზ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; კ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; მ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; ნ) პირადი პატაკის საფუძველზე; ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; პ) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო, სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში; პ1) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო; ჟ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო; რ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა; ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ტ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; უ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მასზე სამსახურებრივად განპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი. თავი VIII მოსამსახურის სამსახურში აღდგენა მუხლი 36. მოსამსახურის სამსახურში აღდგენის საფუძვლები 1. მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული, ექვემდებარება სამსახურში აღდგენას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მოსამსახურის აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ. მუხლი 37. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა 1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისათვის ხელფასი მიეცემა არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განჩინება №2/16/1218 2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე. 3. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურე სამსახურში აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. 4. ამ კანონის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე სამსახურში აღდგენას ექვემდებარება პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში. 5. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, მისივე თანხმობით. თავი IX მოსამსახურის სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები მუხლი 38. მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა. 2. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 4. მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესახებ, უარი უნდა თქვას მის შესრულებაზე და უნდა აცნობოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტს. 5. მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 6. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ან/და მისი ოჯახის წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. მუხლი 39. მოსამსახურის სოციალური დაცვა 1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მოსამსახურის მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა. 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი. 4. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს. 5. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის: ა) მიეცემა ხელფასი, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დადგენილ დანამატს; ბ) შეიძლება მიეცეს ხელფასზე ყოველთვიური დანამატი ნამსახურები წლებისათვის (ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახური, გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა); გ) შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაცია. 6. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. 7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მინისტრის სამართლებრივი აქტით მას ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 9. მოსამსახურისათვის ნამსახურები წლებისათვის ხელფასზე ყოველთვიური დანამატის ოდენობას, სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობას, აგრეთვე მოსამსახურისათვის სხვა დანამატის დანიშვნისა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. 10. დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურების მოსამსახურეთა დანამატების ოდენობებსა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. მუხლი 40. სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები 1. მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. 2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე მოსამსახურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები.