„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/236/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი პროექტი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) პატიმრობის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წერილობითი ბრძანება.“. 2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“. 3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოპერატიულ დანაყოფებს.“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების გამომძიებლებს და თანამშრომლებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომელშიც შეიქმნება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ნაცლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი მიეთითება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შერწყმის შედეგად მოხდება გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ოპტიმიზაცია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, აღნიშნულის წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია: ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულსამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს; გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას; დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა; ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა; ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად; ზ) პატიმრობის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ, როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება მათი დაწყების საფუძვლის აღმოფხვრამდე, მაგრამ ამ ღონისძიებების განხორციელების ხანგრძლივობა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. მუხლი 9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების პირობები 1. ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635). 3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულსამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. მუხლი 12. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები 1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს; ა1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილ დანაყოფებს; ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს; დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, საგამოძიებო დეპარტამენტს, პენიტენციური დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სამსახურებს; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებს; ვ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს; ზ) პროკურატურის გამომძიებლებს; თ) (ამოღებულია – 03.06.2011, №4732); ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს. 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ნუსხა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ კანონით. 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად, ურთიერთმოქმედებით, აგრეთვე ცალკეულ პირთა ხელშეწყობით.