საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N8236; 28.05.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.07.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#11749/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-05
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 11749 04/07/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N166/5), წამყვანი კომიტეტის სტატუსით, განსახილველად გადაეცა საქართველოს კლინიკების ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N8236; 28.05.2018) საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა განიხილა 3 ივლისს. საკითხის საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება, სამართლებრივი შეფასებისა და საკანონმდებლო მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაგზავნილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიოეთიკის ეროვნულ საბჭოში. საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა ,,მომსახურება“ შინაარსობრივი კუთხით სწორად არ ასახავას ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას. ექიმი ან სხვა სამედიცინო პერსონალი სამედიცინო საქმიანობის პროცესში, პაციენტს კი არ ემსახურება, არამედ უწევს სამედიცინო დახმარებას, სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით უტარებს მას კონსულტაციებს, ლაბორატორიულ, ინსტრუმენტალურ და ამბულატორიულ გამოკვლევებს. დაავადების შესაბამისად ამბულატორიულ და სტაციონარულ, სასწრაფო ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ექიმი მკურნალობს პაციენტს კონსერვატიული ან ქირურგიული მეთოდით, ხოლო სამედიცინო დაწესებულება, აღჭურვილობითა და ინვენტარით პაციენტს უქმნის შესაბამის პირობებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ავტორს მიაჩნია, რომ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის აღწერისას სიტყვა ,,მომსახურების“ გამოყენება შეუსაბამოა და არაეთიკურია. მომსახურე პერსონალი ასრულებს გარკვეული დამკვეთი ინდივიდის სურვილზე დამყარებულ მოთხოვნას, მაგალითად: ტაქსის მძღოლი ემსახურება კლიენტს ამ უკანაკნელის მოთხოვნის შესაბამისად; სასტუმრო ოთახებს ემსახურება დამალგებელი და სხვა. სამედიცინო საქმიანობის პროცესში ექიმი არ მოქმედებს პაციენტის სურვილის ან მოთხოვნის მიხედვით, არამედ იგი მოქმედებს დამოუკიდებლად, გამომდინარე პაციენტის კონკრეტული მდგომარეობიდან. ექიმი ან სამედიცინო პერსონალი უწევს პაციენტს დახმარებას ჯანმრთელობის შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით, მაგალითად: გარკვეული ჭრილობის მქონე პაციენტს ექიმი უწევს ქირურგიულ დახმარებას; გულის სტენოკარდიული შეტევისას ექიმი უწევს პაციენტს კარდიოლოგიურ დახმარებს და სხვა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით საქართველოს კლინიკების ასოციაცია შემოვიდა საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს კანონში ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და საქართველოს კანონში ,,სამედიცინო საქმიანობის შესახებ“ შეტანილი იქნას ცვლილება და სიტყვა ,,სამედიცინო მომსახურება“ ჩანაცვლებული იქნას სიტყვით ,,სამედიცინო დახმარება“. კომიტეტისთვის მიუღებელია ტერმინის ,,სამედიცინო მომსახურება“ პირდაპირი ჩანაცვლება ტერმინით ,,სამედიცინო დახმარება“. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცალკეულ შემთხვევებში, კანონმდებლობაში გამოყენებულია ორივე ტერმინი. ამდენად, სხდომის წევრთა მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და კომპეტენტური უწყებებიდან მიღებული დასკვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე აღნიშნული სახით საკანონმდებლო წინადადება ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტი ამავდროულად გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა და იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკვშირებით სამედიცინო დარგობრივ ასოციაციებთან და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად. აკაკი ზოიძე თავმჯდომარე