„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი
ნომერი
#07-3/207/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-12
ბიუროს ნომერი 186

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 4411 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები: “4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 და მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლოსაწვრთნელი მიზნით, შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობა, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტი და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესი თანხმდება სააგენტოსთან აღიარებული ორგანიზაციის მხრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს ყველა გემი, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლება გემს ენიჭება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 2017 წლის 28 იანვარს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირდა გემი “CADET” (IMO 7634202, ტიპი: სასწავლო გემი). აღნიშნული გემი, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემს, რომელიც სსიპ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ უსასყიდლოდ გადაეცა. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო პრაქტიკას უშუალოდ აღნიშნულ გემზე გადიან. შესაბამისად, სემესტრში 40-50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა არის შესაძლებელი. გემი „კადეტი“ აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ყველა საჭირო სანაოსნო სისტემითა და ტექნიკური საშუალებით. საზღვაო აკადემიაში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საზღვაო პრაქტიკას გემზე. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კურსს, რომელიც თითოეულ სტუდენტს გავლილი უნდა ჰქონდეს. საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად, შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისთვის. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული მცურავი საშუალებების ნაოსნობის არეალი მოიცავს 12 საზღვაო მილს. აღნიშნული გულისხმობს, რომ 12 მილიანი ზონის გარეთ გემს ნაოსნობის უფლება აქვთ შეზღუდული. ვინაიდან, გემი „CADET“ დარეგისტრირებულია შიდა ნაოსნობის გემების წიგნში, მას არ აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა. აგრეთვე, ამ ტიპის გემის მიმართ, საერთაშორისო ნაოსნობის შეზღუდვა განპირობებულია მისი ერთკორპუსიანობის გამო. აქვე აღსანიშნია, რომ მასზე არ უნდა ჩატარდეს სატვირთო ოპერაციები. ვინაიდან, ისინი გამოიყენება სასწავლო მიზნით და მსგავსი ტიპის გემებზე სატვირთო ოპერაციები იქნება სიმულირებული. შესაბამისად, ვალდებულება, რაც საკლასიფიკაციო საზოგადოების მიერ არის მოთხოვნილი, ამ ტიპის და დანიშნულების მქონე გემების მიმართ მასზე არ უნდა გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლებელია ასეთ გემებზე დაიშვას გამონაკლისი და მიეცეს უფლება, მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ცვლილების განხორციელების შემდეგ, ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოს საზღვაო კოდექსის დებულებებით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან გამონაკლისის დაწესება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი გემის მიმათ, რათა უზრუნველყოფილი იქნას მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი გემების საერთაშორისო ნაოსნობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შეეხება კოდექსის 4411 მუხლს, რომელსაც ემატება მე-4 და მე-5 ნაწილები, რომელიც განსაზღვრავს რომ საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 500 და მეტი საერთო ტევადობის გემს, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით, შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა. ასეთი გემის ტექნიკური ზედამხედველობის პირობა, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტი და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესი თანხმდება საააგენტოსთან აღიარებული ორგანიზაციის მხრიდან. საზღვაო კოდექსში აღნიშნული ჩანაწერი საშუალებას მისცემს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გემს, რომელიც დარეგისტრირდება საქართველოს სახელმწიფო გემების რეესტრში და გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნებისთვის, განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. სსიპ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ საერთაშორისო მოწმობის აღების საფასურს და ტექნიკური ზედამხედველობის პირობებთან და სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებულ ხარჯებს გადაიხდის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ არანაირი ხარჯის გაღება არ მოუწვეს აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, სსიპ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“, სასწავლო- საწვრთნელი გემის საერთაშორისო მოწმობის ასაღებად იმ მიზნით, რომ აღნიშნული გემი გავიდეს საერთაშორისო ნაოსნობაში, ვალდებული იქნება გადაიხადოს შესაბამისი საფასური, რომელიც დგინდება აღიარებული ორგანიზაციის მიერ. საფასურს აკადემია გადაიხდის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. სასწავლო-საწვრთნელი გემის გარდა ამისა, აკადემიის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის პირობებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა აკადემიის მხრიდან დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რასაც ასევე აკადემია გადაიხდის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი გავლენას იქონიებს აღიარებულ ორგანიზაციაზეც, რომელიც წარმოადგენს კერძო კომპანიას. კერძოდ, აკადემია ამ კომპანიას გადაუხდის საერთაშორისო მოწმობის აღების საფასურს, რომელიც მიემართება კომპანიის ბიუჯეტში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საზღვაო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4411 1. საქართველოს ყველა გემი, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი. 2. აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა, უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა. 3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე.”.