საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 7-11 ივლისს, გერმანიაში, ქ. ბერლინში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
წერილი
N 13238
25/07/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით მიმდინარე წლის 7-11 ივლისის, გერმანიაში, ქ. ბერლინში ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ანგარიშს.
გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში.
დანართი 5 გვ.
პატივისცემით,
სოფიო ქაცარავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ანგარიში
მივლინებული: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
დელეგაცია
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
სოფიო ქაცარავა, დელეგაციის ხელმძღვანელი
გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
გიორგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარლამენტის წევრი
მერი გოგოლაძე, დელეგაციის მდივანი
თამარ ამირეჯიბი, სოფიო ქაცარავას თანაშემწე
თამთა კუპრაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი
მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის სესიაში
მიღება/რეზოლუციის პროექტის დამტკიცება „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“
მივლინების ადგილი: ქალაქი ბერლინი, გერმანია
მივლინების თარიღი: 2018 წლის 7-11 ივლისი
მონაწილეობის
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სხდომა ბერლინში გაიმართა, რომელსაც
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ამავდროულად დელეგაციის
ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ეუთო-ს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი, პარლამენტის წევრი ზურაბ
ჭიაბერაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილების უფროსი, დელეგაციის
მდივანი მერი გოგოლაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშეწმე
თამარ ამირეჯიბი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი თამთა
კუპრაძე ესწრებოდნენ.
დელეგაციის მთავარ ამოცანას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 27-ე ყოველწლიური სესიაზე,
სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის: „10 წელი აგვისტოს ომის
შემდეგ“ დამტკიცება წარმოადგენდა.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავამ რეზოლუციის პროექტი „10 წელი
აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსახილველი საკითხებიდან მისი
ამოღება მოითხოვა, რასაც კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა მოჰყვა. ასამბლეის დელეგაციათა
ხმათა უმრავლესობით (29 მომხრე, 2 წინააღმდეგი), საქართველოს მიერ მომზადებული
რეზოლუციის პროექტი სესიის დღის წესრიგში დარჩა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველად წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი
სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს ახალ ინიციატივას „ნაბიჯი
უკეთესი მომავლისაკებ“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სამშვიდობო
პოლიტიკის უალტერნატივობას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ რუსეთის ფედერაციის
დელეგაციის მოთხოვნის პასუხად.
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული
რეზოლუციის პროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ
დარღვევებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში
დაბრუნების საჭიროებას და ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარულის მკვლელობის
გამოძიებასა და საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას მოიცავს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტი
დელეგაციის მუშაობის მთავარ მიზანს პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის
სხდომაზე სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის- „10 წელი აგვისტოს
ომის შემდეგ“ დამტკიცება წარმოადგენდა. დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა
უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული და ასამბლეის პლენარული სესიის
დღის წესრიგში გათვალისწინებული.
„ევროპაში განვითარებულ კონფლიქტებს ბევრი საერთო აქვთ, მითუმეტეს როცა ეს რუსეთის
ფედერაციის მეზობლობას და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას შეეხება. საქართველოსთან
მიმართებაში რუსეთის განგრძობითი აგრესიის ფონზე, საფრთხის წინაშე დგას არა მარტო
საქართველო და რუსეთის სამეზობლო, არამედ, მთელი ევროპის სტრატეგიული ხედვა და
მშვიდობა. ჩვენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს ვპასუხობთ ახალი ინიციატივით - „ნაბიჯი
უკეთესი მომავლისკენ!“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ პირველი კომიტეტის სხდომაზე.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკეს და რეზოლუციის პროექტის მხარდამჭერი
განცხადებები გააკეთეს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს დელეგაციის წევრებმა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის
დელეგაციამ მისცა.
რეზოლუციის შინაარსი
მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის
მიხედვით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს
ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.
ასამბლეა ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის
მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი
საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ხელი შეუწყოს
სამართლის აღსრულებას.
რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო
მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ
საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა
სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი
უკეთესი მომავლისაკენ“, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო
ხაზით დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოებისკენ არის მიმართული.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების და გარემოს
დაცვის კომიტეტი
ეკონომიკურ საკითხთა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის
სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო
ქაცარავამ კომიტეტის ანგარიში და რეზოლუციის პროექტი წარადგინა. „ყველა ვთანხმდებით,
რომ პოლიტიკური სტაბილურობა შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოება
- ჯანსაღი გარემოსა და კეთილდღეობა - ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე. მივესალმები
ამ მრავალგანზომილებიან მიდგომას და შესაბამის პრაქტიკულ ქმედებებს, რაც არის ჩვენი
პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნების პარლამენტებსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში“, განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო თემაზე - ეუთოს ვალდებულებების
შესრულების ხელშეწყობისთვის საპარლამენტო როლის გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ
ქვეყნების პარლამენტების როლის გაძლიერება ხელშესახები შედეგის წინაპირობა იქნება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ
საკითხთა კომიტეტი
სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა აგრეთვე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და
ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და იძულებით
გადაადგილებულ პირთა შესახებ ისაუბრა.
„კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზა სამშვიდობო პოლიტიკაა, რასაც მთავრობის
ახალი ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ადასტურებს, რომელიც ოკუპირებულ
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის
გაუმჯობესების, ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. იგი წარმოადგენს
სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიულ ნაბიჯს და საჭიროებს საერთაშორისო პარტნიორობის
ურყევ მხარდაჭერას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
თავმჯდომარემ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით სისტემატური
დისკრიმინაციისა და ადამიანებზე ზღვარგადასული ძალადობის ფაქტები აღნიშნა.
„მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და
ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების დაშვების აუცილებლობის შესახებ“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნითი პლენარული სესია
ასამბლეის გამართულ დასკვნით პლენარულ სესიაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის
წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ბერლინის
დეკლარაცია, რომელშიც ასევე, ცვლილებების გარეშე, აისახა საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი: „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, რომელიც
ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მომხსენებელი
იყო, 10 ივლისს სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის ვიცეპრეზიდენტად და პოლიტიკურ
საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. "მოხარული
ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ჩვენი პარტნიორების ასეთ ნდობას ვიმსახურებ. ასამბლეის
პირველი კომიტეტი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რაც ჩვენი ქვეყნის
ინტერესებსა და გამოწვევებს წარმოადგენს და შესაბამისად მაქსიმალურად გამოვიყენებ ამ
ფორმატს საქართველოს საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციისა და პრაქტიკული
ნაბიჯებისთვის",- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ყოველწლიური სესიის დასასრულს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მ.შ. გიგი
წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხვა ღონისძიებები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, სოფიო ქაცარავას
ინიციატივით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR)-ის
დირექტორთან, ინგიბორგ გისლადოტირთან ერთად, ეუთოს რეგიონში საპარლამენტო
ზედამხედველობის შესახებ ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე ძირითადი მოხსენება დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო
ქაცარავამ წარმოადგინა, რომელმაც საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის
გაძლიერების პროცესზე და რეგლამენტის ცვლილებებზე ისაუბრა. მომხსენებელმა
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით, საკანონმდებლო
ორგანოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე
ისაუბრა.
„პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას
გულისხმობს, რაც ერთ-ერთ მთავარ საპარლამენტო პრიორიტეტს და დემოკრატიული
განვითარების მაგალითს წარმოადგენს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი
წერეთელმა და ODIHR-ის დირექტორმა ინგიბორგ გისლადოტირმა გამოთქვეს. ღონისძიების
დისკუსიაში ასევე მონაწილოება მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, დიდი
ბრიტანეთის, სლოვაკეთის, მალტის და პოლონეთის დელეგაციის წევრებმა.
საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ასევე „აბრეშუმის გზის“ მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრა
გაიმართა, რომელსაც დაესწრო დელეგაციის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილე, გიორგი ვოლსკი. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აბრეშუმის გზის პროექტის
მხარდაჭერისთვის, ერთი წლის წინ, საინტერესო ფორმატი შეიქმნა. აზერბაიჯანის დელეგაციის
ინიციატივით შექმნილი ჯგუფის საქმიანობით ასამბლეის ბევრი დელეგაციაა
დაინტერესებული. შეხვედრაზე ჯგუფის სამომავლო საქმიანობის განხილვისას, ქართულმა
დელეგაციამ ჯგუფის ხელმძღვანელობას, 2020 წლისთვის საქართველოში სხდომის გამართვა
შესთავაზა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პირველი და
მესამე კომიტეტის სხდომებში, რომლებიც შესაბამისი რეზოლუციის პროექტების განხილვას
დაეთმო.
ასამბლეის შემდეგი ღონისძიება ქ. ბიშკეკში, ყირგიზეთში, 4-6 ოქტომბერს გაიმართება.
თამარ ამირეჯიბი
25 ივლისი, 2018 წ.