„საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#15805/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-20
ბიუროს ნომერი 198

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას, როგორც მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანოებში მათი ინტერესების შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციის და ამ ქვეყნების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით საქართველოს პარლამენტი გამოხატავს საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ნებას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის უზრუნველსაყოფად. 2. განისაზღვროს საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი კობახიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი) – ფრაქცია „ქართული ოცნება“; ბ) სოფიო ქაცარავა (დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე) - ფრაქცია „ქართული ოცნება“ გ) თამარ ხულორდავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“ დ) გიორგი მოსიძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“ ე) ისკო დასენი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ ვ) კახაბერ კუჭავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“ ზ) დავით მათიკაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ თ) გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ი) სალომე სამადაშვილი - ფრაცია „ნაციონალური მოძრაობა“ კ) გიორგი ლომია - ფრაცია „საქართველოს პატრიოტები“ 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისი, ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას შორის თანამშრომლობის ფარგლებში საპარლამენტო ასამბლეის დაარსებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მონაწილეობის მიღების გამომხატველი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა. ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი: დადგენილების პროექტის მიზანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, აგრეთვე, სამ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების განსავითარებლად, საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სამმხრივი ინტერესის სფეროში შემავალი საკითხების გადაწყვეტასა და ერთობლივი პროექტების განსახორციელებაზე. აგერთვე, დადგენილებით ხდება ხსენებულ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტით საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას, როგორც მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანოებში მათი ინტერესების შესაბამისად საქმიანობის კოორდინაციის და ამ ქვეყნების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ნებას მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნაში. აგრეთვე, დადგენილების პროექტი განსაზღვრავს ხსენებულ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის შემადგენლობას. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს; ბ.ე) დადგენილების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება დადგენილების მოქმედება: დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს; ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას არ ითვალისწინებს; გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; დადგენილების პროექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი აქტი არ არსებობს; დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო ქაცარავა ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო ქაცარავა
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წესდება საქართველოს პარლამენტი, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტი და უკრაინის ვერხოვნა რადა (შემდგომში „მხარეები“),  საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის პარტნიორობაზე დამყარებული ურთიერთობების გაუმჯობესების გაცხადებული ნებიდან გამომდინარე, ურთიერთპატივისცემის, უფლებრივი თანასწორობისა და საერთო ინტერესების სულისკვეთებით;  დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდირების და მოქალაქეებისა და მთელი საზოგადოების ინტერესების გამოხატვაში საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნდამენტური როლიდან გამომდინარე;  იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირები წარმოადგენს სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისა და განვრცობის ეფექტიან ინსტრუმენტს, თანხმდებიან საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩამოყალიბების თაობაზე. І. ასამბლეის მიზანი და წევრობა მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა (შემდგომში „ასამბლეა“), წარმოადგენს საპარლამენტთაშორისო სათათბირო ორგანოს, დაფუძნებულს სამმხრივი ინტერესის სფეროში შემავალი საკითხებისა და პროექტების განსახორციელებლად. მუხლი 2. 1. ასამბლეა შედგება სახელმწიფოთა საპარლამენტო დელეგაციებისგან, თითოეულ მხარეს წარმოადგენს 10 წევრი. 2. სახელმწიფოთა საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება შესაბამისი პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების ვადით შიდა პროცედურების შესაბამისად. სახელმწიფოთა საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის ცვლილება შესაძლებელია მხარეების შიდა პროცედურების შესაბამისად. 3. თითოეული მხარის საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს შესაბამისი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე (შემდგომში - „ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი“). თითოეული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინიშნება ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილედ. II. ასამბლეის სამუშაო ორგანოები მუხლი 3. 1. ასამბლეის სამუშაო ორგანო არის ბიურო. 2. ბიურო შედგება ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისაგან. იმ ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს ასამბლეის სესიის მომზადებას, ასრულებს ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობას, ხოლო სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების თავმჯდომარეები ასრულებენ ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეების მოვალეობას. 3. ასამბლეის ბიურო უზრუნველყოფს ასამბლეის ეფექტიან საქმიანობას პლენარულ სესიებს შორის პერიოდში და განსაზღვრავს ასამბლეის სესიების ადგილს, დროსა და სავარაუდო დღის წესრიგს. 4. ასამბლეის ბიუროს სხდომები ტარდება არანაკლებ წელიწადში ორჯერ. მუხლი 4. 1. ასამბლეის სამდივნო არის აღმასრულებელი და ტექნიკური ორგანო, რომლის ამოცანას წარმოადგენს ასამბლეის სესიებისა და ასამბლეის ბიუროს მუშაობის მხარდაჭერა, აგრეთვე სხვა ორგანოებისა, რომლებიც შეიძლება შეიქმნას ამ წესდების შესაბამისად. 2. სამდივნო უზრუნველყოფს მუდმივ კონტაქტს ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებს შორის, შეხვედრების ორგანიზებასა და ჩატარებას, ყველა დოკუმენტის პროექტის შედგენასა და მათ დროულად გავრცელებას. 3. სამდივნო შედგება სამი მდივნისაგან (თითოეული წარმოადგენს თითოეულ მხარეს) და დამხმარე თანამშრომლებისაგან. ІІI. ასამბლეის სესიები მუხლი 5. 1. სესია წარმოადგენს ასამბლეის საქმიანობის ძირითად ფორმას. 2. ასამბლეის მორიგი სესია ტარდება წელიწადში ერთხელ, თითოეულ ქვეყანაში როტაციის პრინციპით. ასამბლეის ბიურო სესიას იწვევს ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 30 დღით ადრე და აცნობებს ასამბლეის წევრებს სესიის ადგილს, დროსა და დღის წესრიგს. 3. რიგგარეშე სესია შეიძლება მოწვეულ იქნეს ასამბლეის ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე. 4. სესია უფლებამოსილია თუ მას ესწრება თითოეული ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრების ნახევარი მაინც. მუხლი 6. 1. ასამბლეის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვა ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ მიწვეულნი ასამბლეის სესიაზე (ან მის ნაწილზე) დასასწრებად. 2. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ გამოვიდნენ სიტყვით ასამბლეის სესიაზე. მუხლი 7. 1. ასამბლეის სესია ოქმდება და კეთდება სტენოგრამული ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს სხდომებზე საკითხების განხილვის პროცესის ერთადერთ ოფიციალურ დადასტურებას. 2. ოქმი დგება ქართულად, რუმინულად და უკრაინულად და მას ხელს აწერენ ასამბლეის ბიუროს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები. 3. ასამბლეის სესიის ოქმი შედგება შეხვედრის მოკლე აღწერისაგან. ოქმს შეიძლება დაერთოს მასზე განხილული დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები. 4. სტენოგრამა წარმოადგენს მთელი შეხვედრის რედაქტირებულ ჩანაწერს. სესიის თითოეულ მონაწილეს შეუძლია წარადგინოს რედაქტირებული კომენტარები საკუთარ გამოსვლასთან დაკავშირებით სტენოგრამის წარდგენიდან სამი დღის განმავლობაში. IV. ასამბლეის დოკუმენტები მუხლი 8. 1. ასამბლეას შეუძლია მიიღოს განცხადებები, მიმართვები, მემორანდუმები და რეზოლუციები. ასამბლეის ბიუროს, დელეგაციის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს სახელმწიფოთა საპარლამენტო დელეგაციების სახელით უფლება აქვთ წარადგინონ დოკუმენტების პროექტები ასამბლეაზე განსახილველად. V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები მუხლი 9. 1. ასამბლეის წესდება მიიღება ასამბლეის სესიაზე, თითოეული ქვეყნის დელეგაციის წევრების არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით და ის ძალაში შედის მისი მიღების დღეს. 2. წესდება შეიძლება გადაისინჯოს ასამბლეის სხდომაზე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციისა ან ასამბლეის ბიუროს ინიციატივით. 3. ცვლილებები მიიღება თითოეული ქვეყნის დელეგაციის წევრების არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით. მუხლი 10. ქართული, რუმინული და უკრაინული წარმოადგენს ასამბლეის ოფიციალურ ენებს. ასამბლეის სამუშაო ენა არის ინგლისური. ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების საერთო თანხმობით ასამბლეის მუშაობის პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ენები. მუხლი 11. 1. ასამბლეის გამართვის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების კვებისა და განთავსების ხარჯებს, ფარავს მასპინძელი პარლამენტი. 2. პარლამენტები ფარავენ საკუთარი წევრების ასამბლეის გამართვის ადგილზე გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მიღებულია ქ. თბილისში, 2018 წლის 5 ოქტომბერს. შედგენილია ტექსტის სამი ორიგინალი ქართულ, რუმინულ და უკრაინულ ენებზე, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოლდოვის რესპუბლიკის უკრაინის ვერხოვნა რადას პარლამენტის თავმჯდომარე თავმჯდომარე ანდრი პარუბი ანდრიან კანდუ ირაკლი კობახიძე