„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
04.10.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/258/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-08
ბიუროს ნომერი 205

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.018235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 65. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას.“; 2. 74-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას;“; 3. 75-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.“. მუხლი 2. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, გადაეცეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული პროგრამული კოდით - 34 01 03 03 (საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა) გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე კომპეტენტურ უწყებად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსაზღვრის აუცილებლობა. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაცია მოიცავს საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების შექმნას. ასეთი გარანტიებია: საერთაშორისო დაცვის მქონე პირების სოციალური დახმარებით ან/და ფულადი შემწეობით უზრუნველყოფა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა, ქართული ენის სწავლება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მომზადება-გადამზადება და დასაქმება და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მქონე პირების ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე, უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სფეროა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვა, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა გამოვლენა, აღკვეთა, გამოძიება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავისი ფუნქციების გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირების ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით შეუძლია იკისროს მხოლოდ მაკოორდინირებელი უწყების ფუნქცია. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და აღსრულება. ამასთან, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ სამინისტროს დღესაც ეკისრება საერთაშორისო დაცვის მქონე პირების ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით ისეთი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა საერთაშორისო დაცვის მქონე პირების სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით უზრუნველყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციების გათვალისწინებით, საერთაშორისო დაცვის მქონე პირების ადგილობრივი ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულების მიზნით, მიზანშეწონილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელოს ერთი მხრივ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამები, ხოლო მეორე მხრივ შეასრულოს მაკოორდინირებელი ფუნქცია ინტეგრაციის მიზნით განსახორციელებელ იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფუნქციებს (მაგალითად ქართული ენის სწავლების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობა). ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსაზღვრა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებად განისაზღვრება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება ან/და განხორციელება, ასევე აღნიშნული პირების პროგრამებში ჩართვისთვის ხელის შეწყობა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით ასევე იცვლება ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი და 75-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი. კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, გადაეცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაითვლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე. ამასთან, მე-2 მუხლით ასევე განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებული საკითხები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირების ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული პროგრამული კოდით - 34 01 03 03 (საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა) გათვალისწინებული არის 80 000 ლარი. აღნიშნულ კოდის განმკარგავი, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 ივლისის №1420 განკარგულების შესაბამისად, გახადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, პროგრამული კოდით - 34 01 03 03 (საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა) გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. რაც შეეხება 2019 წელს და შემდგომ საშუალო ვადიან პერიოდს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირების ადგილობრივი ინტეგრაციის მიზნით აუცილებელი იქნება დაახლოებით იმავე ოდენობის ფინანსური რესურსი, რომლის მიმართვას მოახდენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებების აღებას. მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 65. საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაცია სამინისტრო ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას. მუხლი 74. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს და იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; გ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან. მუხლი 75. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ა) თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით; ბ) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე უგზავნის მას ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესახებ; დ) ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე თანამშრომლობს სამინისტროსთან.