„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
08.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი
ინიციატორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#07-3/243/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება, თუ ის არ ხვდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიკრო ბიზნესის სტატუსი მქონე ფიზიკური პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობას დაევალოს ცვლილებების განახორციელება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ და ამოღებულ იქნეს დანართი N3-ის პირველი ნაწილი. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: უძრავი ქონების ბიზნეს-სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის. რაც მეტია მოთხოვნა მათ შორის ბინების გაქირავებაზე, მით მეტად იზრდება ფასებიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ უკანასკნელი წლების მანძილზე უამრავი შეზღუდვა და რეგულაცია დაუწესა არამხოლოდ მოცემულ სექტორს, არამედ იმ სექტორებსაც, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ უძრავი ქონების ბიზნესის განვითარებაზე. მაგალითად საბანკო რეგულაციები, სადაც ერთ-ერთი მაგალითია იპოთეკურ სესხებზე შეზღუდვების დაწესება. ამ ყველაფერმა არათუ უძრავ ქონებაზე ფასები გააძვირა, არამედ სულ უფრო მეტ ადამიანს უმცირდება არსებული და პოტენციური შემოსავლის წყარო. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყანაში არსებული მაღალი ფასების დაწევა უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით არსებულ საქმიანობაზე. უფრო და უფრო მეტი ადამიან ერთვება ბინების დღიურად და მეტი ხნით გაქირავების ბიზნესში, რაც ხელს უწყობს არამხოლოდ სიმდიდრის ზრდას, ფასების შემცირებას და ტურისტების მოზიდვას, არამედ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, რადგან უძრავ ქონებაში ჩადებული ფული ინვესტიციას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დამატებითი სტიმული მიეცეს მოცემულ სექტორში დაკავებულ ათიათასობით ადამიანს რომ უკეთესად აკეთონ თავისი საქმე და მათი რესურს მოახმარონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ძირითადი არსია შევიდეს ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში და საქართველოს მთავრობას დაევალოს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ ცვლილების შეტანა. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ტექნიკური შესწორება შევიდეს 81-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც ეხება უძრავი ქონების გაქირავებას საცხოვრებელი სახლის მიზნით. მოცემულ პუნქტს ემატება დამატებითი კონკრეტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას, პირი იხდის 5%-ს თუ იგი არ ხვდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში. შესაბამისად, საქართველოს მთავრობას დაევალოს საქართველოს მთავრობის დადგენილებაში სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ შეიტანოს შემდეგი ცვლილება: დანართი N3-ის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსი გავრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან (გაქირავებიდან) შემოსავლების სახით თუ მიიღებენ წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს, ისინი არ დაიბეგრებიან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე თუ მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის ახალი კანონპროექტი მიხედვით, გაქირავებისას გადახდილი გადასახადები წავა სახელმწიფო ბიუჯეტში და არა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში. შესაბამისად, კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილზე. კერძოდ, თუ ჩავხედავთ კონსოლიდირებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებას, ვნახავთ, რომ გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარის შედეგად მიღებული შემოსავლები (შემოს. კლას. კოდი 1111111) 2017 წელს 32.6 მლნ ლარი იყო, რომლის სრული თანხა მიდის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში, თუმცა 2019 წლიდან მოცემული კოდის მქონე შემოსავლები წავა სახელმწიფო ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ მოცემული ცვლილება და ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა 30 000 ლარზე ნაკლებია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული რიცხვი ყველაზე კონსერვატიული გათვლით ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მაქსიმალური თანხა, რაც სახელმწიფო შემოსავლებს მოაკლდება 2019 წელს, ეს იქნება 39.5 მლნ ლარი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, პირდაპირ დადებით გავლენას მოახდენს იმ ათიათასობით ადამიანზე, რომელიც შემოსავალს იღებს ბინების გაქირავებით და მათი ერთობლივი შემოსავალი იქნება 30 000 ლარამდე და მოხვდებიან მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეთა რიგებში. კანონპროექტი ასევე დადებით გავლენას იქონიებს იმ მილიონობით ტურისტზე, რომლებიც მომხმარებლები არიან მოცემული სერვისის, რადგან გაუიაფდებათ როგორც დარჩენა, ასევე გაიზრდება მიწოდებული სერვისის ხარისხი. ეს კი დამატებით თანხებს ნიშნავს გაზრდილი ტურისტული ნაკადებიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით ხდება სპეციალურ დაბეგვრის რეჟიმში იმ პირთა მოხვედრა, რომლებიც შემოსავალს იღებენ უძრავი ქონების იჯარით გაცემით (გაქირავებით) და მათი შემოსავალი არის 30 000 ლარზე ნაკლები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და “ევროპული საქართველო - რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი 1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. 3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.