საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის ექვსი თვის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#18984/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-11-12
ბიუროს ნომერი 211

📜 ტექსტი

დასკვნა
N 18984 09/11/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის ექვსი თვის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეული საქმიანობის ანგარიშის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის და აგრარულ საკითხთა კომიტეტებმა, 2018 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისაგან მოისმინეს სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ექვსი თვის შესრულების თაობაზე. წარმოდგენილი ანგარიშის განხილვისას გამოიკვეთა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის სამოქმედო გეგმის ექვსი თვის შესრულება სოფლის მეურნეობის მიმართულებით გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გატარებულ ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის დარგში ექსტენცია და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ფერმერებისა და სოფლად დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების ამაღლებას, რათა გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა. დამტკიცდა ექსტენციის სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულების გაძლიერებისთვის, განსაზღვრავს კონკრეტულ ხედვებს და აქტივობებს, ასევე სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლს; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დაფინანსებულია 13 პროექტი; გადამამუშავებელი და შემნახველი ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროდაზღვევის პროექტების, მეურნეობის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის დაფინანსება; სოფლის სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“-ს დაფინანსება, რომლითაც ხორციელდება საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით და ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების წარმოების მხარდაჭერა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. ევროკავშირის კანონმდებლობა ითხოვს, რომ სურსათის ჰიგიენის მოთხოვნების რეალიზება საწარმოში ხდებოდეს ე.წ. "ჰასპის" (HACCP) საშუალებით, რაც საწარმოში სურსათის უვნებლობის ყველა საფრთხის წინასწარ გამოვლენას, აღმოფხვრას ან ამ საფრთხეების პრევენციის პროცედურების სისტემის ჩამოყალიბებას და სისტემატიურად განხორციელებას ნიშნავს, დღესდღეობით საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა რძის პროდუქტების გარდა სავალდებულოა სასაკლაოებისთვის, გადამუშავებული თხილის გულის დამზადებისთვის; საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, რომელშიც 32-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ქვეყნებში გამართულ სავაჭრო მისიებში, გამოფენებსა და კონფერენციებში; ახალგაზრდა მეწარმეების განვითარების პროგრამის განხორციელება, რომელიც სიახლეს წარმოადგენს და ხორციელდება დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში. პროექტის ფარგლებში გაფორმებულია 79 ხელშეკრულება. მომხსენებელმა სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება ამ მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას დაეთმო. საანგარიშო პერიოდში დაახლოება განხორციელდა ორ სამართლებრივ აქტთან, ესენია: მცენარეთა დაცვის სფეროში დაახლოება განხორციელდა ევროკომისიის 1998 წლის 15 აპრილის 98/22/EC დირექტივასთან და მიღებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის N556 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა კონტროლისათვის განსაზღვრულ სხვა ადგილზე მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურებისა და პირობების დადგენის შესახებ დამტკიცების თაობაზე“. რომლითაც დადგინდა რომ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის გარდა მცენარეების, მცენარეული პროდუქტების და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების იდენტურობის შემოწმების და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს დანიშნულების საბაჟო კონტროლის ზონაში, ან საბაჟო საწყობში; სურსათის უვნებლობის სფეროში შესრულებულია ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2004 წლის 27 ოქტომბრის No1935/2004/EC რეგულაცია და შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317 დადგენილება „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს სურსათთან უშუალოდ ან არაპირდაპირი შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მათი წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისათვის ასევე შემუშავებულია და უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს მთავრობის შვიდი დადგენილების პროექტის დამტკიცება, რომლებიც ეხება ვეტერინარიას, მცენარეთა დაცვასა და სურსათის უვნებლობას. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით გრძელდება დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვა და მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით სურსათის უვნებლობის მიმართულებით დაინერგა კვლევის ცხრა მეთოდი, მცენარეთა დაცვის მიმართულებით დაინერგა ცხრა ახალი მეთოდი და ვეტერინარიის მიმართულებით ხუთი ახალი მეთოდი. სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში კომიტეტის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგში ექსტენციის დანერგვის შედეგებზე, სურსათში ტყვიის შემცველობის დადგენასა და გამოკვლევაზე, რომელიც საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს, სურსათის სახელმწიფო ლაბორატორიების განვითარებაზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით სოფლის მეურნეობის დარგში ექსტენციის დანერგვის შედეგად გაიზარდა ერთწლოვანი კულტურების წარმოების მაჩვენებელი. სამინისტროს ფარგლებში შემავალი ლაბორატორიები და სამსახურები ინტენსიურად ახდენენ ატმოსფერულ ჰაერსა და საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობაზე კვლევას, პირველადი მონაცემებით ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმაზე დაბალი იყო. გარკვეულ საკვებ პროდუქტებში აღმოჩნდა ტყვიის შემცველი ხელოვნური საღებავები და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია შესაბამისი ზომები. სურსათის სახელმწიფო ლაბორატორიების განვითარება კვალდაკვალ მიჰყვება იმ ვალდებულებების შესრულებას, რასაც ევროკავშირის დირექტივები ითვალისწინებს და აუცილებელია შესაბამისი კონტროლისათვის. ლაბორატორიების წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირი ENPARD-ის პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელების მესამე ფაზა მომავალი წლიდან დაიწყება. კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება, რომ სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰასპის მიდგომები რძის პროდუქტების წარმოების, სასაკლაოების და გადამუშავებული თხილის გულის დამზადების გარდა სხვა სახის საწარმოებზეც გავრცელდეს. კომიტეტი დადებითად აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2018 წლის ექვს თვეში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაწეულ საქმიანობას. აღინიშნა, რომ სამინისტროს მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეფორმები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვას და შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს დამკვიდრებას. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს ერთობლივი კოორდინირებული თანამშრომლობით, აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანად უნდა წარიმართოს. პატივისცემით, თამარ ხულორდავა თავმჯდომარე