„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“

რეზოლუციის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
26.11.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სერგი კაპანაძე, გიორგი კანდელაკი
ნომერი
#07-3/248/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-03
ბიუროს ნომერი 216

📜 ტექსტი

განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ ა.ა) მიღების მიზეზი: პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ მორიგი აგრესიული ნაბიჯი გადადგა უკრაინასთან მიმართებაში, დაესხა თავს უკრაინულ ხომალდებს, რომლებიც სცდილობდნენ ქერჩის სრუტეში გადაადგილებას. რუსეთის ფედერაციამ დაკეტა ქერჩის სრუტე და შეზღუდა იქ გადაადგილების თავისუფლება,ცეცხლი გახსნა უკრაინული ხომალდების მისამართით, რასაც მოჰყვა უკრაინ ის ხომალდების დაზიანება, უკრაინელი სამხედროების დაშავება და ტყვედ აყვანა. ა.ბ) პროექტის მიზანი: საქართველო, როგორც დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი ნაწილი, ყველა ხერხს მიმართავს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეების შესაჩერებლად. მათ შორის აღნიშნული შინაარსის რეზოლუციის მიღების მიზანს წარმოადგენს არსებული ვითარების ყველა დონეზე მკაცრად დაფიქსირება. ა .გ) პროექტის ძირითადი არსი: პროექტის არსს წარმოადგენს, რომ საქართველოს პარლამენტმა (როგორც საგარეო კურსის განმსაზღვრელმა) დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციასთან და ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) პროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი. ვ) პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი.
რეზოლუციის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე ვინაიდან 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ მორიგი აგრესიული ნაბიჯი გადადგა უკრაინასთან მიმართებაში, დაესხა რა თავს უკრაინულ ხომალდებს, რომლებიც სცდილობდნენ ქერჩის სრუტეში გადაადგილებას; ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ დაკეტა ქერჩის სრუტე და შეზღუდა იქ გადაადგილების თავისუფლება; ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ ცეცხლი გახსნა უკრაინული ხომალდების მისამართით, რასაც მოჰყვა უკრაინის ხომალდების დაზიანება, უკრაინელი სამხედროების დაშავება და ტყვედ აყვანა; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქერჩის სრუტის უკანონო მილიტარიზაციას; ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის ხიდის აშენება ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს და განხორციელდა უკრაინის თანხმობის გარეშე მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევით; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მინსკის ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების უხეშად დარღვევას; ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის განუყოფელი რეგიონის, ყირიმის უკანონო ანექსიას, უკრაინის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენებას დონბასში და ლუგანსკის და დონეცკის რაიონების ნაწილის მილიტარიზაციას, იქ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას. საქართველოს პარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; გმობს რუსეთის ფედერაციის მორიგ აგრესიულ ქმედებებს ქერჩის სრუტეში; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში აყვანილი უკრაინელი სამხედროები; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას აღადგინოს თავისუფალი გადაადილება ქერჩის სრუტეში და მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია და შეწყვიტოს დონბასში სამხედრო მოქმედებები; მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკრაინის მთავრობასთან ერთად, გასწიოს აუცილებელი დიპლომატიური სამუშაო რათა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომავალში შემოღებული სანქციების მიზეზებსა და მოთხოვნებში მოხვდეს საქართველოს დეოკუპაციის, დევნილთა დაბრუნების და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხი; მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას განუხრელად განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში.